ოთხშაბათი, სექტემბერი 16, 2026

პრემიერი: საქართველო და გერმანია სანდო პარტნიორებად იქცნენ; გერმანიას შეუძლია, კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული

საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ, ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს. გერმანიას შეუძლია, კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბერლინის კედელი – დაყოფის, ომისა და უარყოფის სიმბოლო, 30-ზე მეტი წლის წინ დაეცა. გლობალური მასშტაბის მქონე ამ ისტორიული მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ გერმანელმა ერმა საბოლოოდ მოახერხა მრავალი თაობის გერმანელთა ნანატრი ოცნება აესრულებინა და გერმანია გაეერთიანებინა ერთ, ძლიერ და აყვავებულ ქვეყნად. გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით. ყველანი ვხედავთ, რომ ხალხი მშვიდობიანად ახერხებს თანაარსებობას, სწრაფვას, თავისუფალი საზოგადოების შექმნას, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლების დაცვას, სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიასა და აყვავებულ ეკონომიკას. გერმანიამ დიდი გზა გამოიარა ცივი ომის შემდეგ, როდესაც დაყოფისა და დაპირისპირების ცენტრალურ ხაზზე იყო. ევროპის ქვეყნებს შორის ინტეგრაციის ცენტრად იქცა გერმანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გერმანია საქართველოსთვის სანიმუშო მაგალითი და მისაბაძი მოდელია, რადგან იგივე გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რაც გერმანიამ ხავერდოვნად და წარმატებით დაძლია 30-ზე მეტი წლის წინ. გერმანია ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა ევროკავშირში, რადგან თავად გაძლიერდა და წარმოჩინდა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მთელ კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ამ გამოწვევებით სავსე დროს, როდესაც ევროპის უსაფრთხოებას საშიშროება უდგას, 3 ოქტომბერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

„ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხდება აშკარა, რომ მხოლოდ ერთობით შევძლებთ დავიცვათ საერთო ფასეულობები და საერთო ევროპული სახლი. საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით. დიდად ვაფასებთ გერმანიის როლს, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი პარტნიორის რანგში, რომელიც ქმედითად ახორციელებს დახმარებას ისეთი ფედერალური უწყებების საშუალებით, როგორიცაა KfW, GIZ და სხვა გერმანული დაწესებულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს მიჰყვებიან. ბოლო წლებში გერმანია უმსხვილეს ორმხრივ დონორ ქვეყნად იქცა ჩვენთვის უცხოური დახმარების ნაწილში და ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის. დიდად მწამს, რომ გერმანია კიდევ უფრო მეტად შეინარჩუნებს ძლიერ პოზიციას და ფლაგმანურ როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის ნაწილში. მეორე მხრივ, გერმანიას შეუძლია, კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული და ჩვენი წვლილის შეტანა გვაქვს განზრახული რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. საქართველოს მთავრობის სახელით გილოცავთ გერმანიის ერთობის დღეს, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას – ვასრულებთ მუშაობას სანქციების ყველაზე დიდ სიაზე

ევროკავშირმა შესაძლოა გაამკაცროს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.კერძოდ, კალასმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ უნგრეთმა უკვე გააძევა 10 რუსი დიპლომატი. ასევე, ევროკავშირმა შეამცირა ევროკავშირში რუსეთის მისიის რაოდენობა.“არსებობს უფრო გადამწყვეტი ქმედებების პოტენციალი. შეგვიძლია კიდევ უფრო გავამკაცროთ შენგენის ზონის ფარგლებში რუსი დიპლომატების გადაადგილების კონტროლი, შეგვიძლია ავკრძალოთ ყოფილი რუსი მებრძოლებისთვის ვიზების გაცემა. უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას. უნდა შევამციროთ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავდასხმებს ახორციელებენ ევროპულ ტერიტორიაზე,” - განაცხადა კალასმა.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა რუსეთის დაფინანსების წყაროების შემცირების მნიშვნელობა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებმა უკვე წაართვა რუსეთის ეკონომიკას ტრილიონი ევრო.“ახლა ვასრულებთ მუშაობას სანქციების დღეისთვის პირთა ყველაზე დიდი სიაზე. ასევე თანმიმდევრულად ვახდენთ “ჩრდილოვანი ფლოტის” ლიკვიდაციას. ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ოპერაციები წამყვან როლს თამაშობს საეჭვო გემების შემოწმებებში,” - განაცხადა კალასმა.

ერიკ ტრამპი – საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება მისკენ, თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება „ტრამპთაუერი“, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა...

საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილით ბევრი ინტერვიუ მივეცი, ხმაც კი ჩამეხლიჩა, ვისაუბრე საქართველოზე, ამას ვაკეთებთ ხოლმე, რადგან ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ძალიან ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი, – ამის შესახებ „ტრამპ ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა განაცხადა.როგორც ერიკ ტრამპმა თბილისში, „ტრამპთაურის“ ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, როდესაც „ტრამპტაუერი“ თბილისში შემოვა, ქალაქი უფრო შესამჩნევი გახდება.„ახლა მოხდება განვითარების და დეველოპმენტის ახალი სტანდარტის განსაზღვრა და რადგანაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ადგილმდებარეობას, გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე და დიდი ყურადღება იქნეს გამოჩენილი საქართველოს მიმართ. ნიუ იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეც მოხდება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ იორკის ცენტრალური პარკის გარდა, თბილისშიც, ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება მართლაც გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო და ბევრი წლის წინ განახორციელა. ეს სახელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდებული. ეს შენობა არის მართლაც ფანტასტიკური და ეს გუნდი არის შესანიშნავი. ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ნამდვილად იქნება საინტერესო მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი – ბრალდებული გაემიჯნა ყველა ფაქტობრივ მოცემულობას, მაგრამ ვფიქრობ, სასამართლომ უნდა გაიზიაროს ჩვენი მტკიცებულები და არგუმენტები

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სასამართლოს წინაშე ბრალდების ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით პოზიცია უარყო.როგორც პროკურორმა განმარტა, ლილუაშვილმა, მათ შორის, უარყო ქოლ-ცენტრების მფარველობასთან დაკავშირებული ბრალდებები და აღნიშნა, რომ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული დანაშაულები სუს-ის კომპეტენციაში არ შედიოდა.მისივე თქმით, ბრალდების მხარე ლილუაშვილის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევას ან მფარველობას არ ედავება, არამედ საუბარია მის გავლენებზე.„ბრალდებული გაემიჯნა ყველა ფაქტობრივ მოცემულობას. ანალოგიური შინაარსის დასკვნითი სიტყვით წარსდგა დღესაც ბრალდებული სასამართლოს წინაშე. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქოლ-ცენტრები თაღლითობის მუხლით კვალიფიცირდება და მან განმარტა, რომ ქოლ-ცენტრებს მფარველობას ვერ გაუწევდა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემდებარე მუხლი არ არის, თუმცა , რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა მფარველობა, აქ მის გავლენებზეა საუბარი.ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ქარის ელექტროსადგურები, გაზთან დაკავშირებული საკითხები მას არ ეხებოდა. მსგავს საკითხებზე ისაუბრა ლილუაშვილმა“,- განაცხადა პროკურორმა.ბერძენიშვილის თქმით, ლილუაშვილმა სასამართლოს წინაშე ასევე აღნიშნა, რომ რომეო მიქაუტაძე მას არ ექვემდებარებოდა და, შესაბამისად, მასთან რაიმე გარიგებაში არ შევიდოდა.„ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოფიციალურად მის გამგებლობის ქვეშ, რაც იყო მხოლოდ ასეთ საკითხებს ლობირებდა. ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით რა შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებდა იმას, რაც დადგენილებაშია ასახული, ზუსტად ამას ვიკვლევდით და ჩვენი დასკვნითი სიტყვის ნაწილი, რა თქმა უნდა, ამას მიეძღვნა.რაც შეეხება რომეო მიქაუტაძეს, ლილუაშვილმა დღესაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არ იყო ადამიანი, ვინც მას ექვემდებარებოდა, შესაბამისად მასთან რამე გარიგებაში არ შევიდოდა, რადგან მიქაუტაძე არ სარგებლობდა კარგი სახელით“,- განაცხადა პროკურორმა.პროკურორის შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ოთხივე ეპიზოდთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ლილუაშვილმა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები ჩაიდინა.მისივე თქმით, ბრალდების მხარემ დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც შეაფასა, მათ შორის, დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ელისო კილაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.„იმის გათვალისწინებით, რომ ის მტკიცებულებები ოთხივე ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც ჩვენს მიერ იქნა გამოკვლეული, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე,ნამდვილად ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა. ჩვენ შევაფასეთ დაცვის მახრის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიც, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე, ვისაც დაცვის მხარე ეყრდნობა, არის ელისო კილაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შეფასდა და ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა გაიზიაროს ჩვენი მტკიცებულებიც და არგუმენტებიც", - განაცხადა პროკურორმა.

ბერი ნაუმი დიდ სქემაში აღიკვეცა და ეწოდა სახელად იოანე

დღეს, 15 სექტემბერს, დიდ სქემაში აღიკვეცა ყინწვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ბერი ნაუმი (მაჭუტაძე) და ეწოდა სახელი იოანე (წმ. იოანე ნათლისმცემლის პატივსაცემად),- ამის შესახებ ინფორმაციას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სქემაში აღკვეცის წესი შეასრულა მონასტრის ამჟამინდელმა წინამძღვარმა, სქემმღვდელმონაზონმა სევერიანემ (მალაზონია).„უფალმა დალოცოს და გააძლიეროს სქემმონაზონი იოანე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია“.

ბოლო სიახლეები