მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გასაკვირი არაა, რომ პარლამენტის წევრებსაც გაქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მიგრაციას განაპირობებს.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, თუ როგორია საერთო მოცემულობა – საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მლნ 914 ათასი ადამიანი, აქედან მაქსიმუმ 257 ათასი არის უცხოელი. რატომ ვამბობთ მაქსიმუმს – საქსტატს არ აქვს დაზუსტებული მონაცემები, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 25 ივნისს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება კონკრეტულ შემთხვევებში. მაქსიმალური რაოდენობა არის 257 ათასი. რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში იმიგრაციას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, პირველი – საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და, ასეთ პირობებში, რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციული პროცესების მართვა. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა არის, ასევე, გახსნილი უცხოელებისთვის და საქართველოში, დღეს, სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული, ასეთი ინტერესი არ არის. და რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო,“- განაცხადა პრემიერმა.

