ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება.
მისი თქმით, „ბიბისის“ დასკვნები დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.
„შოკის მომგვრელია მასშტაბი, თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“, რომ სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს და მტკიცე ქართველი ხალხი გააჩუმოს. სრულად ლუკაშენკოს სტილია“, – წერს იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.
ამასთან, „ბიბისის“ მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო.

