რუსეთი მოლდოველ მართლმადიდებელ მღვდლებს მოსკოვში მომლოცველობისთვის ფულს უხდიდა და სამშობლოში დაბრუნებისას საკრედიტო ბარათებს აძლევდა, რომლებზეც თანხა იყო დარიცხული. თანხის სანაცვლოდ, მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით მღვდლებმა „ტელეგრამის“ არხები შექმნეს, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემა ერთ-ერთ მოლდოველ მღვდელზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში წმინდა ადგილების მოსანახულებლად მოლდოვიდან ათობით სასულიერო პირი სრულიად უსასყიდლოდ გაემგზავრა. მისი თქმით, მღვდლებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურმა პირებმა 10 000 რუბლის (120 აშშ დოლარი) ღირებულების ვაუჩერები გადასცეს ეკლესიის მაღაზიებში დასახარჯად.
მღვდელმა ასევე აღნიშნა, რომ მათ თეოლოგებისა და ისტორიკოსების ლექციების სერია წაუკითხეს, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ რუსეთი და ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო მოლდოვა საუკუნოვანი ტრადიციებითა და საერთო რწმენით არიან დაკავშირებული და მორალურად კორუმპირებული დასავლეთის წინააღმდეგ ერთად უნდა დარჩნენ.
სასულიერო პირის თქმით, ბოლოს მან და მისი ჯგუფის სხვა წევრებმა რუსეთის სახელმწიფო ბანკის მიერ გაცემული სადებეტო ბარათები მიიღეს და პირადად მას დაახლოებით 1 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ჩაერიცხა.
როგორც გამოცემა წერს, სასულიერო პირებს უთხრეს, რომ თანხის სანაცვლოდ მათ მოეთხოვებოდათ ტელეგრამ არხების შექმნა, რათა თავიანთი სამრევლოები პროდასავლური მთავრობის მიერ ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის საფრთხეების შესახებ გაეფრთხილებინათ.
„როიტერის“ სოციალური მედიის მონაცემების მიმოხილვის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოლდოვის მართლმადიდებლური სამრევლოების ანგარიშებად თითქმის 90 ახალი Telegram-ის არხი შეიქმნა. ანალიზის თანახმად, არხების უმეტესობა თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებდა იდენტურ კონტენტს და მორწმუნეებს მოუწოდებდა, წინ აღდგომოდნენ მთავრობის პროდასავლურ ინიციატივებს.