პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება დაადასტურა, რომლის მიხედვით, საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.
საქმე ეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, კერძოდ, 800 მილიონდოლარიან ჰიდროელექტროსადგურს, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ 2019 წელს ხელშეკრულება გააფორმეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, პროექტი ჩაიშალა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველების პროტესტების ფონზე, რის შემდეგაც „ენკამ“ 2021 წელს ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევის არგუმენტით. 2022 წელს კომპანიამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა კომპენსაციის მოთხოვნით. 2024 წლის 13 ნოემბერს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა 2025 წლის 6 იანვრით დათარიღებული კიდევ ერთი შესწორება. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კონტრაქტის შეწყვეტა კანონიერი იყო და საქართველოს დაავალდებულა გადაეხადა „ენკასთვის“ დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი.
საქართველოს მთავრობამ პარიზის სასამართლოში სამი მოთხოვნა წარადგინა: გადაწყვეტილების გაუქმება, აღსრულების ნებართვის უარყოფა და გადახდის შეჩერება. კომპანია „ენკამ“ აღსრულების ნებართვა მოითხოვა.
სასამართლომ ჯერ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა გადაწყვეტილებისთვის აღსრულების ნებართვის მინიჭება და აღსრულების ნებართვა გაიცა. თუმცა ამის შემდეგ სასამართლომ განიხილა გადახდის შეჩერების საკითხი. საქართველომ წარადგინა მტკიცებულება, რომ 400 მილიონი სახელმწიფო თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის 250%-ს შეადგენს.
გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ეს არგუმენტი მიიღო და დაადგინა, რომ დაკისრებული თანხის დაუყონებლივი გადახდა „სახელმწიფო საქმეების სუვერენულ მართვას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა“.
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა „ენკას“ სტატუსი, რომ კომპანია შეიქმნა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პროექტისთვის, ხოლო კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და არ გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივები. ეს კი ნიშნავს, რომ თუ საბოლოოდ გადაწყვეტილება გაუქმდება, საქართველოს მიერ „ენკასთვის“ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, შეიძლება, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს.
ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ გადახდა სრულად შეაჩერა სააპელაციო სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე.

