ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგების შესახებ.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მოცულობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, გამოძიების პროცესში ასევე ჩართულია თბილისის და საოლქო პროკურატურების ყველა საგამოძიებო დანაყოფი.

გამოძიების შესწავლის საგანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მასმედიის, ასევე ცალკეულ პირთა მიერ საჯაროდ, ან სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთებული და საქართველოს პროკურატურაში შემოტანილი განცხადებები, რომლებიც არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე მიუთითებდნენ.

გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია რვაასამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

არსებული და მოსაპოვებელი მტკიცებულებების დასაცავად, გამოძიების მიერ საწყის ეტაპზევე დაილუქა ცესკო-ს შესაბამისი საცავები, სადაც განთავსებული იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები. ხსენებული აპარატებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ მიერ მოწვეული იქნენ შესაბამისი ცოდნის უცხოელი ექსპერტები, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის, „სმარტმატიკის“ წარმომადგენლები. „სმარტმატიკის“ ექსპერტთა უშუალო ჩართულობით, გამოძიების მიერ სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, 2300-მდე ვერიფიკაციის აპარატიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, რომლებზეც განთავსებულია თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვერიფიკაციის აპარატებიდან გამოთხოვილია მასში არსებული გამოძიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ყველა ვერიფიკაციის აპარატი დაილუქა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო მასიური გაყალბება გამოიწვია, ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის არაერთჯერადმა მიცემამ, რასაც საარჩევნო უბნებზე უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებამ შეუწყო ხელი.

აღნიშნულის შესასწავლად გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნების ანალოგიური საარჩევნო უბნები, რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით, ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა.

ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა.

მოცემული ფაქტი ასევე დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც.

მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა საექსპერტო კვლევების შედეგად დადგინდეს ამომრჩეველთა ორმაგი ან/და არაერთჯერად ვერიფიკაციის შესაძლებლობა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე.

გამოძიების მსვლელობისას ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულ მარკირების სითხის ვარგისობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამისათვის გამოძიების მსვლელობისას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. ექსპერტიზას შესაბამისი კვლევისათვის წარედგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დღეს გამოყენებული მარკირების სითხის (როგორც გამოყენებული, ასევე გამოუყენებელი) ნიმუშები და მარკირების დადგენისთვის საჭირო სპეციალური ფარნები. ჩატარებული კვლევით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ლუმინისცირებას (ნათებას) ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა, გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა, ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას.

მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ გამოიკითხა იმ პირთა უმრავლესობა, ვინც დასახელდა რაიმე სახის ქმედებაში მონაწილედ და ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ჩატარდა სათანადო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიერ ასევე გამოიკითხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ცალკეული წევრები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის შედეგებთან დაკავშირებითაც პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ინფრომაციას ავრცელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საელჩოში განუცხადეს. მათივე განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა. „საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეგვიძლია ვთქვათ, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განაცხადეს საელჩოში. აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ბლუმბერგი“ – რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება. წყაროების თქმით, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკებებისას რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შეზღუდოს თავისი არმია. ამასთან, სააგენტოს წყაროს განცხადებით, კრემლი არ ეწინააღმდეგება ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს იარაღი „რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დასაკავებლად იქნეს გამოყენებული“. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს „უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე, სულ მცირე, დე ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას“, მათ შორის, ყირიმზე, თუმცა „ღიაა ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლის თაობაზე“. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც – მზად უნდა იყოს დათმობებისთვის.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებიან. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება. შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს, მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: „ვცდილობ კვარაცხელიაზე დახუჭული თვალებით ან ყურებზე აფარებული ხელებით ვისაუბრო... ეს მარტივი არ არის, სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს. მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა, ის იყო ბოლო წლების კაშკაშა ვარსკვლავი. კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო ის ან როგორ გამოითქმებოდა მისი გვარი, მაგრამ როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მივხვდი თუ რა დონის ფეხბურთელთანაც გვქონდა საქმე. იტალიიდან და კერძოდ, ნაპოლიდან წავიდა ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ არავინ ატირდა ამის გამო... დღეს კი ყველა განიცდის კვარას წასვლას. ხვიჩა ყველას ძალიან მოგვენატრება, ამაში დარწმუნებული ვარ." ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს დღეებში ნაპოლის დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს.

გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი,...

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა. „როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება,“- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები