შაბათი, ივლისი 19, 2025

რომან კაკულია – „მეგობარი აქტით“ გვედავებიან, რომ დემოკრატიის ხარისხი კრიტიკას იმსახურებს, რა თქმა უნდა, იმსახურებს კრიტიკას, თუმცა არა ისეთს, როგორც არის და ჩვენც გვაქვს ინტერესი, ეს გაუმჯობესდეს

„მეგობარი აქტის“ შეფასებაში ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ერთადერთ რამეზე, შეძლებს თუ არა ჩვენი საზოგადოება, შინაგანად გამოიმუშაოს თვისება, რომ რამე დოკუმენტის, თუ პოზიციის ოფიციალური წარმოჩენა როდესაც ხდება ჩვენ წინაშე, მარტო რაც ითქმება, იმის მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები, თუ დავფიქრდეთ ხოლმე, ამის უკან რამე სხვა მოტივაცია ხომ არ დგას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მოდით, ერთი სათაურის ქვეშ მოვაქციოთ ის, რაზეც ისინი გვედავებიან ამ დოკუმენტით და დავარქვათ მას დემოკრატიის ხარისხი, არჩევნების თემა და გნებავთ ის ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული არიან აქ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ამას დავარქვათ დემოკრატიის ხარისხი და ისინი დაობენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კრიტიკას იმსახურებს. კი ბატონო, დემოკრატიის ხარისხზე ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ, ალბათ, მისი სრულყოფაც შეიძლება და რა თქმა უნდა, ის იმსახურებს კრიტიკას, თუმცა არა ისეთს, როგორც არის. მაგალითად, 50-ივე პოლიტპატიმარი როგორ არის ახლა? შეიძლება, არც სამართალწარმოების უმაღლესი სტანდარტით არის ყველა საქმე გაკეთებული, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ, შეტევები პოლიციელებზე, ეს არ არსებობდა? აქაც გაზვიადებულია ეს, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი შეკითხვა? მთავარი შეკითხვაა, ეს მთავარი მიზეზი, თუ საბაბია, რათა შემდეგ დავუშვათ, მიღწეული იქნას მთავარი შედეგი და მთავარი შედეგი რა არის? თუ პროქსი ომი უკრაინის და რუსეთის შემთხვევაში არსებული რეალობა იყო, როგორც თავად ტრამპი ამბობს, ხომ არ არსებობს იმის სურვილი, რომ საქართველოში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეიძლება, დღეს არ იყოს საჭირო მეორე პროქსი ომის წარმოება, კი ბატონო, მაგრამ იდეაში, ესენი რომ გვანან ისეთ ხელისუფლებას, რომელიც პროქსი ომის თემაში გამოგყვება და შენი ინტერესების ბოლომდე გამტარებელი იქნება, ეს ეჭვი რომ არსებობდეს, ამის უფლება ხომ გვაქვს?“, – განაცხადა კაკულიამ.

„მინდა, მათ ერთ-ერთი მთავარი მოწოდება შევახსენო ლიბერალიზმზე, რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის არ უნდა გვქონდეს, რომ ამაზე ააშენეს დასავლეთი და ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს; რომ დემოკრატიის ხარისხის კრიტიკა, რომელიც არის თითქოს მთავარი განხილვის საგანი ჩვენთან მიმართებაში, ჩვენც გვაქვს ინტერესი, რომ დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს, სიამოვნებით შევიდოდით კონკურენციაში, დავუშვათ, შეიქმნებოდა ახალი ძალა და უნდა შეიქმნას კიდეც, რომელიც კონკურენციაში შევა „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ამ კონკრეტულ ძალას უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად რეალისტური წარმოდგენა იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ნიშნავს, რომ არ გვინდოდეს, პროქსი ომში ჩათრეული ქვეყანა ვიყოთ და ეჭვი მაინც გვქონდეს, ვინმეს ხომ არ აქვს ეს ინტერესი. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან და რაღაც საოცრებას წარმოადგენენ? უბრალოდ, მათი ინტერესი ასეთი შეიძლება, იყოს“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, როდესაც ჩვენ ვიწყებთ საუბარს, რომ მაგალითად, ურთიერთობის გადატვირთვა გვინდა ამერიკასთან, ვთქვათ, მიიღეს ეს აქტი, ან არ მიეღოთ, მთავარი ის არის, ამერიკას რა პოლიტიკა შეიძლებოდა, ჰქონოდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

„ეს გამოვიდოდა იმ სისტემიდან, რომ თუ შეკავების პოლიტიკა შევიდა ძალაში და ის შევიდა ძალაში, მაშინ რუსეთის მთავარი მიზანი ხდება, გახდეს დომინანტი ამ რეგიონში, ამერიკის მთავარი მიზანი კი ხდება, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეს მას იმის საშუალება, ის გახდეს დომინანტი ამ შემთხვევაში“, – განაცხადა კაკულიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ხელისუფლების განცხადებებს, რომ აქვთ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მან ბოლომდე ვერ გაიგო, რას ნიშნავს გადატვირთვის პოლიტიკა.

„გადატვირთვის პოლიტიკა თუ ნიშნავს ურთიერთობას აშშ-თან, ამას არსად არ მიაქვს ის მთავარი შეკითხვა, კარგი ურთიერთობა რას ნიშნავს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის ამბიციას, იყოს დომინანტი ამ რეგიონში და ჩვენ აღმოგვიჩენენ სათანადო მხარდაჭერას, რათა რუსეთის სივრციდან მოვწყდეთ და დასავლეთის ჩვენს მისწრაფებას ვუპასუხოთ? ამას ნიშნავს გადატვირთვა და კარგი ურთიერთობა? და უკრაინის მაგალითი? ჩვენ ასე რომ გვეფიქრა, ის პროქსი ომი ტყუილად არ გავიხსენე, ამის საფუძველს არ გვაძლევდა, ხომ? ამიტომ, ჩემთვის ისედაც გაუგებარია, რას ნიშნავს გადატვირთული ურთიერთობა ამერიკასთან. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს მაინც აღდგენა დასავლეთთან ურთიერთობის. ამას წინათ, ბატონი დავითაშვილი იყო შტატებში და რომ ჩამოვიდა, მის კომენტარში ერთი საინტერესო მომენტი მომხვდა ყურში და დავიმახსოვრე. სწორი თქვა მან, როდესაც განაცხადა, ამერიკა დღეს თავისი საგარეო პოლიტიკის ფორმირების დროს ეკონომიკურ თემას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებსო. ეს იყო ჩვენი ნიშა, მაგრამ ამ ნიშასთან შენ ვერ მიხვალ, თუ ის ძირითადი გეოპოლიტიკური თემა არ გადაწყდა, ანუ შეკავების პოლიტიკაში ამერიკა რა პოლიტიკას ირჩევს რუსეთთან მიმართებაში და რა როლს მოგანიჭებს შენ, მთავარი გადასაწყვეტი ეს არის“, – განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, კაკულიამ აღნიშნა, რომ რუსეთი გაძლიერდა და მას არსად არ გაუქრება პრეტენზია, იყოს დომინანტი ჩვენ რეგიონში და ამერიკა თუ მას ამის უფლებას მისცემს, ეს ჩვენთვის პრინციპში, არ არის მისაღები თემა, რადგან რუსეთს დღეს შეიძლება, ჩვენთვის არ სცალია, მაგრამ ხვალ და ზეგ მისი ამბიციები სადამდე მივა, ეს გასაგებია.

„ისე გვიხსნიან ამას, თითქოს ვინმემ არ იცოდეს ეს, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, ამის დამაბალანსებელი ძალა დასავლეთიდან რომ ვერ ვიპოვეთ, ამან გვაიძულა, შეგვემუშავებინა ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეიძლება, მათთვის გასაგები და მისაღებიც არ იყო. რა თქმა უნდა, როდესაც ის დასავლეთის კრიტიკაზე იყო დაყრდნობილი, იმის გამო, რომ ისინი სათანადოდ ვერ დაგვეხმარებოდნენ, ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა და ამიტომ თუ დაარქმევ ახლა ამ პოზიციას პრორუსულს, კი ბატონო, ეს შედის რუსეთის ინტერესებში, რადგან ის მიმართულია დასავლეთის კრიტიკისკენ“, – განაცხადა კაკულიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბაჩიაშვილის ცემის ფაქტი, ისევე როგორც სხვა ცემის ფაქტები მეტყველებს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არ გვაქვს – ვიქტორ ყიფიანი

" ცემის ფაქტი, ისევე როგორც სხვა ცემის ფაქტები, რომელიც მომრავლდა ჩვენს რეალობაში მეტყველებს ერთ რამეზე, რომ დღეს ქართლი სახელმწიფო არ გვაქვს," - ამის შესახებ GEOCASE-ის დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.მან თანადგომა გამოუცხადა გიორგი ბაჩიაშვილს და აღნიშნა, რომ ის არის მაღალი კომპეტენციის, ეთიკური ნორმების მქონე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სანიმუშო სტანდარტით ერთგულებისა და ლოიალურობისა საქმისადმი და საქმიანი ინტერესებისა და პრინციპებისადმი."ცემის ფაქტი, რომელიც მომრავლდა ჩვენს რეალობაში მეტყველებს ერთ რამეზე - დღეს ქართლი სახელმწიფო ჩვენ არ გვაქვს. ქართულმა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა ეროვნულ სახელმწიფოებრიობის კლასიკური გაგების თვალსაზრისით.მე გიორგისთან ერთად ვმუშაობდი ერთ ცნობილ საქმეზე. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში, რაზეც ბატონი ივანიშვილი ბატონ ბაჩიაშვილს ედავება, მაგრამ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გიორგი ბაჩიაშვილთან მაკავშირებს, ის არის მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანი, მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სანიმუშო სტანდარტით ერთგულებისა და ლოიალურობისა საქმისადმი და საქმიანი ინტერესებისა და პრინციპებისადმი, ამიტომ თანადგომა გიორგის და მაქსიმალური სოლიდარობა მას ადამიანური პროფესიული და მოქალაქეობრივი", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.მან ასევე "ქართული ოცნების" პოლიტიკა შეაფასა და ის პროცესები, რაც დღევანდელ რეალობაში მიმდინარეობს."რამდენიმე განცხადება მოვისმინე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, რომ ვიღაცამ ქვეყანა უბედურებას ააცდინა და საუბარია მითურ „მეორე ფრონტზე და "გლობალური ომის პარტიაზე". ჩემი აზრით, ამ სისტემამ გაცილებით მეტ უბედურებაში გაახვია და არა ააცდინა - ეს არის ქართული სახელმწიფოს მოსპობა და მისი თანმიმდევრული განადგურება. მთავარი იმპერატივი, რაც ქართველ ერს სჭირდება, არა მარტო საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, არამედ განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის.პროცესები, რომელიც "ოცნების" წიაღში მიმდინარეობს, სხვა გაგრძელებას ვერ პოვებდა, რადგან ისეთ პრინციპებზეა დაფუძნებული, რომელსაც არაფერი სწორ მართვასთან, სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, ეროვნულ დღის წესრიგთან არა აქვს, ამიტომ ის, რომ დღეს შიდა გარჩევებს აქვს ადგილი, ბუნებრივია", - განაცხადა ყიფიანმა.

მძიმე ავარია კახეთის გზატკეცილზე – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა.ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი შარაშიძე – ჩვენსა და „ძლიერ საქართველოს“ შორის თანამშრომლობა იმიტომ არ შემდგარა, რომ გახარია გავხადოთ მერობის კანდიდატი, დღეს ჩვენ არ ვართ მზად, კონკრეტულ კანდიდატებზე...

დღეს ჩვენ არ ვართ მზად, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე ვისაუბროთ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურიც არის, რადგან ამ მემორანდუმის გაფორმებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული და ჩვენ ახლა ვართ ნეიტრალური კანდიდატების შერჩევის აქტიურ პროცესში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.გადაცემის წამყვანმა შარაშიძეს ჰკითხა: ვინ შეიძლება იყოს თბილისის მერობის მათი კანდიდატი და რა კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს ის.როგორც შარაშიძემ აღნიშნა, მათი მოდელი ნიშნავს ორი ტიპის კანდიდატის არსებობას.„პირველი, ეს არის პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი, ვისაც ექნება ჩვენი, ორივე პოლიტიკური ძალის სრული მხარდაჭერა. ასევე ექნება საზოგადოების გაცილებით ფართო ფენების მხარდაჭერა, როგორც ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც, რეალურად, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან, მაგრამ არ მიჰყვებიან მათ გეგმას, რომ ბოიკოტი არის მთავარი, ყველაზე ეფექტური გზა დღეს „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში, აპირებენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საარჩევნო ყუთთან“, – განაცხადა შარაშიძემ.მისივე თქმით, მეორე ვარიანტია, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში, შეიძლება, შეეხოს როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.„ჩვენ, შეიძლება, შევთანხმდეთ ჩვენს პარტიულ კანდიდატებზეც, მაგრამ აქ მთავარი პირობა გახლავთ ის, რომ, ბუნებრივია, ყველანაირი კონკურენცია ჩვენსა და „კოალიცია – ძლიერ საქართველოს“ შორის გამორიცხულია. ეს ლოგიკა არის შემდეგი, რომ დღეს, არსებული უთანასწორო ბრძოლის პირობებში, ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ერთმანეთთან კონკურენციაში კი არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი რესურსები, არამედ ჩვენი რესურსები უნდა გავაერთიანოთ საერთო მიზნისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა შარაშიძემ.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გახარია ან თუნდაც, ხაზარაძე-ჯაფარიძე, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ მათი კანდიდატურები არ განიხილება.„ეს თანამშრომლობა ჩვენ შორის, ჩვენსა და „კოალიცია ძლიერ საქართველოს“ შორის იმიტომ არ შემდგარა, რომ ჩვენ ახლა გიორგი გახარია გავხადოთ თბილისის მერობის კანდიდატი. მას თბილისის მერობა რომ სდომოდა, პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან ხომ არ წამოვიდოდა?“ – განაცხადა შარაშიძემ.შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მათთვის მთავარი არის „ოცნების“ ელექტორატზე მუშაობა.„ჩვენ ვთვლით, რომ დღეს „ოცნებას“, არ ვგულისხმობ გაყალბებულ ციფრებს და ა.შ., მაგრამ, რეალურად და ობიექტურად, ჰყავს გაცილებით მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ის სინამდვილეში იმსახურებს. მაგრამ ამას „ოცნება” ახერხებს, ძირითადად, ორი გზით. პირველი, ეს არის ამ ამომრჩევლის მუდმივი მოტყუება, ანუ, მუდმივად დეზინფორმაციის პირობებში მათზე საინფორმაციო ზეწოლა და ჰიბრიდული ომის წარმოება, ომით და სხვა ბევრი ფაქტორით მათი დაშინება; და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, „ოცნება“, ფაქტობრივად, ყოველდღიურად შიშში აცხოვრებს ამ ამომრჩეველს“, – განაცხადა შარაშიძემ.ამასთან, შარაშიძემ აღნიშნა, რომ რევოლუცია, არეულობა და რადიკალიზმი არის პირდაპირი საჩუქარი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის და ეს არ უნდა დავუშვათ.„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხელისუფლება შევცვალოთ მშვიდობიანი გზებით. ამ არჩევნებში რომ შევდივართ, იმისთვის კი არ შევდივართ, რომ ჩვენ, მაგალითად, გათვლა გვაქვს, რომ 5 ოქტომბერს „ოცნება“ აღარ იქნება და ხელისუფლებას ვინმეს გადააბარებს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება. არ მოხდება, რადგან დღეს „ოცნება“ არის კონსოლიდირებული ავტოკრატიული რეჟიმი და, ბუნებრივია, ერთი არჩევნებით, მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მათი დამარცხება ადვილი არ არის“, – განაცხადა შარაშიძემ.შეკითხვაზე, როდის დაბრუნდება საქართველოში გიორგი გახარია, გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ ის ამას თავად გადაწყვეტს.

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა და შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა.როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.კერძოდ, თურქეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა შენგენის ვიზის მიღების ე.წ. კასკადური წესი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოკლევადიანი ვიზა და არ აქვთ დარღვევები, შეუძლიათ, მიიღონ გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა შემდგომი განაცხადის წარდგენისას. თურქეთის მოქალაქეები ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შემდგომ შეძლებენ უკვე სამწლიანი და ხუთწლიანი ვიზების მიღებას.აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, ევროკომისიამ და თურქულმა ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებისკენ სწრაფვა.თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა მისი გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში შეჩერებულია. ასევე შეჩერდა თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი.თურქეთში ევროკავშირის ელჩი თომას ჰანს ოსტროვსკი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება თურქეთის მოქალაქეების მოგზაურობის პროცესს გაამარტივებს და დააჩქარებს. დიპლომატის თქმით, ევროკომისია მზადაა, ზაფხულის შემდეგ ანკარასთან განაახლოს ოფიციალური მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ექვსი დარჩენილი პუნქტის შესასრულებლად.„ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატს ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა, თურქეთის გარდა. მნიშვნელოვანია, განვაახლოთ შენგენის სივრცეში და ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის პროცესი“, – აღნიშნა ელჩმა.

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს

გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.კერძოდ, ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, 60 დოლარის ნაცვლად, 47,60 დოლარი იქნება.დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს დაარტყამს ნავთობიდან მიღებულ რუსეთის შემოსავალს, რომელიც, მაისის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ისედაც 35%-ით შემცირდა.„ეს შეზღუდავს პუტინის ნავთობის ინდუსტრიას, შეამცირებს რუსული ნედლი ნავთობის საბაზრო ღირებულებას და დააზარალებს უკრაინაში კრემლის უკანონო ომის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს. რუსეთის ნავთობის შემოსავლებისთვის მიყენებული ყოველი ფინანსური დარტყმა კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ, ასევე, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ დიდ ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიზნესს 2 სექტემბრამდე აძლევენ ვადას რუსული ნავთობის ფასის შემცირებულ ზედა ზღვართან ადაპტირებისთვის.ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში შეამცირა. აღნიშნული პაკეტის დამტკიცება დღეს, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სლოვაკეთმა და მალტამ ვეტო მოხსნეს.

ბოლო სიახლეები