ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ბევრად უფრო დიდი საკითხია, ვიდრე უკრაინა და ეს არის ძალაუფლების გადაბალანსება აშშ-სა და ჩინეთს შორის, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოში და ყირიმში შეჭრამ ვაკუმი შექმნა, რადგან დასავლეთმა რუსეთის ქმედებებს არ უპასუხა.
„ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ უკრაინაში ომი თუ ხვალ დასრულდება, ნებისმიერ ვითარებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდება, რადგან ეს ბევრად უფრო დიდი გამოწვევის ნაწილია, ეს არის ძალაუფლების გადაბალანსება აშშ-სა და ჩინეთს შორის. ეს ხდება ახლა მსოფლიოში. უკრაინის ომი ერთი მაგალითია, როდესაც პუტინს ეგონა, რომ თავს გაართმევდა აღქმული ვაკუმის გამო, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში, რაც მოხდა 2014 წელს ყირიმში. უპასუხობა დასავლეთის მხრიდან, სირია – რეალური უპასუხობა დასავლეთიდან, ასე რომ ეგონა, ამას თავს გაართმევდა. ეს იყო კიდევ ერთი მომხდარი ფაქტი. ის ფიქრობდა, რომ ამის გაკეთებას ხუთ დღეში შეძლებდა და ჩვენ არ ვუპასუხებდით. მოვლენები განსხვავებულად წარიმართა. პუტინმა წააგო სტრატეგიულად, რადგან ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ ამოცანას. სურდა რეჟიმის ცვლილება, მარიონეტული სახელმწიფო და შესაბამისად ბუფერული ზონა“, – განაცხადა ბაუერმა.
ამასთან, რობ ბაუერის განცხადებით, „ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე უკრაინა“.
„ეს ეხება წესებს და შეთანხმებებს რაც გვაქვს მსოფლიოში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ უარვყავით ჩვენი დემოკრატიული სისტემის შენარჩუნების საჭიროება და ვიფიქრეთ, რომ ეს იმდენად კარგი სისტემაა, რომ არ სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ შეცდომა დავუშვით. შესაბამისად, ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ იმას, რომ არსებობს ალტერნატივები რიგი ქვეყნებისთვის მსოფლიოში. თუ ვეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს დიდებული სისტემა, გინდათ გასწავლოთ როგორ მუშაობს? ხალხი გიყურებს და გეუბნება, რას ნიშნავს მასწავლი როგორ მუშაობს? საკუთარ თავს შეხედე. აღარ მინდა შენი ფული, უნდა დამემტკიცებინა, როგორ დავხარჯე ყოველი ცენტი, ახლა მე ვიღებ ფულს რუსეთიდან და ჩინეთიდან უფრო მარტივად. ასევე, ჩვენ ახლა ვისმენთ პირველ საჩივრებს რიგი ქვეყნებიდან რუსებზე და ჩინელებზე, რაზეც უნდა ვიფიქროთ. ნატო-სთვის კარი ის არის, რომ არსებობს ლიდერი, ეს აშშ-ია, ევროპაში კი ბევრად რთული ვითარებაა, არ არსებობს ერთი ლიდერი, ამიტომ არის მუდმივი დისკუსია სად წავიდეთ. ეს ევროკავშირში ცხოვრებას ართულებს, რადგან ყოველთვის დისკუსიაა“, – განაცხადა რობ ბაუერმა.