ორშაბათი, მარტი 16, 2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ.

ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული.მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.

ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას. ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის „მხედრიონის“ აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო. ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა. სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული.

სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად. ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ.

უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ – გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს“, – წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას არ დაეხმარებიან

„ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას არ დაეხმარებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„პასუხი თუ არ იქნება ან უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.დონალ ტრამპს მიმართეს, დაეკონკრეტებინა საჭირო დახმარება, რაზეც მან უპასუხა: „ნებისმიერი“.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა გაგზავნონ ნაღმოსნები, რომლებიც ევროპას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე აშშ-ს.„ჩვენ გვაქვს ნატო. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. არ ვიყავით ვალდებული, მათთვის დახმარება გაგვეწია უკრაინის საკითხში. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა… მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი, რადგან დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იქ იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც სურს. ამ დღეებში რასაც ვუყურებთ, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ვნახეთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები, თუ შეკრებები.„ბრიუსელი თავისი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში ვიდრე მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის პირით, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას, ხუთი თვე გავიდა და არ გვესმის ერთი სიტყვაც კი, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კაია კალასი – საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის, 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა, განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, დღეს მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის“, – განაცხადა კაია კალასმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, იძლევა ნათელ სურათს, სად არის პროგრესი და სად არის საჭირო მეტი მუშაობა.„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი „გალტ ენდ თაგარტს“ სექტორისთვის ამ უაღრესად დროული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრულია: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი. ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა.ციფრები და დარგობრივი ანალიზი, რომლებსაც დღეს დეტალურად გავეცნობით, ნამდვილად ყურადსაღებია. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30-მილიარდიან ბაზარს ველოდებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით ვუპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია“ დაიწყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია“ დაიწყეს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის გაფართოებაა. კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების თანახმად, ოპერაცია მოიცავს ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას და იმ მებრძოლების ლიკვიდაციას, რომლებიც რეგიონში მოქმედებენ.მათივე თქმით, ეს ნაბიჯი მიმართულია საფრთხეების შემცირებისა და ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზონის შექმნისკენ.სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში მასშტაბური საჰაერო იერიშები განხორციელდა.

ბოლო სიახლეები