შაბათი, დეკემბერი 28, 2024

რეჟისორი გიზო გაბესკირია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია.

გიზო გაბესკირია იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „დათა თუთაშხია“ (1977 წელი, გ. ლორთქიფანიძესთან ერთად), „ვასილ კიკვიძე“ (1980 წელი გ. კალატოზიშვილთან ერთად), „ზღვის მაშვრალნი“ (1986 წელი, „ქართული ფილმისა“ და საფრანგეთის „პატესინემას“ ერთობლივი ნამუშევარი ე. საშენთან ერთად).

გაბესკირია 1972 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორად. 1991 წელს დაინიშნა „ქართული ფილმის“ მეორე შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად. 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელად.

1997 წლიდან მოღვაწეობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2006 წლიდან იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი.

გიზო გაბესკირია იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (2024).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლოზ სამხარაძე ელჩების კონფერენციაზე: დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში

დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით. „საუბარი იყო ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ნატოში ინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ასევე, საგარეო ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, დიასპორასთან ურთიერთობებზე. მოკლედ, ჩვენ დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - „ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა.

კრემლი – ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა

რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა. ამასთან, რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარში აღინიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა. „აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში, ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეს თავდასხმები მოიგერიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში. კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.

„ერთობის ჯაჭვი“ – აქცია თბილისსა და რეგიონებში

უწყვეტი პროტესტი, რომელიც 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და რეგიონებში, დღეს ცოცხალი ჯაჭვით გრძელდება. ამ წუთებში ემზადებიან პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე, კერძოდ დასახელებულია შვიდი ხიდი დედაქალაქის მასშტაბით, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მათ შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები. მოთხოვნა უცვლელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. „ერთობის ჯაჭვი“ გაიმართება რეგიონებშიც. „მოამბის“ გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილზე და მათ რამდენიმე წუთში ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში.

საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 15:44 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

დიმიტრი ხუნდაძე – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური

დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქიცირება არის სამშობლოს სიყვარულისთვის პოლიტიკური დევნა. „აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური. დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს! როგორც ჩანს „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენს და საქართველოს ისტორიას, რომელსაც წარსულში ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და მისი ასაკი სამიათას წელს ითვლის!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ბოლო სიახლეები