ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

პედიატრს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის 130 ეპიზოდში ედება ბრალი

ბრანდენბურგის (გერმანია) ფედერალური მიწის პედიატრს ასობით დანაშაულებრივ ქმედებაში ედება ბრალი, მათ შორის – არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლით. სავარაუდო დანაშაული მან 2013-დან 2025 წლამდე პერიოდში ჩაიდინა.

გლეინიკეს ხიდი პოტსდამს ბერლინთან აკავშირებს. 2025 წლის 14 ოქტომბერი
რალფ ჰირშბერგერი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

ამ შემთხვევამ შოკში ჩააგდო მთელი გერმანია და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ბავშვთა დაცვისა და ზედამხედველობის მდგომარეობის კუთხით, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. გერმანელი პროკურორების განცხადებით, ექიმმა-პედიატრმა, სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის სესიების დროს, სექსუალურად იძალადა რამდენიმე ბავშვზე, რომლებიც მისი პაციენტები იყვნენ.

ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მხარეში მდებარე კლინიკებში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები მან, სავარაუდოდ, 12 წლის განმავლობაში ჩაიდინა. ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, თუ რამდენი ბავშვი გახდა მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

„ბრალდებულს სექსუალური თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული 130 დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორის არის დამამძიმებელ გარემოებებში ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებები“, – აცხადებს პოტსდამის პროკურატურა.

გერმანიის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სავარაუდო დანაშაულები მოხდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასული წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, უმეტეს შემთხვევაში – „პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რატენოვისა და ნაუენის საავადმყოფოებში“.

46 წლის ექიმი ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი პაციენტის დედას გაუჩნდა ეჭვი, რომ რატენოვის საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში მის შვილზე მკურნალობის დროს იძალადეს, და ამის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა.

იანვარში,როდესაც ეს საქმე გახმაურდა, კლინიკების ჯგუფმა, HavellandKliniken-მა განაცხადა, რომ ექსპერტების მონაწილეობით, შიდა გამოძიებას ატარებდა. შექმნილი კომისიის დასკვნით, ყოველთვის არ იყო დაცული „ოთხი თვალის პროტოკოლი“, რომლის მიხედვითაც, ბავშვის გასინჯვას ორი ადამიანი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს.

„ეს ბრალდებები ძირს უთხრის პაციენტებისა და მათი ოჯახების ნდობას“, – განაცხადა ჯგუფის სამედიცინო დირექტორმა, მაიკ ლესნაუმ.

პედიატრს, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურობის გერმანული კანონების გამო არ სახელდება, ბრალად ედება ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობის პროცესში ნდობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ამ საქმემ გერმანიაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან ექიმები და პედიატრები პასუხისმგებელნი არიან ბავშვებზე ზრუნვაზე და ოჯახებს ხშირად წლების განმავლობაში უწევენ სამედიცინო დახმარებას. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები და იურიდიული ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები ხაზს უსვამს ჯანდაცვის დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის უფრო მკაცრი პროცედურების აუცილებლობას.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ბრალდებული ექიმი ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს და, გერმანული კანონმდებლობის თანახმად, უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლოში არ დამტკიცდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილი დაინიშნა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.ამავე ინფორმაციის მიხედვით, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება.კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

დონალდ ტრამპი – ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე საკითხის შესწავლა

ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ნავთობკომპანიები საწვავის ფასებს საკმარისად სწრაფად არ ამცირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა.„დიდი ნავთობკომპანიები არ ამცირებენ ბენზინის ფასს იმდენად, რამდენადაც შეესაბამება იმ მკვეთრად დაბალ ფასებს, რომელსაც ისინი ნავთობში იხდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს ზედმეტ თანხას ახდევინებენ. ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ!“, – წერს ტრამპი.ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებმა დაიკლო. ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება დღეს 77 დოლარია, ხოლო ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 73 დოლარამდე დაეცა.

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც...

საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს.„მათი მიზანი სხვა იყო და არა დემოკრატიული ფასეულობების რეალური დაცვა. ამ შემთხვევაში საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. ამიტომ არის, რომ „ცალკარას“ თამაშობენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„პოლიტიკო”- უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.როგორც გამოცემა წერს, უნგრეთმა შეაჩერა მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც საჭირო იყო უკრაინაისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების წინ წასაწევად.„პოლიტიკო” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუდაპეშტმა წინააღმდეგობა გაუწია ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით მომზადებული ერთობლივი წერილის გაგზავნას. გამოცემის ცნობით, ეს წერილი ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოზიციას ასახავდა და მისი მიღება 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მოითხოვს. დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ნაბიჯს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირას კვლავ განიხილავენ.როგორც „პოლიტიკო” წერს, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მთავრობას უკრაინისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია, ბუდაპეშტმა ბრიუსელში გასულ კვირას გამართული ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ფრაზის – „რაც შეიძლება მალე“ – ამოღება მოითხოვა. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, უნგრეთის პოზიცია აჩვენებს, რომ ქვეყანა არ უჭერს მხარს პროცესის დაჩქარებას.მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების ყველა ეტაპის სწრაფად გახსნას არ ეთანხმება.„სულ ექვსი ბლოკია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათი ერთდროულად გახსნა კარგი იდეაა – ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველ ბლოკზე ჯერ მელანიც კი არ არის გამშრალი, და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს არასწორ გზავნილს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლებმაც წლები დახარჯეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მადიარმა.

მასუდ ფეზეშქიანი – სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის, რაკეტები რომ არ გვქონოდა, ისრაელი და აშშ ირანს გაანადგურებდნენ

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა არ შედის შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში და არც მომავალში იქნება მისი ნაწილი.„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო პროგრამა ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელია.„ჩვენ რომ რაკეტები არ გვქონოდა, რომლებსაც თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა ისლამაბადში ვიზიტის დროს, სადაც შეხვედრები გამართა პაკისტანის ოფიციალურ პირებთან.

ბოლო სიახლეები