სამშაბათი, მაისი 20, 2025

პიტერ სიიარტო – ტრამპის წყალობით, ბოლოს და ბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს, რითიც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

„ჩვენ სამ წელზე მეტია, ომის ჩრდილში ვცხოვრობთ და ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვდივართ. დონალდ ტრამპის წყალობით, ბოლოს და ბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე“, – წერს პიტერ სიიარტო.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამინდი მკვეთრად იცვლება – განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ხანმოკლე წვიმას ელოდებიან.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისშიც ხანმოკლე წვიმა იქნება, ტემპერატურა კი 22 გრადუსამდე მოიმატებს.რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ხვალ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი.

ბონდო მძინარაშვილი – 2004-2005 წლებში სააკაშვილმა დაიწყო ტელევიზიების ხელში ჩაგდება, არაფერში სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკულ-ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა და მოგვიშორა

2004-2005 წლებში სააკაშვილმა დაიწყო ტელევიზიების ხელში ჩაგდება, არაფერში სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკულ-ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა და მოგვიშორა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა.ბონდო მძინარაშვილის თქმით, გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში მომუშავე ადამიანებისთვის სააკაშვილის დიქტატის განხორციელება მარტივი არ იქნებოდა.„2004-2005 წლიდან გაზეთების ტირაჟი საშინლად დაეცა, შემდეგ გავრცელების სამსახურს დაუწყეს შეზღუდვები. რაც მთავარია, იმ დროისთვის უკვე სააკაშვილმა დაიწყო ტელევიზიების ხელში ჩაგდება. „რუსთავი 2“ ისედაც მათი იყო. გახსოვთ შემდეგ კიწმარიშვილის ჟვანიასთან დაპირისპირება და ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით სიუჟეტის გაშვება, რომელმაც დიდი შიდა ომი გამოიწვია ამ ტრიუმვირატში. საბოლოო ჯამში, „რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდო სააკაშვილმა, 2005 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ისედაც გადაჰყვა სააკაშვილის ხელისუფლებას და მათი იყო. უკვე მიმდინარეობდა ნადირობა სხვა ტელევიზიებზეც. ლიცენზიები, სიხშირეები ჩამოართვეს, მათ შორის „ობიექტივს“, „ევროპას“ და სხვა ტელევიზიებს. სხვათა შორის, 2013 წლის მაისში პარლამენტში შეიქმნა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისია. 30 ივლისს ჰქონდა პირველი შუალედური დასკვნა. 2014 წლის თებერვალში დაიდო დასკვნა. იქ არის დეტალურად, როგორ იწყებოდა ტელევიზიების მიტაცება. ეგრეთ წოდებული ხიდაშელის კომისა ერქვა მას. ყველა დაიკითხა, 50-ზე მეტი ადამიანი, ვინც იმ პერიოდში მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა, ვისაც ტელევიზიები, სიხშირეები წაართვეს და ასე შემდეგ. მაშინ ვამბობდი, შუქი მოვიდა, ტელევიზიები ჩაირთო და გაზეთების კვდომის პროცესიც დაიწყო-მეთქი. ადამიანებს მატერიალურად არ ჰქონდათ საშუალება, გაზეთი ეყიდა, ტელევიზორი კი უფასო იყო, უფასო ტელევიზორში იყო უფასო შოუ, უფასო შოუს დგამდა სააკაშვილი. ყველა არხზე სააკაშვილი იყო. არაფერში სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკულ-ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული, რათა, გარდა იმისა, რომ გამომცემლობა „სამშობლო“, მატერიალური ბაზა ჩაეგდოთ ხელში და შემდეგ გაესხვისებინათ, ამავდროულად, შური ეძია გაზეთებზე, რათა მათი გამოცემა შეწყვეტილიყო. ზოგიერთ გაზეთებთან ჰქონდათ შეთანხმება ცალკეული გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით, ცალკეულ გრანტებს მისცემდნენ, შესაბამისად, ლოიალობას ასე იყიდდნენ. არ ვამბობ, რომ გამომცემლობა „სამშობლოში“ ვინც იყვნენ, მათ რომ გრანტები მიეღოთ, პრინციპულობას შეინარჩუნებდნენ და ლოიალურები არ იქნებოდნენ, მაგრამ სააკაშვილისთვის ისინი აბსოლუტურად მიუღებელი იყვნენ, რადგან ეს ადამიანები ერთგვარად დაუმორჩილებლებიც იყვნენ. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებმა 90-იანი წლები გაიარეს და გაუძლეს რედაქციებში შევარდნას, დარბევის მცდელობას და ასე შემდეგ. 1991 წლის 24 დეკემბერს თავად ვიყავი, როცა მხედრიონელები შემოცვივდნენ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციაში. ამის თაობაზეც ღიად მაქვს ნალაპარაკები. ავტომატებით მოითხოვდნენ, გაზეთი მათი ყოფილიყო. ამ ყველაფრის გადამტანი ადამიანები ვიყავით და იმ გამომცემლობის შენობაში მომუშავე ადამიანებისთვის სააკაშვილის დიქტატის განხორციელება ასე ადვილი არ იქნებოდა. ამიტომ, მარტივად გადაწყვიტა და მოგვიშორა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ტელევიზიები, სადაც მუდმივად იჯდა და საუბრობდა უკრიტიკოდ. დღევანდელ ჟურნალისტებს ალბათ ძალიან კარგად ემახსოვრებათ, როგორ იჯდა ოთხი-ხუთი წამყვანი და ლაპარაკობდა სააკაშვილი, მაგრამ კრიტიკული შეკითხვები საერთოდ არ არსებობდა. კრიტიკული შეკითხვების დამსმელებს პრეზიდენტ სააკაშვილთან არავინ უშვებდა“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.როგორც კომისიის სხდომაზე ბონდო მძინარაშვილმა აღნიშნა, „ერთი წელი საერთოდ არაფერი იყო გამომცემლობის შენობაში, ხოლო ერთი წლის თავზე, 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის სოფლების, გორის რაიონის სოფლების მცხოვრებლებმა დაიწყეს თავის შეფარება.„მაშინ ჟურნალისტთა ფედერაციაში ერთგვარი კომისია იყო, ჩვენ უნდა მიგვეხედა ამ ადამიანების განთავსებისთვის. სწორედ ამ დროს, ერთი წლის შემდეგ მივედი გამომცემლობის შენობაში და ვნახე ჩვენი მეოთხე სართულიც, სადაც ცხრა წელზე მეტი გავატარე, როგორც პასუხისმგებელმა მდივანმა და მთავარი რედაქტორის მოადგილემ“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.მძინარაშვილმა ასევე გაიხსენა, როგორ მოხდა გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობის გაყიდვა.„რამდენჯერმე სცადეს შენობის გაყიდვა მანამდეც, ვიდრე ჩვენ გამოგვყრიდნენ და იმ დროისთვის, როდესაც დევნილები იყვნენ იქ, მაგრამ არავინ ყიდულობდა, რადგან, როგორც იტყვიან, შარიანი შენობა იყო. ჯერ ამდენ ჟურნალისტთან დაპირისპირება არავის უნდოდა და მეორე, არავის უნდოდა დევნილებთან დაპირისპირება. საბოლოო ჯამში, 2011 წლის 27 ივლისს დევნილებიც გამოყარეს ასევე პოლიციის დახმარებით. გამოყარეს, ვინც კოსტავას ქუჩაზე, ასევე ჭოველიძის ქუჩაზე არსებულ ფლიგელებში იყვნენ. 15 სექტემბერს გაყიდეს გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა და ერთი კვირით ადრე, 8 სექტემბერს შექმნილ ფირმას, კომპანიას მიყიდეს. იმის შემდეგ არის გამომცემლობა „სამშობლო“ ისეთი, როგორიც არის“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირმა და დიდმა ბიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა „იქსზე“ დაწერა.კაია კალასის თქმით, სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 200 გემს.ბრიტანეთის მთავრობამ უფრო დეტალური განცხადება გაავრცელა და ასევე განაახლა სანქციების სია.„უკანასკნელი სანქციების ობიექტები მოიცავს სტრუქტურებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას, ენერგომატარებლების ექსპორტსა და საინფორმაციო ომს, ასევე ფინანსურ დაწესებულებებს, რომლებიც ეხმარებიან პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსებას“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.კერძოდ, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 14 ადამიანს, რომლებსაც „სოციალური პროექტირების სააგენტოს“ წევრებს უწოდებს, რომელსაც დასავლური ქვეყნები უკრაინასა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში რუსული ჩარევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.ფინანსურ დაწესებულებებს შორის ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა 46 კომპანია, ასევე სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟა დასახელმწიფო კორპორაცია „ანაბრების დაზღვევის სააგენტო“.ბრიტანეთის სანქციები „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოიცავს 18 გემს, ასევე ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯონ მაიკლ ორმეროდს, რომელმაც, როგორც ნათქვამია, შეიძინა გემები რუსული ნავთობის გადასაზიდად, გარდა ამისა სანქციები შეეხო ტანკერების ორ რუს კაპიტანს.

ანა ბუჩუკური – ლოგიკური კითხვა დავუსვით პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს, რა გეგმა აქვთ, ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით, არის ე.წ. სატელეფონო...

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და, ხაზგასმით ვიმეორებ, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში დაწერა.ბუჩუკურის თქმმით, თუ „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში არ აპირებს მონაწილეობას, ამას ყველა თავად პარტიისგან გაიგებს.„თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით, არის ე.წ. სატელეფონო არჩევნები. ეს არ არის სერიოზული. საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“ – წერს ბუჩუკური.პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა: „დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“ 

შალვა პაპუაშვილი – გერმანიის ელჩმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ჩაწერა პლაკატის, „თავისუფლება მზიას“ ფონზე, ამით მკაფიოდ გადასცა განწყობა მოსამართლეს, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება

თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში, გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება. რამდენიმე დღის წინ მან ინტერვიუ პლაკატის – „თავისუფლება მზიას“ – ფონზე ჩაწერა. ამით მან მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, აკვირდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ „დაკვირვების“ მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამედ მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის.„მით უმეტეს, რომ გერმანიის ელჩს გვერდით ესტონელი კოლეგა ეჯდა, რომლის მთავრობამაც სწორედ ამ მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა, ესტონეთის მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილებების არმიღების გამო. რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი „თვალთვალი“, ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა. ამავე დროს, ეს ქცევა არაფერია იმასთან შედარებით, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც გერმანიის ელჩი სხვა ბანერის ფონზე გამოჩნდა და რომელზეც რადიკალური ჯგუფების ცნობილი ყიჟინა „მონა“ ეწერა. რადიკალების ეს ყიჟინა შემთხვევითი და წინდაუხედავი წამოძახილი არ არის. ამ პროპაგანდისტული ტაქტიკის მიზანი მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის მორალური ბარიერის მოშლაა. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი და მისი ამომრჩეველი მონაა, ესე იგი, ის უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებაა, ნივთი და არა ადამიანი. და თუ მის ღირსებასა და ადამიანობას არ აღიარებ, მაშინ მასზე არც ადამიანური კანონები ვრცელდება. ამიტომ მისი შეურაცხყოფა, დევნა, თავდასხმა, ამის სხვების დასანახად კეთება და თავის მოწონება სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია. ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც, მათ შორის, გერმანიის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა, თავის ყოველდღიურ რიტუალად აქციეს“, – წერს პაპუაშვილი.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიის კონსტიტუცია, მისი პირველივე მუხლის პირველივე წინადადება იწყება სიტყვებით: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია“.„სხვების მონებად შერაცხვა, მათი უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებებად გამოცხადება არის თავად გერმანიის კონსტიტუციის სიტყვის, სულისკვეთების და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფა. ცალკე საკითხია, რომ ელჩის ამგვარი გზავნილი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას და ხალხს ეხება. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ელჩის გამოსარჩლებას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების ამ კითხვასაც გაეცეს პასუხი: არის თუ არა, სხვა ადამიანის მონად შერაცხვა მისი ადამიანური ღირსების უარყოფა? მისაღებია იმ პროცესის ხელშეწყობა, რომელიც სიძულვილის ენისა და ღირსების შელახვის ნორმალიზებას ახდენს? P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – წერს პაპუაშვილი. 

ბოლო სიახლეები