სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

პრეზიდენტი: მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.

„ჩვენი პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.

საქართველო სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს და ეს საქმით დავამტკიცეთ, რასაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ.

ამ თვალსაზრისით, 2025 წელს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აქვე აღვნიშნავ ჩემს ვიზიტებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად.

ცალკე აღვნიშნავ სერბეთში ჩემ მეგობრულ და საქმიან ვიზიტს. ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვსტუმრობდა ხორვატიის პრეზიდენტი, რომელთანაც ასევე მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სამომავლო ურთიერთობებისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის.

ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ამერიკის შეერთებულ შტატებში – გაეროში ვიზიტი. ეს პლატფორმაც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მთავარი სათქმელი – საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სუვერენიტეტის პატივისცემაზე, ორმხრივ ინტერესებსა და სარგებლიანობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და აშშ-სთან.

„საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს. მოუწევთ მათ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებს, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის“ შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორივე ქვეყნის ინტერესები. ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ხედვებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს თანხვედრა, შესაბამისად, ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული რთული და არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.„დღეს ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი. მადლობას ვუხდით ამერიკულ მხარეს ჩართულობისა და სათანადო მუშაობისთვის, შვეიცარიას კი – შეხვედრის ორგანიზებისა და დისკუსიებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა  უმეროვმა.უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ჩარჩო და მკაფიო მანდატი აქვს.„დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია. ვმუშაობთ კონსტრუქციულად, კონცენტრირებულად და ზედმეტი მოლოდინების გარეშე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად წინ წავწიოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგრად მშვიდობასთან ახლოს მიგვიყვანს“, – განაცხადა რუსტემ  უმეროვმა.პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და განხილვის მთავარი საგანი სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხებია.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ

ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „რუსთავი 2“- ის ეთერში გამართულ დებატებს ეხმაურება.„დააგვიანეს. მშვიდობა შევინარჩუნეთ. ახლა ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესზე. ოპოზიცია კი ისევ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებს.გამოიცანით, რა მოხდება ოთხი წლის თავზე…“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

სასტუმროების ქსელის, Hyatt-ის თავმჯდომარე, მილიარდერი ტომ პრიცკერი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

ილინოისის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის ძმამ, ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტომ პრიცკერმა განაცხადა, რომ Hyatt Hotels Corporation-ის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.„მოხდა საშინელი შეცდომა, როდესაც კონტაქტი მქონდა ჯეფრი ეპშტეინთან და გისლეინ მაქსველთან. არ არსებობს მორალური გამართლება, რომ არ ჩამოვცილდი მათ უფრო ადრე“, – აღნიშნა მილიარდერმა გავრცელებულ განცხადებაში.როგორც მედია წერს, ერთ-ერთ წერილში, 2018 წელს ეპშტეინმა პრიცკერს სთხოვა, დაეჯავშნა ბილეთები ქალისთვის, რომელიც აზიაში მიემგზავრებოდა. პრიცკერმა როდესაც ჰკითხა, რას აპირებდა აზიაში, ქალმა უპასუხა, რომ „ჯეფრისთვის ახალ გოგონას ეძებდა“. „დაე, შენთან იყოს ძალა“, – უპასუხა პრიცკერმა.შეგახსენებთ, მანამდე ეპშტეინთან კავშირის გამო ერთ-ერთი მსხვილმა პორტების ოპერატორმა კომპანიამ, DP World-მა დაითხოვა აღმასრულებელი დირექტორი სულთან აჰმედ ბინ სულაიემი. ასევე, 2025 წლის ბოლოს აშშ-ის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლარი სამერსი OpenAI-ს დირექტორთა საბჭოდან გადადგა და ყველა საჯარო თანამდებობა დატოვა სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო.

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი აშშ-ს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს.ფაჰლევიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განცხადა, რომ ირანელი ხალხი „თავისუფლებას“ ითხოვს და მსოფლიოს მოუწოდა, ირანზე ზეწოლა გაზარდოს.„ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ირანში ადამიანებს სიკვდილით სჯიან, ადამიანებს აპატიმრებენ და აწამებენ. სწორედ ამიტომ არის ჩარევა აუცილებელი – ჰუმანიტარული ჩარევა სიცოცხლეების გადასარჩენად, რომელთა დაკარგვაც სხვა შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება“, – აღნიშნა რეზა ფაჰლევიმ.

ალი მოჯანი: ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა

ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა -ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი  პლატფორმა X-ზე წერს.შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ბოლო სიახლეები