სამშაბათი, მარტი 17, 2026

რა თქვა მეუფე შიომ ქადაგებისას

მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება, გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მე-4 კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს არის ხსენება ეკლესიის დიდი წმინდა მამის, იოანე კიბისაღმწერლისა. იგი ამბობდა, რომ სინანულის ღვაწლს აჩრდილივით თან ახლავს ორი საშიში თანამგზავრი – მოწყინება და სასოწარკვეთილება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს მხოლოდ ცოდვასა და ბოროტებას. როგორც საპყრობილეში, ასე იკეტება ამ განწყობაში, ამ ხედვასა და ამ განწყობის ტყვეობაში ექცევა.

სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის ცოდვებთან და ბოროტებასთან ერთად, ვერ ხედავს საკუთარ თავში მეორე, ნათელ მხარეს, რაც არის ხატება და მსგავსება ღვთისა. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს სახიფათოა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის სულში პარალიზებას ახდენს იმ დიდი შემოქმედებითი და ნათელი ძალისა, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანის ბუნებას საოცარი ნიჭის სახით.

ურწმუნო ადამიანებისგან ხშირად გვსმენია, რომ არა მარტო ჩვენი სინანული, არამედ მთელი ქრისტიანული ცხოვრება გამსჭვალულია ამ მოწყინებით, სევდითა და სასოწარკვეთილებით. ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ სულ თავს იმდაბლებთ და ყველგან ხედავთ მხოლოდ ცოდვას, ბოროტებას. განა შეიძლება ასე ცხოვრებაო? მაგრამ ეს არის დიდი ცილისწამება ქრისტიანობის მისამართით, ვინაიდან ჩვენ არ ვხედავთ მხოლოდ ბოროტებას, ეს დიდი ტყუილია! მართალია, წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას“, ანუ ეს ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული; და იგივე მოციქული ამბობს, რომ „ნუ შეიყვარებთ ამასოფელს, ნურც ამასოფლიურ რასმე“, მაგრამ ეს არ ეხება იმას, რაც ღვთის არის ამ სამყაროში, ვინაიდან სამყაროა ღვთისა.

ამქვეყნად ბევრი რამ არის ღვთისა, ბევრია სიკეთე და ბევრია სინათლე. სწორედ ამ სინათლეზე ქადაგებს ქრისტიანული სარწმუნოება. სინანულის ღვაწლი ყველაზე უკეთ ხსნის ჩვენში ამ სინათლის ძალას. რა არის ეს სინათლის ძალა? ეს არის ქრისტეს აღდგომის სინათლე. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ სიხარულს და ვიცით, რომ ჩვენი ცოდვების ხედვა, მათთან ბრძოლა, ეს არის გზა სიხარულისკენ, რადგან მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას.

დიდმარხვაშიც, ძვირფასო ძმებო და დებო, დედაეკლესია სწორედ ამ სიხარულზე გვასწავლის. თქვენში ჩადებულია ხატება ღვთისა, – გვეუბნებოდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ კვირას. დიდი მარხვის მეორე კვირას ჩვენ გვესმოდა წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომ ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა, მესამე კვირას (გასულ კვირას), ტაძრის შუაგულში გამობრძანებული იყო წმინდა ჯვარი, როგორც საღვთო სიყვარულის დიდი ნიშანი. აი, რა გვაძლიერებს და რა გვიცავს, რა ნიშანს ვატარებთ ჩვენს სხეულზე. და აი, დღესაც, მარხვის მეოთხე კვირასაც, უფალი მოგვიწოდებს, რომ ვირწმუნოთ ღმერთის, გვწამდეს ადამიანის და გვწამდეს იმ სიკეთის, რომელიც ყოველ ადამიანში, ჩვენშია ჩადებული; რაც არის, როგორც მოგახსენეთ, ღმერთისგან გამომავალი მარადიული ნათელი, რომელიც სინანულის გზაზე უნდა გაიხსნას ჩვენში.

დღეს ღირსი იოანე კიბისაღმწერლის მაგალითით, შემდეგ კვირას კი ღირსი მარიამ ეგვიპტელის მაგალითით ეკლესია გვაჩვენებს, თუ რა სულიერ სიმაღლეზე აჰყავს ამ სინათლის ძალას ადამიანი და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მთელი გულით ვუპასუხოთ ამ მოწოდებას, ვუერთგულოთ ღმერთის, ადამიანისა და სიკეთის ისეთ რწმენას, რომელიც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტერ ფიშერი – ვწუხვარ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.„ვწუხვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო.ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ სარჯველაძე – არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება – რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება,...

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.„მდგომარეობა არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე. ვცდილობთ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული. იქნებ არსებობდეს, რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. გნებავთ, კონსილიუმი დაარქვით, ან რაც გნებავთ. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი რეკომენდაციაა.არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი გაკეთება, რათა დაუყოვნებლივ იყოს ასეთი საჭიროება უზრუნველყოფილი.საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით“,- აღნიშნავს სარჯველაძე.ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის  რამდენიმე  ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს (საერთო წონით 248,95 გრამი) ნაკეთობები  და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 669 ლარი შეადგინა.ერთი  სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  36 322 ლარით დაჯარიმდა.

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ ყაველაშვილი – უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს,  დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები