პაკისტანის ბელუჯისტანის რეგიონში შეიარაღებული პირები მატარებელს დაესხნენ თავს და ასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს.
მატარებელს, რომელიც კვეტა-პეშავარის რეისს ასრულებდა, „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმია“ დაესხა თავს.
სეპარატისტული ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ სიბის რაიონში მატარებლის შესვლამდე მაგისტრალი დაბომბეს და მატარებელი ახლა დაჯგუფების კონტროლის ქვეშაა. მატარებელში სავარაუდოდ 500-მდე მგზავრი იმყოფება. პაკისტანის პოლიციამ ადგილობრივ რეპორტიორებს განუცხადა, რომ სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის მატარებლის მძღოლი დაშავდა თავდასხმის შედეგად. შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ძალები გაგზავნეს, ასევე ვერტმფრენები მძევლების გადასარჩენად.
„ბელუჯისტანის გათავისუფლების არმია“ მთავრობას აფრთხილებს, რომ მძევლების გათავისუფლების მცდელობას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება.