ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტებზე

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტებზე.

„ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ მედიამაგნატს გადასცა.

საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა.

2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები.

მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს, უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.
2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

ორივე სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთარსობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება.ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ„ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“

მარკო რუბიო – მე ძალიან ამაყი ვარ იმ რეფორმებით, რაც პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გავატარეთ სახელმწიფო დეპარტამენტში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საშობაო მილოცვას ავრცელებს და 2025 წელს აჯამებს. მარკო რუბიოს თქმით, ამ წელს ბევრი მიღწევა აქვთ, თუმცა საუბარს სამშვიდობო შეთანხმებებით დაიწყებს, რომელთა შორისაც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პაკისტანი და ინდოეთი, კამბოჯა და ტაილანდი, სომხეთი და აზერბაიჯანი.„რა თქმა უნდა, ღაზა, გრძელი ომი, რომელიც არავის ეგონა რომ დასრულდებოდა. პრეზიდენტი ჩაერთო და დაასრულა ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გეგმით“, – ამბობს რუბიო.სახელმწიფო მდივანი ასევე საუბრობს ნატო-ს საკითხზეც. მისი თქმით დონალდ ტრამპმა მოახერხა ის, რაც ვერავინ შეძლო ნატო-ს ისტორიაში, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების მშპ-ს ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე ზრდას.„მე ძალიან ამაყი ვარ იმ რეფორმებით, რაც პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გავატარეთ სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ დავხურეთ USAID-ი, მთელი საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ახლა, როდესაც ქვეყნებს ფულს ვაძლევთ, ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა. ვიცით, რომ ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს და არ ვამდიდრებთ რომელიღაც მესამე მხარეს, რომელიც თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფულით უზარმაზარ მოგებას ნახულობდა“, – თქვა რუბიომ.  

ზურაბ ქადაგიძე: ფასების ზრდა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის ბრალიაო, ჭკვიანი სახეებით რომ ალაპარაკებთ “ტოპ-ტვინებს”, საკუთარი “ბაბლის” გარდა ვინმეს აჯერებთ ამას?!

"ხალხის ძალის" დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ მედიებს მიმართავს, რომლებიც ფასების ზრდას ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკას უკავშირებენ და აღნიშნავს: "ფასების ზრდა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის ბრალიაო, ჭკვიანი სახეებით რომ ალაპარაკებთ "ტოპ-ტვინებს" და მერე, თქვენი პარტიული მედიით ავრცელებთ ამ სისულელეს, საკუთარი "ბაბლის" გარდა ვინმეს აჯერებთ ამას?!"დეპუტატის შეფასებით, პრემიერის ინიციატივის "გაშავება" საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, მათ "ინტელექტუალურ შესაძლებლობებს" აჩვენებს."ქართველ ხალხს რომ სულელად თვლით და გგონიათ ყველანაირ სიგიჟეს შეასაღებთ, მაგიტომ ხართ იქ სადაც ხართ! ფასების ზრდა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის ბრალიაო, ჭკვიანი სახეებით რომ ალაპარაკებთ "ტოპ-ტვინებს" და მერე, თქვენი პარტიული მედიით ავრცელებთ ამ სისულელეს, საკუთარი "ბაბლის" გარდა ვინმეს აჯერებთ ამას?! დღგ საქართველოში 18%-ია (2005 წლიდან) - არ გაზრდილა. მოგების გადასახადი 15%-ია - არც ეს გაზრდილა. 2017 წლიდან მოგებაზე გადასახადი იხდება მხოლოდ განაწილებისას, ინვესტირებულზე 0%. აქციზი არ არის ხალხის გადასახადი - ეხება მხოლოდ საწვავს, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ავტომობილებს. პურზე? - არა. წამალზე? - არა. ყოველდღიურ პროდუქტებზე? - არა. პრემიერის ინიციატივის გაშავება საგადასახადო პოლიტიკის მოშველიებით, თქვენს "ინტელექტუალურ შესაძლებლობებს" აჩვენებს. კარტერულ გარიგებებსა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს ხელისუფლებას ვერ დააბრალებთ, რადგან სახელმწიფოს გადასახადი არასდროს გაუზრდია! ნუ, იმათ აღარაფერი გეშველებათ, ვისაც "ლელოელი" პოლიტიკოსები დიდი ეკონომისტები გგონიათ, რომანა გოცირიძე ძლიერი ფინანსისტი და ხუხაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი!" - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სოზარ სუბარი – ხშირად ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და არ გვინდოდა იმ უარყოფითის დანახვა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ უსამართლო გადაწყვეტილებებით

ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები, მაგრამ რატომღაც არ ვიხსენებდით, რა მოხდა, მაგალითად, სერბეთში სულ რაღაც 25 წლის წინ, რომელიც ნატო-ს ჯარებმა გაასწორეს მიწასთან და ამის მიზეზებზე თვალს ვხუჭავდით. პირველ და მეორე მსოფლიო ომებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც სწორედ ევროპაში დაიწყეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.სუბარის თქმით, „ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და თვალს ვხუჭავდით უარყოფით მოვლენებსა და ფაქტებზე“.„ევროპა და ევროკავშირი აღარ ჰგავს თავის თავს, იგი ძალიან დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლის საფუძველზეც შეიქმნა და დაფუძნდა ევროკავშირი. თუმცა ჩვენს თავსაც უნდა გამოვუტყდეთ, რომ ჩვენ თავად ვაიდეალებდით ყველაფერს, რაც ევროკავშირთან იყო დაკავშირებული და ხშირად იმ უარყოფითის დანახვა არ გვინდოდა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით. ჩვენ მათ ვაიდეალებდით და ვცდილობდით, თვალი დაგვეხუჭა იმაზე, რაც არ იყო სწორი. ცხადია, იდეალური არ არის ევროკავშირი, ისევე როგორც ვერ იქნება ვერც ერთი კავშირი თუ სახელმწიფო. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები, თუმცა პირველი და მეორე მსოფლიო ომებიც ევროპაში დაიწყო და დაიწყეს სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა. დავუშვათ, ეს შორეული წარსულია, მაგრამ რატომღაც ვივიწყებთ, რა მოხდა, მაგალითად, სერბეთში, რომელიც ნატო-ს ჯარებმა გაასწორეს მიწასთან. სერბეთში და ზოგადად, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე რაც ხდებოდა – ეთნიკური კონფლიქტები და ეთნიკური წმენდები, მშვიდობიანი ადამიანების მასობრივი მკვლელობები და სხვა – ეს იყო დაუშვებელი, მაგრამ მხოლოდ სერბები არ იყვნენ დამნაშავე, ხოლო დასავლური მედია ამ ტრაგედიებს და ძალადობის მაგალითებს ძალიან მიკერძოებულად აშუქებდა. ამით კი ისინი სრულიად შეგნებულად ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს, რომ ნატო-ს მიერ სერბეთის დამომბვისა და ქვეყანაში გაუმართლებელი შეჭრისთვის დასავლური საზოგადოებრივი აზრი მოემზადებინათ. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპა მშვიდობის კონტინენტია და რატომღაც თვალს ვხუჭავთ, რომ სულ რაღაც 14 წლის წინ სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა აშშ-სთან ერთად დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს ლიბია. ამ დაბომბვებს იმით ამართლებდნენ, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი დიქტატორი იყო, თუმცა ევროპელი ლიდერების უმრავლესობა მანამდე კადაფის თავის ახლო მეგობრად მიიჩნევდა და სიამოვნებით იღებდნენ მისგან ძვირფას საჩუქრებსაც და გულუხვ შემოწირულობებსაც საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისთვის. ერთ არცთუ მშვენიერ დღეს, როდესაც ევროპელი ლიდერებისა და მუამარ კადაფის ინტერესები ერთმანეთს ასცდა, ევროპელებს გაახსენდათ, რომ კადაფი დიქტატორია და ლიბია მიწასთან გაასწორეს. მას შემდეგ ლიბიაში არ წყდება სამოქალაქო ომები და სისხლისღვრა, ერთ დროს უნიტარულ ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონე იყო, განადგურდა ეკონომიკა, ერთმანეთს სამკვდრო-საციცოცხლოდ გადაემტერნენ იქ მცხოვრები ტომები და ამ უბედურებას დასასრული არ უჩანს. 2011 წლიდან მოყოლებული, დაბომბვებს და სამოქალაქო ომს შეეწირა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა, მაგრამ არც ევრობიუროკრატებს, არც ევროპელ ლიდერებს და არც დასავლურ მედიას ეს არც ახსოვთ და არც აწუხებთ. სამაგიეროდ, ამაყად გვიცხადებენ, რომ ევროპა მშვიდობის კონტინენტია, ევროკავშირი კი – მშვიდობის პროექტი და ფორპოსტი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კახა კალაძე: შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს!

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.„შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს!მაცხოვრის შობა არის სიყვარულის, სიკეთის, განახლებისა და იმედის სიმბოლო და მას გამორჩეულად ზეიმობს ყველა ქრისტიანი.დაე, იყოს მშვიდობა ქვეყანაში და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებში!", - წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები