ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სავაჭრო საკითხებში ევროპარლამენტის წამყვანმა კანონმდებლებმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შეძლეს. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სამრეწველო საქონელსა და ლობსტერზე ტარიფების მოხსნის შესახებ პლენარული კენჭისყრა, სავარაუდოდ, მარტში გაიმართება. იქამდე კი ევროპარლამენტის საერთაშორისო სავაჭრო კომიტეტში კენჭისყრა 24 თებერვალს შედგება.
სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები პაქტის განხორციელების პროცესის განახლებაზე შეთანხმდნენ, დღევანდელ შეხვედრაზე დარჩენილი დაბრკოლებების მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა. საუბარია ამერიკულ სამრეწველო საქონელსა და ლობსტერებზე ტარიფების გაუქმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პოზიციაზე. ვაშინგტონმა უკვე შეამცირა ტარიფები ევროპულ მანქანებზე მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა წარადგინა ის კანონმდებლობა, რომელზეც ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ კამათობენ.
„ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ძლიერი, გაერთიანებული ევროპა გვჭირდება. ეს არ არის ტაქტიკის, პოლიტიკური პრეფერენციების ან ეროვნული რეფლექსიის საკითხი – ეს ევროპული საკითხია. ჩვენ შევთანხმდით, რომ მუშაობას გავაგრძელებთ და კომიტეტში კენჭისყრას 24 თებერვალს ჩავატარებთ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა კი სავარაუდოდ, 11 მარტს მოგვიწევს. ჩვენ გვაქვს მართლაც კარგი შესწორებების მთელი პაკეტი, რომელიც მომავალ სამშაბათს დასრულდება“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობდა.

