ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

რატი იონათამიშვილი: “ქართულმა ოცნებამ” დააინიციირა “ამნისტიის პროექტი”, რომელიც 7 000-მდე პირს შეეხება

მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ამასთანავე, 1/6-ით შემცირება დამატებით შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.

იონათამიშვილის თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს. კანონის პირველი მოსმენით მიღება კი იგეგმება რიგგარეშე სესიაზე. “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიზანიც იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება.

დღეს, მინდა საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და ამავდროულად: აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს; შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან; ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს.

ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირდება დამატებით დაახლოებით 225 მუხლი. პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას; სასჯელის ½ შემცირებას; სასჯელის ¼ შემცირებას; სასჯელის 1/6 შემცირებას და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა რაოდენობას, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით, მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს.

ვის შეეხება და ვის არ შეეხება აღნიშნული ინიციატივა? – ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს; ნარკო რეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს;კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს; ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით. რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ.

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა აქტიური ჩართულობით შემუშავდა დაბალანსებული ამნისტიის წინამდებარე პროექტი.” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუმინეთის პატრიარქი – ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, მარადიული იყოს მისი ხსოვნა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“, – ნათქვამია წერილში.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დაკრძალვის თაობაზე სხვა დამატებითი დეტალები გამოცხადდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს განცხადებას.მათივე ცნობით, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო – მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი.„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებით. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები