“თუ ვეტო იქნება დაძლეული, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დააზარალებს პლურალისტურ მედიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯსაც, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მაუწყებლობის კანონი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, არის ქვეყნის ინსტიტუტებისთვის დამაზარალებელი.თქვენ მომავალი ჟურნალისტები ხართ და იცით, რომ მედია არის მეოთხე ხელისუფლება. შესაბამისად, მედიას ისევე უნდა მოვეპყროთ და გავუფრთხილდეთ, როგორც საპრეზიდენტო ინსტიტუტს, როგორც სასამართლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას 21 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისათვის ემზადება.
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.
22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.