ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

რატი ბრეგაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, მტრის ნარატივს, „ქვების გროვა“ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს და ეს არის სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ“

რატი ბრეგაძემ პარლამენტში დეპუტატის კითხვას უპასუხა, თუ რა როლი აქვს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში.

 

„მინდა, საზოგადოებას და ამ დარბაზში მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შევახსენო რამდენიმე ამონარიდი. მაგალითად: „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულად გამოყენებას საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას – კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებით“, – ეს ერთი ამონარიდი. ახლა მეორე: „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება, ან დაჭრა, ისევე, როგორც საკუთრების უფლების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ისე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“. თქვენი აზრით, ეს ფრაზები ვის ეკუთვნის? და ვინ მოაწერა ამაზე ხელი? ეს არის ამონარიდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციიდან. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ, აი, ამ რეზოლუციაზე ხელის მოწერა შეეძლო ქართველს? ეს ხომ წარმოუდგენელია ყველასთვის და სწორედ ამ ადამიანებმა, რომელთაც გამოკრული აქვთ თავიანთი ბელადის სურათი, სწორეთ მათ თავიანთი ბელადის ხელმძღვანელობით მოაწერეს ხელი ამ მტრულ გადაწყვეტილებას. როგორ შეიძლება, ადამიანი იდგე შენი შეიარაღებული და თავდაცვის ძალების გვერდით, გულზე მჯიღს იცემდე, პატრიოტობას ქადაგებდე და ასეთ რეზოლუციაზე აწერდე ხელს?! სწორედ მათ მოაწერეს ხელი და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენ გამოვიყენეთ არაპროპორციული ძალა და ამას აბრალებდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს, იმ ბიჭებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ხელს აწერდნენ მართლაცდა მტრის ნარატივს და დღეს გვესაუბრებიან პატრიოტიზმზე, რუსეთზე და ა.შ. ამ რეზოლუციაზე ხელმოწერა არის მათი სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ. კიდევ ერთი ამონარიდი: „იმ ტერიტორიების უმეტესობა, რაც რუსებმა წაიღეს, არის ქვების გროვა, მას აქვს ნულოვანი ღირებულება“. ეს ყოფილი მთავარსარდლის სიტყვებია, რომელიც საქართველოს მოქალაქეობიდან გავიდა და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა. ამ ადამიანმა ფული გადაიხადა სენატორების დარწმუნებაში, რომ სანქცია დააკისრონ საქართველოს და ეს გამოქვეყნდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე. ამაში იხდიდნენ ფულს და ქვების გროვად მიაჩნდათ ტერიტორია, რომელიც დაიკარგა, და დღეს ლაპარაკობენ ოკუპაციაზე, მის შედეგებზე და აქეთ იშვერენ ხელს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ბლუმბერგი“ – აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს

აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის მოკავშირეები ელოდებიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომის დასრულების გეგმას“ წარადგენს. გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასრულების გეგმა, სავარაუდოდ უნდა წარადგინოს უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, რამდენად დეტალური იქნება გეგმის განხილვა და რა ფორმატში გაიმართება ის. წყაროების თქმით, სავარაუდო გეგმის ელემენტებს შორისაა: პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსი, ასევე უკრაინისთვის დაუკონკრეტებელი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კელოგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და „ამერიკის იმ მოკავშირეებთან შეხვედრას, რომლებიც მზად არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის“. მანამდე, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე აქვს „კარგი, საიმედო გეგმა“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

მოსამართლემ გიგი უგულავას და კიდევ 7 დაკავებულს გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე დავით კურტანიძემ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 დაკავებული პირს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.. დაკავებულებს შორის იყო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.  მოსამართლემ დაკავებულებს გირაო შეუფარდა. გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3 500-ლარიანი. დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორს დატოვებენ. შეგახსენებთ, შსს-მ 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აღსანიშნავია, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება , შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას. სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი. საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა დაინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა,- ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული. სახალხო დამცველი მიმართვის მიზეზს განმარტავს. „დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები, 27 წლის სანდრო შემაზაშვილი, დღეს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, სანდრო შემაზაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სანდრო შემაზაშვილი, სახლიდან პირველ თებერვალს, გვიან ღამით გავიდა. მას ოჯახი და სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით, ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თოვისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, მეორე გვირაბის შემოვლით გზაზე აკრძალულია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მეორე გვირაბში მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად.

ბოლო სიახლეები