თბილისში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
უწყების განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება. რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.
რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 50 მილიონი ლარია.
გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდის პროექტის – „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება.