კვირა, ივლისი 12, 2026

რომან გოცირიძე – გია ბარამიძეს რომ ვუთხრა, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი ან ტროას ცხენი, ეს პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს

გია ბარამიძეს რომ ვუთხრა, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი ან ტროას ცხენი ვუწოდო, ეს პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ თანაპარტიელ გიორგი ბარამიძის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომელიც გოცირიძის მიერ  ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით სიტყვა „ბრბოს“ გამოყენებას მოჰყვა.

რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არასერიოზული განცხადებაა.

მისივე თქმით, არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ იმოქმედებს, სადაც საჭირო იქნება სიმართლეს იტყვის.

„ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა გია ბარამიძემ ამ ადგილიდან, ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის მეც და სალომე სამადაშვილსაც, თურმე ჩვენ აქტივისტებს ვუწოდეთ „ბრბო“. აბრაამ ლინკოლნის ციტატაში ნათქვამია, რომ „არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს განსჯის საგანი იყოს, სადაც ბრბო არის მასა“, ორტეგა – ი – გასეტის „მასების აჯანყებაში“ მასა და ბრბო სინონიმებია, 200 წლის წინ კაცმა სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ. გია ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება. წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ-მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ-მეთქი, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე. ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არის არასერიოზული განცხადება.

ყოველთვის ჯობია თქმა. უფრო მეტიც, პარტია უნდა იყოს უფრო მეტად ღია, თუ გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალი სისხლი და პარტია იყოს თანამედროვე ტიპის და არა ჩაკეტილი ორგანიზაცია, სადაც ინფორმაციის გაჟონვა, თურმე, არ შეიძლება რაღაც პრაგმატული მოსაზრების გამო“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, პარტიაში რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

„გააზიარა მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი, მან გააზიარა და გარკვეულწილად ირიბად მოწონება გამოხატა, მე მოწონება არ გამოვხატე, ისევე, როგორც სხვებმა, ისევე, როგორც ეკა ხერხეულიძემ, ისევე, როგორც მირდატ ქამადაძემ, აჭარაში ჩვენმა ლიდერმა, არავინ არ მოიწონა. გამოდის, რომ პარტია რაღაც ერთ ორიენტირზე არ არის დამოკიდებული და ის ორიენტირი შეიძლება, პარტიის განწყობილების მიხედვით შეიცვალოს. ამიტომ, პირადად ჩემზე თუ არის საუბარი, არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ ვიმოქმედებ, სადაც საჭიროა, ვიტყვი სიმართლეს, ერთკვირიან კრიტიკას ავიტან,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი – სამწუხაროდ, ომის ქარები კვლავ უბერავს ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და მრავალ სხვა რეგიონში, ნუ მივცემთ ამ ქარებს საშუალებას, ჩააქრონ იმედისა და მშვიდობის...

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში არსებული კონფლიქტების ფონზე, ქვეყნებს დიალოგისა და დიპლომატიისკენ მოუწოდა.მისი თქმით, აუცილებელია, შეჩერდეს „ომის ქარები“, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ქრის.„სამწუხაროდ, ომის ქარები კვლავ უბერავს ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და მსოფლიოს მრავალ სხვა რეგიონში. ისინი ძალადობას, ტერორსა და სიკვდილს თესავენ და კვლავ უამრავ უდანაშაულო ადამიანს სწირავენ. ნუ მივცემთ ამ ქარებს იმის საშუალებას, რომ ჩააქრონ იმედისა და მშვიდობის ალი, მაშინაც კი, როცა ის მყიფე და მერყევი ჩანს. კვლავ გამოვთქვამ იმედს, რომ დიალოგის, ურთიერთგაგებისა და დიპლომატიის გზას ერთგულად გაჰყვებიან. ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც შეუძლია, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანოს, სადაც ხალხები ურთიერთუსაფრთხოების პირობებში და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით იცხოვრებენ“, – განაცხადა პაპმა.რომის პაპის მოწოდება იმ ფონზე გაჟღერდა, როცა ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო იერიშები განახლდა, ხოლო უკრაინაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა. ივლისში კიევსა და მის შემოგარენში განხორციელებულ დარტყმებს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, უკრაინამ რუსეთის სამხედრო ლოგისტიკაზე დარტყმები გააძლიერა.

13 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

13 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს.როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, 12 ივლისს, გამთენიისას, ქ. თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.„გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთის თვის ნორმის 85 პროცენტს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.თელავში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი.პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერი) ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია: პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია.ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას.

შიო მესამე – ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა...

უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქმა საზოგადოებას პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა.შიო მესამის თქმით, წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, ასევე, პავლე მოციქულს ღრმად ესმოდა ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა.პატრიარქის განცხადებით, ჩვენ უნდა მივბაძოთ პეტრე და პავლე მოციქულებს წმინდა ჯვრის ამ სიყვარულში და შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა.„გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. ძალიან სასიხარულო იყო დღეს თქვენთან ერთად წირვა. ისეთი წესრიგი იყო და ამაღლებული სულიერი განწყობა, რომ ვართ ძალიან გახარებული და მადლობლები. გაგახაროთ და დაგლოცოთ უფალმა. დღეს ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, რომ ცოდვილი სამყაროს წინაშე უფალმა აღმართა ასეთი საოცარი სვეტები და მნათობები, რომლებმაც არა მხოლოდ თავისი დიდებული ეპისტოლეებით, არამედ თავიანთი ცხოვრებითაც უქადაგეს მთელ მსოფლიოს ჭეშმარიტება, მაგალითი მოგვცეს ღვთის რწმენის და დიდი სიყვარულის. ისინი დღესაც აგრძელებენ ქადაგებას. წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, როდესაც ნავიდან გადმოვიდა და ზღვაზე მოსიარულე უფალ იესო ქრისტესკენ გაემართა სვლით. ასე უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, რომელმაც შემდეგ ჩაძირვა დაიწყო.პეტრე მოციქულმა ასევე გამოავლინა საოცარი სიმამაცე, როდესაც არ შეეშინდა და გეთსემანიის ბაღში მღვდელმთავრის მონას მოუქნია მახვილი. თქვენ გახსოვთ, შემდეგ უფალმა განკურნა ის მონა. ჩვენი თანდასწრებით როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, ჩვენ გაბედული სიტყვით, ისევე, როგორც პეტრემ, უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები. მოციქული პეტრესგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ საოცარი სინანულიც. ის მთელი სიცოცხლე ინანიებდა თავის მძიმე ცოდვას — უფალი იესო ქრისტეს სამგზის უარყოფას.რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია ლაპარაკი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. დღეს საკმარისია ისიც, რომ ვახსენოთ, როგორ ღრმად ესმოდა მას ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა. ის წერს, წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდესო, ყველა საიდუმლოც რომ ვიცოდე და ისეთი რწმენა მქონდესო, რომ მთების დაძვრა შემეძლოსო, სიყვარული თუ არ მაქვს, არარაობა ვარო. მთელი ჩემი ქონება გლახაკებს რომ დავურიგო და სხეული მივცე დასაწვავადო, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგებსო. პავლე მოციქული ამ სიყვარულზე მარტო კი არ წერდა, არამედ ასეც ცხოვრობდა. იწვოდა ქრისტეს სიყვარულით, როგორც სხვა არავინ. იგი იმდენად შეძრა ქრისტეს ჯვარცმამ, რომ სხვა ყველაფერმა მისთვის ამ დედამიწაზე აზრი დაკარგა. ის წერს ასეთ სიტყვებს – ამიერიდან ჩემთვის ჯვარცმულია ეს ქვეყანა და ქვეყნისთვის კიდეც მე ვარ ჯვარცმული. ისე გრძნობდა იესო ქრისტეს ჯვარცმას, მის ჭრილობებს, ამბობს, რომ მე ჩემი სხეულით დამაქვს ქრისტეს ჭრილობებიო. ჩვენ უნდა მივბაძოთ წმინდა პეტრე მოციქულს, ასევე წმინდა პავლე მოციქულს, წმინდა ჯვრის ამ სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა. ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და პირჯვრის გადასახვის გარეშე. არ დაგვავიწყდეს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ რჯულის აღსრულება სიყვარულშია. და აი, თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ჩვენს გულებშიც გამოისახება ქრისტეს ჯვარი და მივემსგავსებით მცირედით მაინც მოციქულებს, რომელთა გულებშიც ის გამოისახა და ზეციური ნათლით ანათებდა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი სიხარულისთვის, ერთობლივი მსახურებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. წმინდა მოციქულთა პეტრე და პავლეს ლოცვით ღმერთმა აკურთხოს, გააძლიეროს, გაახაროს ეს წმინდა ტაძარი, ამ ტაძრის მამები, ამ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილი. მოციქულთა, პეტრე და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩიონოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა შიო მესამემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ვაჟა გელეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის - ვაჟა გელეიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერი, გამორჩეული პედაგოგი, ღირსეული მოქალაქე, პროფესორი ვაჟა გელეიშვილი - სხვადასხვა თაობის ინჟინერ-გეოლოგთა და მკვლევართა აღმზრდელი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობა ორგანულად უკავშირდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყანაში გეოლოგიის დარგის განვითარებას.განსაკუთრებულია მისი წვლილი გამოყენებითი გეოლოგიისა და მინერალური რესურსების კვლევის თანამედროვე მიმართულებების გაძლიერება-სრულყოფაში. მაღალი პროფესიონალიზმით და სამეცნიერო ავტორიტეტით მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც ქართულ მეცნიერებაში, ისე მრავალი თაობის სპეციალისტთა პროფესიულ დახელოვნებასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ხოლო საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში პროფესორი ვაჟა გელეიშვილი ღირსეულად წარმოაჩენდა საქართველოსა და თავის ალმა-მატერს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვაჟა გელეიშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მის აღზრდილებს, ასევე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებს. პატივს მივაგებთ ჩვენი ღვაწლმოსილი პროფესორის სამეცნიერო მემკვიდრეობასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლს უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები