პეტრო პოროშენკო ყირიმში გამართულ 18 მარტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. ამის შესახებ MSN-ი წერს.
უკრაინის პირველი პირი განმარტავს, რომ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინის არჩევნები იყო ლეგიტიმური და ზოგაგად რუსეთის საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ კომპეტენციას მოკლებულია.
რუსეთი ყირიმში 2014 წლის 18 მარტს შევიდა.
ოფიციალური მოსკოვისა და კიევის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. კონფლიქტიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა დასავლელ ლიდერებს ამ დრომდე არ მიულოცავთ. პუტინმა მილოცვები მიიღო რამდენიმე ქვეყნის ლიდერისგან. მათ შორის არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი.
ამ წუთებში ვლადიმერ პუტინი კრემლში დამარცხებულ კანდიდატებს ხვდება.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი) რუსული მედიის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,84 % უკვე დაამუშავა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 67% იყო.