პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

პროექტს „დანერგე მომავალი“ სუფრის ყურძნის წარმოება და ფისტას კულტურა ემატება

პროექტს „დანერგე მომავალი“ ორი ახალი კულტურა ემატება – სუფრის ყურძნის წარმოება და ფისტას კულტურა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიო ბაზრებზე. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტის მეშვეობით 4 700 ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ბაღები.

„პროექტი „დანერგე მომავალი“ უკვე სამი წელია, წარმატებით ხორციელდება. ეს გახლავთ მაღალპროდუქციული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს – 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები.

სახელმწიფო აფინანსებს ნერგების საფასურის 70%-ს და ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე 50%-იანი გრანტი გათვალისწინებულია.

დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაში არის ჩართული.

ამ მიმართულებით, ჩვენ ვამატებთ ორ ახალ კულტურას: სუფრის ყურძნის წარმოებას და ფისტას კულტურას, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოს ბაზრებზე.

საქართველოში არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ფისტას წარმოებისთვის. ასევე, მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის.

მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ჯიშების წარმოება და ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო: ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა არასამთავრობო ორგანიზაციებს

ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს და არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კენიის პრეზიდენტთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.„რატომ ვქირაობთ ამერიკულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების სამართავად, რომლებიც პარალელურია და, ზოგჯერ, კონფლიქტშია მასპინძელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებთან? ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს, ნუ დავეხმარებით არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ შევიდეს ქვეყანაში და იპოვოს ბიზნესის ახალი ხაზი. აი, ეს არის ის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვანგრევთ. ჩვენ ამას აღარ გავაკეთებთ. არ ვაპირებთ მილიარდობით დოლარის დახარჯვას არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსის დაფინანსებაზე, მაშინ როცა ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორებს, როგორიცაა კენია ან არანაირი როლი არ აქვთ, ან ძალიან მცირე გავლენა აქვთ იმაზე, თუ როგორ იხარჯება ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები. საბოლოო ჯამში, თუ გსურთ ქვეყნის დახმარება, ითანამშრომლეთ ამ ქვეყანასთან და არა მესამე მხარესთან, რომელიც ამ ქვეყანას რაღაცებს უწესებს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარი დახარჯა ჯანდაცვის სფეროში დასახმარებლად მთელ მსოფლიოში.მისი თქმით, ძირითადად დახმარების გაწევა ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების შუამავლობით.„ჩვენ ვპოულობდით არასამთავრობო ორგანიზაციას, ვაძლევდით მათ მთელ ფულს, ვეუბნებოდით, რომ წასულიყვნენ ამ ქვეყანაში და მათთვის ჯანდაცვის პროგრამა განეხორციელებინათ. შემდეგ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აიღებდა ამ თანხის გარკვეულ პროცენტს მათი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის და როდესაც საქმის არსამდე მივიდოდნენ, მასპინძელ ქვეყანას ძალიან მცირე გავლენა ჰქონდა, ეს ერთგვარად მათთვის თავს მოხვეული იყო და საერთო თანხის მხოლოდ გარკვეული პროცენტი აღწევდა პაციენტებამდე და იმ ადამიანებამდე, რომელთა დახმარებასაც ვცდილობდით ამ ხარჯებით“, – განმარტა მარკო რუბიომ.

გურამ მაჭარაშვილი – მართლაც მნიშვნელოვან საგამოძიებო კომისიაში გახარიას პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა...

„ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.​მაჭარაშვილის თქმით, ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ სურთ, როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ.„მართლაც მნიშვნელოვან და ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში, სადაც მათ კვოტები ჰქონდათ – კომისიაში, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიას 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ პერიოდს ეხებოდა, როცა ქართულმა საზოგადოებამ ჯოჯოხეთური პროცესები გადაიტანა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არნახული ტანჯვა-წამება განიცადა – მონაწილეობა არ მიიღეს. ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც, მათი აზრით, უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა ან ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს იმ პერიოდში, როცა დეკემბერში აქციები იყო და, მათი აზრით, რაღაც ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. ეს არის რეალობა და მათი მიდგომა? როდესაც პრაქტიკულად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი წყარო – „ბიბისი“ საკუთარ მასალას გაემიჯნა, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაადგენს რეალურ მიზეზებს, ნამდვილად იყო თუ არა რაიმე გამოყენებული, როდის და რა იყო შეძენილი. წინასწარი ინფორმაციით ვიცით, რომ ის ნივთიერება, რაც „ბიბისიმ“ დაასახელა, არასდროს ყოფილა შეძენილი, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ სურთ, როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ნატო ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის ოპერატიულ შტაბს ნიდერლანდებიდან აშშ-ში, ნორფოლკის შტაბში გადაიტანს

ნატო ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის ოპერატიულ შტაბს ნიდერლანდებიდან აშშ-ში, ნორფოლკის შტაბში გადაიტანს.სამხედრო ალიანსში ამ ნაბიჯს „ევროატლანტიკური რეგიონის გამტკიცების“ აუცილებლობით განმარტავენ.მათივე თქმით, ნატო-ს მოწინააღმდეგეები მთელ მსოფლიოში არიან გადანაწილებული და ამიტომ უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად განმტკიცდეს ევროპატლანტიკური რეგიონი და ალიანსის პოზიციები ჩრდილოეთში.აღსანიშნავია, რომ ნორფოლში ნატო-ს შტაბი უკვე უზრუნველყოფს ატლანტის ოკეანის, არქტიკის, გრენლანდიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას. ახლა კი ამ სიას, დანია, შვედეთი და ფინეთიც შეუერთდება.

ანდრიუს კუბილიუსი – დროა, ევროპელებმა შეწყვიტონ დონალდ ტრამპის ზურგს უკან ყოფნა და შეიმუშაონ საკუთარი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის

დროა, ევროპელებმა შეწყვიტონ დონალდ ტრამპის ზურგს უკან ყოფნა და შეიმუშაონ საკუთარი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირი უნდა იყოს დამოუკიდებელი ან, სულ მცირე, მზად იყოს, დაიკავოს ძლიერი პოზიცია გეოპოლიტიკურ მოვლენებში, მათ შორის ჰქონდეს საკუთარი გეგმა, როგორ შეიძლება უკრაინაში მშვიდობის დამყარება და ეს გეგმა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილოს.„ყოველ ექვს თვეში ჩვენ ვიღებთ ახალ გეგმებს და, გარკვეულწილად, მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ აქ ველოდებით, გავიგოთ, რა გეგმები მოვა ვაშინგტონიდან ამ წელს. გეგმები ასევე უნდა მოდიოდეს ბრიუსელიდან ან ბერლინიდან“, – თქვა კუბილიუსმა.მისივე თქმით, ევროპას სჭირდება საკუთარი სამშვიდობო გემის შემუშავება, რათა მოიპოვოს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.„ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ორი გეგმა – ერთი ევროპული და მეორე, შესაძლოა, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ მომზადებული“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ მიზანია ამ ორი გეგმით საუკეთესო შედეგის მიღწევა.ამასთან, კუბილიუსის თქმით, ევროპას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ნატო-ს მეხუთე მუხლის იმედი.„საქმე იმაშია, გვჭირდება თუ არა რამე სახის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები და ინსტიტუციური მექანიზმები, რათა ვიყოთ მზად იმ შემთხვევისთვის, თუ მოულოდნელად მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ჯეი დი ვენსი – რუსეთ-უკრაინის საკითხი თეთრი სახლისთვის მუდმივი იმედგაცრუების წყაროა, გვეგონა, რომ ეს ომი ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი იქნებოდა

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აღნიშნა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდ პროგრესს ხედავს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„რუსეთ-უკრაინის საკითხი, ვფიქრობ, მთელი თეთრი სახლისთვის მუდმივი იმედგაცრუების წყაროა. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად გვეგონა – და თქვენ მილიონჯერ გსმენიათ ეს პრეზიდენტისგან – რომ რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი იქნებოდა. თქვენ თუ დაუშვებდით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის მიღწევაზე უფრო ადვილი იქნებოდა, გეტყოდით, რომ თქვენ გაგიჟდით“, – აღნიშნა ჯე დი ვენსმა.ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოზიტიურად არის განწყობილი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდ პროგრესს ხედავს.„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ ფინიშის ხაზამდე ვერ მივედით. ვფიქრობ, იმედი არსებობს. იმედია, მომდევნო რამდენიმე კვირაში ამ მხრივ კარგი ამბები იქნება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ბოლო სიახლეები