ჯერ საბოლოო პასუხი უნდა გავიგოთ, რა ბედი ეწევა „მეგობარი აქტს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ „ქართული ოცნების“ მიმართ პრინციპულ მიდგომას და მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.
„ალბათ ჯერ კიდევ საბოლოო პასუხი უნდა გავიგოთ, რა ბედი ეწევა „მეგობარი აქტს“, მაგრამ, თავისთავად, ადმინისტრაციას, რომელიც არ აღიარებს ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას, ყველა ბერკეტი აქვს, რომ ზეწოლა განახორციელოს, იქნება ეს ამ რეჟიმის მიმართ პერსონალური სანქციები თუ სხვა ტიპის ზემოქმედება. საქმე და დრო ყველაფერს გვაჩვენებს. მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნები, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ამ რეჟიმის მიმართ თავიანთ პრინციპულ და თანმიმდევრულ მიდგომას და მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. დანარჩენს დროთა განმავლობაში ვიხილავთ, ამასთან დაკავშირებით რა ზომებს მიიღებენ და რა გადაწყვეტილებები იქნება“, – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.