დონალდ ტრამპმა იმავე მიზეზებით მიიტანა ირანზე იერიში, რა მიზეზებითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.
ბრიტანულ გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში ჰაბეკმა დაწერა, რომ პუტინმაც და ტრამპმაც ომები დაიწყეს „განდიდების მანიით“ და „საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით“.
ამასთან, გერმანელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვერ შეაფასეს „ამ ქვეყნების მზადყოფნა, წავიდნენ მსხვერპლზე“ და ასევე ვერ გაითვალისწინეს უკრაინისა და ირანის პოტენციური მოკავშირეების ინტერესები.
„როგორც ევროპა (და იმ დროს აშშ, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში) არ აპირებდა, უბრალოდ დაეცადა, რომ პუტინს საკუთარი სურვილისამებრ ემოქმედა უკრაინაში, ახლა რუსეთი და ჩინეთი დაინტერესებული არიან, რომ აშშ დიდხანს დარჩეს ირანზე ორიენტირებული, ხარჯავდეს საბრძოლო რესურსებს და ინარჩუნებდეს სამხედრო ხომალდებს რეგიონში“, – მიიჩნევს ჰაბეკი.
ჰაბეკმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე ომმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია და მათი მიწოდება კვლავ გამოიყენება „ევროპის მოწყვლადობის დემონსტრირებისთვის“.
ჰაბეკი იყო გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი 2021–2025 წლებში და მონაწილეობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში. ახლა იგი მოუწოდებს ევროპას, მოემზადოს ხანგრძლივი ომის სცენარისთვის და გააძლიეროს თავდაცვა, მათ შორის დააგროვოს დრონების გამანეიტრალებლები და შექმნას ახალი თავდაცვითი საწარმოები.
მისი აზრით, აუცილებელია, სასწრაფოდ განხორციელდეს ევროპული ენერგეტიკული სტრატეგია, მათ შორის ენერგიის წყაროების განვითარება.
„ვინც ამბობს, რომ ეს ძალიან ძვირია, შევახსენებ: ევროკავშირი წელიწადში დაახლოებით 450 მილიარდ დოლარს ხარჯავს წიაღისეულ საწვავზე. ხშირად, ეს საწვავი იმ ქვეყნებიდანააა, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას განსაკუთრებით არ ემხრობიან. უკეთესი იქნება, ეს თანხები შიდა ენერგიის წარმოებასა და ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვაში დაიხარჯოს“, – წერს ჰაბეკი.

