20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს შეკითხვები და გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ არა ძალა არაპროპორციულად გამოყენებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
როგორც სალიამ აღნიშნა, ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმის გამოძიების უფრო ეფექტურად ჩატარების შესახებ.
„20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აქვს, უფლება გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და შესაბამისად პოლიციის წარმომადგენლებზე. ეს ცალსახად ხაზგასმულია და, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით. საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებისა, გამოიყენოს ძალა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე ან სხვა სახელმწიფო შენობებზე თავდასხმისას, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს, თუ რა იყო ის მიზეზები, იყო თუ არა პროპორციულად ძალა გამოყენებული, ხომ არ ჰქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გამოყენებას და ა.შ“, – განაცხადა პაატა სალიამ.