სამშაბათი, აპრილი 7, 2026

რობერტ ფიცო – უკრაინის მიერ ევროპის დაცინვა აღმაშფოთებელია, წარმოუდგენელია, როგორც იქცევა უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, არ შეუტიოს გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურას

ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს ახლა რეალურ დროში შეუძლიათ, დაინახონ, თუ როგორ მოიქცევა უკრაინა, თუ ის ევროკავშირის წევრი გახდება. ჩვენ არ უნდა დაგვემუქრონ სამხედრო გამოცდილებით, თუ ისინი არ მიიღებენ იმას, რასაც ითხოვენ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

ფიცოს თქმით, მუდმივად თან სდევს შეშფოთება ქვეყნისა და ევროპის მომავლის შესახებ. როგორც ფიცო აღნიშნავს, გაურკვეველია, მომდევნო პერიოდში კრიზისი მხოლოდ ეკონომიკური იქნება, თუ საფრთხე უფრო მასშტაბური იქნება და შეეხება უსაფრთხოებასა და მშვიდ ცხოვრებასაც.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვნად იძაბება და საჭიროა მკაფიო პასუხი იმ პირების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, ომებს უჭერენ მხარს, არღვევენ საერთაშორისო სამართალს და არ იცავენ ადამიანის უფლებებს. ამ კონტექსტში, ფიცო არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მშვიდობის დაცვის საკითხი საკონსტიტუციო დონეზეც განიხილონ.

„მუდმივად მაწუხებდა ერთი განცდა, შეშფოთება იმაზე, რა მოხდება უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში — იქნება ეს მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი, ფასების ზრდა და საწვავის დეფიციტი, თუ უფრო მეტი — ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრების, უსაფრთხოებისა და მსოფლიოს ახალ წესრიგში ჩვენი ადგილის საკითხი“, – განაცხადა ფიცომ.

ფიცომ ასევე ისაუბრა საერთაშორისო ვითარებასა და ენერგეტიკულ კრიზისზე. მისი შეფასებით, გლობალური პროცესები უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

„ვხედავთ, რომ ნავთობისა და გაზის მდგომარეობა უარესდება და ფასები იზრდება — ამ პროცესს ვერავინ გაექცევა“, – აღნიშნა ფიცომ.

ამასთან, ფიცომ გააკრიტიკა ევროკავშირისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები.

„უნგრეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ვიბრძვით „დრუჟბას“ ნავთობსადენის ხელახლა გახსნისთვის და ვუხელთ თვალებს ევროკომისიას, რომელიც არაკომპეტენტურობისა და იდეოლოგიური სიბრმავის რეკორდულ დონეს აღწევს. ჩვენ მივუთითებთ უკრაინის პრეზიდენტის მტრულ ქმედებებზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ახლა მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ. თითქმის წარმოუდგენელია, თუ როგორ იქცევა უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, არ შეუტიოს გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურას. ის ფაქტობრივად უგულებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. არ მესმის, რატომ არ ეუბნება ევროკავშირი უარს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის საომარ სესხს, როდესაც ხედავს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეალურ დამაზიანებელ ქმედებებს. სლოვაკეთი არ მონაწილეობს ამ სესხში, მაგრამ უკრაინის მიერ ევროპის დაცინვა აღმაშფოთებელია. ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს ახლა რეალურ დროში შეუძლიათ, დაინახონ, თუ როგორ მოიქცევა უკრაინა, თუ ის ევროკავშირის წევრი გახდება. ჩვენ არ უნდა დაგვემუქრონ სამხედრო გამოცდილებით, თუ ისინი არ მიიღებენ იმას, რასაც ითხოვენ“, – განაცხადა ფიცომ.

მისივე განცხადებით, სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემას.

„სლოვაკეთი დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს — ღირსებით და არა ორმაგი სტანდარტებით. 2027 წლის არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შეცვლაზე – ეს იქნება არჩევანი, დარჩება თუ არა სლოვაკეთი სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი – მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას

დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენ. მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას. როგორც ამ დღესასწაულის ტროპარში არის ნათქვამი, „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების“. ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ – არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, რის შედეგადაც ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მიზანი, მაგრამ ისმის კითხვა, იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანის? ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე.ი. ეშმაკს, მაგრამ ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების, ცოდვის ტყვეობაში. აი, დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინებისა და ქალწულისგან შობის შესახებ. ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული, ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ის სრული მადლმოსილება. ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. სწორედ ხარებას, ამ დროს მოხდა ეს. ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა.ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები, დღეები ელოდება მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ცის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა. ასევე ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვის და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. მას რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით, სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს, „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ეს არის მისი საოცარი სულიერება, სიმდაბლე, უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება, გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის და ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად. ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების. ამიტომაც, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, როგორც არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, „ანგელოზს დაკრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. ძვირფასო დებო და ძმებო, არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ხარებამ და მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული, ამ სიყვარულში კი დასაბამს იღებს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ირანის მთავრობა მოუწოდებს სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიებს თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან

ირანის მთავრობა მოუწოდებს სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიებს თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს მოწოდება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ და ისრაელი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებიან.გამოცემის ცნობით, ირანის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციაში 2000-ზე მეტი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.

ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა.როგორც ცნობილია, ჯეი დი ვენსი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მხარდაჭერას გამოუცხადებს ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტს უწოდა დადასტურება, რომ ვაშინგტონისა და ბუდაპეშტის ურთიერთობებში ახლა „ოქროს ხანაა“.მისივე ცნობით, დღეს დაგეგმილი ვიზიტის დროს განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია, გლობალური უსაფრთხოება და ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში უნგრეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა.

რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა

რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა.„გროზნის შეიხ-მანსურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის ორგანიზაცია და მისი 29 ფილიალი ევროპის 14 ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნო და მათი საქმიანობა რუსეთში აკრძალა“, – ნათქვამია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.რუსული მედიის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იბრძვიან ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში დივერსიულ და ტერორისტულ თავდასხმებში, ასევე რუსი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში.„ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ 1991 წელს ჩეჩნეთში დაარსდა. 2007 წლის ნოემბრიდან მას ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს, რომელიც, რუსული მედიის მტკიცებით, საერთაშორისო ძებნილთა სიაშია. აჰმედ ზაკაევი სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

გია ვოლსკი – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, მსგავსი პოზიცია იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ პროექტში საქართველოს საკვანძო ქვეყანაა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს.„სამწუხაროა, რომ ეს მაშინ არ გაითვალისწინეს, როცა ევროკავშირმა ამ საკითხებზე შეხვედრა ჩაატარა, სადაც შუა აზიის ყველა ქვეყანა მიიწვია და საქართველოს უთხრეს, რომ თითქოს, აქ დემოგრაფიის უკუსვლაა და ამ თემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა. საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს წინააღმდეგ ომი სწორედ მისი მნიშვნელობის გამო მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ სამმა ქვეყანამ მოახერხა და მომავალში უფრო მეტს გააკეთებს, რათა ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს. ეს არის გარანტია მშვიდობის და ამას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები