თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა, – ასე ეხმაურება “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, “სამწუხაროდ, ძალიან გაურკვეველია იქ რა მოხდა”.
“თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

