66 მომხრე 14 წინააღმდეგი – პარლამენტმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ დაამტკიცა.
“ორგანული კანონის პროექტი უარყოფილია, მე მინდა განვაცხადო, რომ მომდევნო კვირაში, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ, პრინციპი იქნება იგივე, 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში და რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე ერთი მესამედის წარმომადგენლობა. უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გასული წლის შემოდგომაზე, პარლამენტში დარეგისტრირდა 37 455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
19 მარტს ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობაში გენდერულ კვოტირებაზე აზრთასხვადასხვაობაა.