სამშაბათი, ივლისი 28, 2026

რობინ დანიგანი – როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი საქართველოში დარჩება, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას

მე როდესაც წავალ, ჩემი გულის ნაწილი საქართველოში დარჩება, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა ელჩმა, რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც რობინ დანიგანმა განაცხადა, აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

„დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავს. ყოველ წელს, 4 ივლისს ამერიკელები ვიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის დრო, როდესაც ვცდილობთ, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ამერიკელი და რას ნიშნავს, სარგებლობდე დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებებით. წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მე მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულების ღრმად გააზრებას. ვფიქრობ, დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო – დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მსურს, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხო.

პირველი – დაპირება. დაარსებიდან დღემდე აშშ-მა გრძელი გზა განვლო. ისტორიის განმავლობაში გვქონდა გამოწვევები, რთული მომენტები, ასევე სიამაყით, სიხარულითა და გამარჯვებით აღსავსე დღეები, მაგრამ ამ ისტორიულ ტალღებში, ერთ რამეს ყოველთვის ვუბრუნდებოდით: საერთო დაპირებას, რომელიც გვაერთიანებს. დაპირება იმისა, რომ როდესაც თავისუფალ ხალხს ეძლევა უფლება, ისაუბროს, იმსჯელოს, ილოცოს და ხმა მისცეს, საერთო სიკეთე იმარჯვებს. დაპირება, რომ თითოეული თაობა გააძლიერებს აშშ-ს, რათა უკეთესი ქვეყანა და მომავალი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს. მჯერა, დემოკრატიის დაპირება ერთ-ერთი იმ მტკიცე კავშირთაგანია, რაც ამერიკელებსა და ქართველებს გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს.

ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე უამრავი ქართველის დიდი ძალისხმევა დემოკრატიის დაპირების შესასრულებლად. მე ვნახე რელიგიის თავისუფლება თბილისის გულში, სადაც ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების მშვიდობიანი თანაარსებობა ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთებისა და შემწყნარებლობის მკაფიო გამოხატულებაა. მსმენია ზოგიერთისგან, თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია. თუმცა ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკელები და ქართველები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში. მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებმაც მითხრეს, როგორ დაეხმარა მათ აშშ-საქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები – ყველა მათგანი მეუბნებოდა, ამერიკასთან თანამშრომლობამ როგორ შეცვალა მათი ცხოვრება უკეთესისკენ.

2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო. რუსული ტანკები როდესაც უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა, რადგან სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში. მე შევხვდი უამრავ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, სამედიცინო მკვლევარსა თუ სამართალდამცავს, რომლებიც ამერიკელ კოლეგებზე საუბრობენ, როგორც თავიანთ ძმებსა და დებზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ ქართველებისა და ამერიკელების ცხოვრება, რათა ორივე ქვეყანამ შეასრულოს დემოკრატიის დაპირება.

4 ივლისი ასევე არის დღე, როდესაც ამერიკელები ვფიქრობთ იმ უზარმაზარ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არის გაღებული. დღე, როდესაც ვიხსენებთ, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას, გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე, ვალდებულებაზე. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. და ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც „რადიკალებად“ იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან.

როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის, ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“.  ჩვენთვის, ვინც დემოკრატიის თავისუფლებებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ ფ. კენედის სიტყვებით: „თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ“.

დასასრულს მსურს, შევეხო იმას, რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია – ოპტიმიზმი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ აშშ-ში და აქ, საქართველოში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა, დავიცვათ იგი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ აშშ-ში და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას. ასევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლის და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ. ვსაუბრობთ რა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე, მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს საოცარ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ აშშ-სა და საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის დღევანდელი ზეიმის ორგანიზებისთვის.

ასევე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს USAID-ის გუნდს და მადლიერებით აღვნიშნო თქვენი დანატოვარი ამ ქვეყანაში. ბოლოს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ჩვენს სპონსორებსაც სჯერათ ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ძალის. როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიმ, 33-წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას. იმ დღიდან, რაც საქართველოში ჩამოვედით, ქართველებმა გაგვიღეს თავიანთი გულები და სახლები, გვაგრძნობინეს, რომ ჩვენც ქართული ოჯახის ნაწილი ვართ. მადლობა ყველას მეგობრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას. გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

დანიგანმა მადლობა გადაუხადა გორის გოგონათა გუნდს და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბენდს. ასევე, აშშ-ის მოქმედმა ელჩმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებს.

აშშ-ის საელჩოში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს თანასწორ, პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება

ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.„წელს კი ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიყვანეთ, რითაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახა. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ამ მზარდ ინტერესს ახლავს გააქტიურებული საჰაერო მიმოსვლა. დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთდაკავშირება, ქვეყნები ერთმანეთთან დააახლოვა და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა.„ეს ხელშესახები შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია. დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელჩ ჭოუ ციენს. თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში. გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე ,,ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან, მებაჟე ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი სტაციონარული რენტგენო ინსპექტირების სკანერით ტვირთების დათვალიერების პროცესს დაესწრო და აღნიშნა, რომ თანამედროვე სისტემების გამოყენება ხელს უწყობს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირებას და გამოვლენას. კახეთის რეგიონში სტუმრობისას, უწყების ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა თელავის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.რეგიონალურ შეხვედრებს ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები - ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა ხელმძღვანელი პირები.სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე უკვე იმყოფებოდა, სამეგრელოს, ასევე იმერეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

ევროკავშირმა რუსული კომპანია „Интер РАО​“ დაასანქცირა

ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში რუსული ენერგეტიკული კომპანია "Интер РАО" შეიყვანა. სანქცირების მიზეზი კომპანიის მხრიდან რუსეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციასა და ყირიმის ანექსიაზეა პასუხისმგებელი.ენერგოკომპანია საქართველოში რამდენიმე ენერგოაქტივს ფლობს. კომპანიის საკუთრების სტრუქტურის მიხედვით, "Интер РАО​" ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელია, რომელიც თავის მხრივ "თელასის" და "თელმიკოს" აქციების ფლობს.კომპანიის მფლობელობაშია "ხრამი 1-ისა" და "ხრამი 2-ის" ჰიდროელექტროსადგურებიც.

შალვა პაპუაშვილი – მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი...

სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა და დღემდე მოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.„ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის. ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. ბრექსიტი ამის საუკეთესო დასტური იყო.წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფართოოს შესაძლებლობები და საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე ისეთი გავლენა მოიპოვოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ზომით, ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური რესურსებით ვერ ექნებოდა.პატარა სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია.სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას, დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება.თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა.ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე“,- აცხადებს პაპუაშვილი.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება, დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. მისივე განცხადებით, ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად.„დიდი სახელმწიფოებისთვის ასეთი მოდელი შესაძლოა, ხელსაყრელიც იყოს, ვინაიდან მათი ზომა, ეკონომიკური წონა და პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისედაც მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს. მაგრამ პატარა ქვეყნებისთვის ეს კატასტროფული ცვლილება იქნება.ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება.თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც.უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება.არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს.კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ.ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა….თუმცა, როგორც ჩანს, იუპიტერს ევროპის მო(ი)ტაცებაც ეპატიება“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პუტინი მიმართვას ავრცელებს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დამარცხდეს და გამარჯვება ჩვენი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, –  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისივე განმარტებით, „რუსეთი იძულებული გახდა, დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ დაესრულებინა კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები“.„გვაიძულეს, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან ვცდილობდით, დაგვესრულებინა უკვე დასავლური მხარისა და კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები მაშინდელი უკრაინის ამ ნაწილში”,- აღნიშნა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-მ უგულებელყო თავისი დაპირებები.„თავის დროზე დაპირდნენ მიხეილ სერგეევიჩ გორბაჩოვს, რომ ნატო-ს არ გააფართოებდნენ – ერთ გაფართოებას მეორე მოჰყვა, ჩვენი მრავალი პროტესტის მიუხედავად და ასე შემდეგ. არაფრად ჩააგდეს ყველა თავიანთი დაპირება”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, რუსეთი იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი.„იყო მხოლოდ ერთი გარანტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა – ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება”,- აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.ვლადიმერ პუტინის შეფასებით, უკრაინა ადრე თუ გვიან დაკარგავს დასავლეთით მდებარე მიწებს.„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს დასავლეთით მდებარე ამ მიწებს. რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, რაც უნგრეთს ეკუთვნოდა, რაც რუმინეთს ეკუთვნოდა, ადრე თუ გვიან – შეიძლება, არა ხვალ, შეიძლება არა ზეგ, ერთი წელი, ორი, ათი, თხუთმეტი, მაგრამ ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება”,- განაცხადა პუტინმა.

ბოლო სიახლეები