ოთხშაბათი, ივლისი 8, 2026

ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრი – ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება

თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა იმართება. აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, აპირებენ თბილისის ორივე სანაპირო გადაკეტონ.

„ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან და ვემზადებით იმ დღისთვის, როდესაც მთელი საქართველო ფეხზე დადგება. ვფიქრობდით გუნდში, რა იქნებოდა დღეს, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს გადაკეტვას მაინც, მაგრამ იმდენი ვართ, ორივე სანაპიროს გადავკეტავთ“, – განაცხადა ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრმა.

აქციის მონაწილეები, ვიდრე მსვლელობას გამართავდნენ, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან შეიკრიბნენ. მათ გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციას ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – მყავს მრავალი ასეული ათასი მომხრე და უკრაინელებსაც თუ მივამატებთ, რამდენიმე მილიონი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას მრავალი ასეული ათასი მომხრე ჰყავს, უკრაინელების ჩათვლით კი – რამდენიმე მილიონი.როგორც სააკაშვილი წერს, მხარდამჭერების ნაწილი მგრძნობიარედ რეაგირებს მისი მისამართით უსამართლო თავდასხმებზე.„მე მყავს მრავალი ასეული ათასი მომხრე და უკრაინელებსაც თუ მივამატებთ, რამდენიმე მილიონი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მგრძნობიარედ რეაგირებს უსამართლო თავდასხმებზე. ისე კი, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და რა ვიცი, ამ სტატუსსაც გავაზიარებ ყოველ შემთხვევაში. მე თვითონ ის ეთერი, რომელზეც საუბარია, არც მინახავს და არც მაინტერესებს“, – წერს სააკაშვილი.

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ინფორმაციას ავრცელებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს სასარგებლო რჩევას უზიარებს.„ახალი ხილი ბავშვთა კვებაში - როდის, როგორ და რა რაოდენობით?ახალი ხილი ბავშვის კვების რაციონში სასარგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპია. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ბოჭკოთი და ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, თუმცა მნიშვნელოვანია, მისი შეთავაზება ასაკისა და განვითარების შესაბამისად მოხდეს. როდიდან შევიტანოთ? თუ ბავშვი მზად არის დამატებითი კვებისთვის, ახალი ხილის შეთავაზება შესაძლებელია 4-6 თვის ასაკიდან. რომელი ხილით დავიწყოთ? უპირატესობა მიანიჭეთ რბილ და ადვილად მოსანელებელ ხილს: ვაშლი (გახეხილი ან ორთქლზე ოდნავ დამუშავებული) მსხალი ბანანი ატამი გარგარი კენკრა, ციტრუსები და სხვა ხილი 7-9 თვის ასაკიდან ეტაპობრივად შეგვიძლია შევთავაზოთ: მარწყვი ჟოლო მოცვი ალუბალი (უკურკოდ) ფორთოხალი, მანდარინი, კივი რამდენი მივცეთ? ახალი პროდუქტი ყოველთვის მცირე რაოდენობით დაიწყეთ 1-2 ჩაის კოვზით, შემდეგ კი, თუ ბავშვი კარგად იტანს, თანდათან გაზარდეთ ასაკის შესაბამისად. როდის შევთავაზოთ? უმჯობესია ხილი მიეცეს დღის პირველ ნახევარში, ძირითად კვებებს შორის ან დესერტად. არ არის რეკომენდებული ხილის წვენით ჩანაცვლდეს თავად ხილი -უპირატესობა ყოველთვის მთლიან ნაყოფს ენიჭება. გახსოვდეთ: ახალი ხილი ერთდროულად მხოლოდ ერთი სახეობის შეიტანეთ. თითოეულ ახალ პროდუქტს შორის დატოვეთ 2-3 დღე, რათა შესაძლო ალერგიული ან სხვა არასასურველი რეაქციის შეფასება შეძლოთ. ყურძენი, ალუბალი, ბალი და სხვა მრგვალი ხილი მცირეწლოვან ბავშვებს ყოველთვის დაჭრილი და უსაფრთხო ფორმით შესთავაზეთ, რათა გადაცდენის რისკი შემცირდეს. ფერადი, მრავალფეროვანი და სეზონური ხილი ბავშვის ჯანსაღი კვების საუკეთესო ნაწილია. მთავარია, ყველაფერი მოხდეს ეტაპობრივად, უსაფრთხოდ და ბავშვის ასაკისა და განვითარების გათვალისწინებით",- წერს მამუჩიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი - პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით - Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში, ტვენტეს უნივერსიტეტში (University of Twente) იმყოფებოდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას ტვენტეს უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა მეცნიერმა და ინოვატორმა ჰანს ჰილგენკამპმა (Hans Hilgenkamp) უმასპინძლა.ხუთდღიანი ვიზიტის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე კვლევითი პროექტების გაცნობა და სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა იყო.როგორც პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კვლევების, საერთაშორისო საგრანტო პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა ინტენსიურად ეთანამშრომლა ტვენტეს უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევით ჯგუფთან, მათ შორის პროფესორ ჰანს ჰილგენკამპთან დეტალურად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და არაერთი შეხვედრა ჩაატარეს კვლევით ლაბორატორიებში, რომლებსაც პროფესორი ჰილგენკამპი ხელმძღვანელობს. „პროფესორ ჰილგენკამპის ლაბორატორიები საერთაშორისო კვლევითი ცენტრებია, რომლებიც აერთიანებს მყარი სხეულის ფიზიკას, ნანოტექნოლოგიებსა და მოწინავე საინჟინრო მეცნიერებებს. ამ ცენტრებში იქმნება ინოვაციური მასალები, რომლებიც საფუძვლად უდევს კვანტური კომპიუტერებისა და ნეირომორფული გამოთვლითი სისტემების განვითარებას, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ენერგოეფექტიანი ხელოვნური ინტელექტისა და მომავლის მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემების შექმნაზე. ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრები ჩავატარეთ ამ კვლევით ცენტრებში - პროფესორებთან: მარკ ჰუიბენთან, იურიან შმიცთან, ჰანს ვან ოორტთან, მენო ბოკდამთან, კლაუდია ფილიპისთან, სისსი დე ბეერთან, ჰაროლდ ზანდვლიტთან, მუჰარემ ბაირაქტართან, რობ ლამერტინკთან, კრისტიან ნეიჰაუსთან, პეპეინ პინკსესთან, რებეკა საივთან. ყურადღება დავუთმეთ სამომავლო კვლევითი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ არაერთ თემას, როგორიცაა: ფუნქციური ოქსიდური თხელი ფენებისა და ატომური სიზუსტით მასალების ზრდისა და კონტროლის კვლევები; ნახევარგამტარული მოწყობილობები და მიკროჩიპების ფიზიკის საკითხები; გამოყენებითი ზეგამტარობა ენერგეტიკულ სისტემებში; სიმკვრივის ფუნქციონალის თეორია (DFT) და მანქანური სწავლება, რაც ახალი მასალების თვისებების პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა; Quantum Monte Carlo მეთოდები და მოლეკულური სიმულაციები, რომლებიც ბიოლოგიურ სისტემებში სინათლისა და მატერიის ურთიერთქმედების შესასწავლად გამოიყენება; ქიმიური ინჟინერია და პოლიმერული მასალები; EUV ოპტიკა და ლითოგრაფია, მემბრანული ტექნოლოგიები და მიკროფლუიდიკა, ასევე კვანტური ოპტიკა, ფოტონიკა და სხვა. ჩვენმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო მხარდაჭერისა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ რიტა დე ვილდე-ბრინკთან. განვიხილეთ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურების შესაძლებლობები. მონაწილეობა მივიღეთ ICE (Interfaces and Correlated Electron Systems) და QTM (Quantum Transport and Matter) კვლევითი ჯგუფების ერთობლივ სემინარში. წარვადგინეთ მოხსენება - „ლაზერული მეთოდით სინთეზირებული კვანტური მასალები“, რასაც მოჰყვა აქტიური სამეცნიერო დისკუსიები, გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრებისა და სემინარების დროს წარვადგინეთ ჩვენი კვლევითი შედეგები, მათ შორის: „ნანობიოლოგიური ანსამბლების სტრუქტურული თავისებურებების გააზრების ფრაქტალური კონცეფცია“; „ნანობიონაწილაკების ვიბრაციული თვისებები და რეზონანსული თერაპიის კონცეფცია“; „ბორ-10 იზოტოპით გამდიდრებული ნახევარგამტარული სენსორული სისტემები“ და „ფოტოვოლტური გამოყენებისთვის ნახევარგამტარ-გრაფენული ნანოსისტემე­ბის კვლევა“, - აცხადებს პაატა კერვალიშვილი.სტუ-ის ინფორმაციით, ტვენტეს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პირველი სამუშაო ვიზიტი წარმოაჩენს ორივე მხარის მნიშვნელოვან პოტენციალს მოწინავე სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიდერლანდელი კოლეგებისა და სტუდენტების მაღალი ინტერესი და მზადყოფნა თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც მრავალმხრივი და ნაყოფიერი სამომავლო პარტნიორობის საფუძველს ქმნის.

პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.ტარიელ ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს, სოფელ სუფსაში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები და ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.„საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში, ფარმაცევტული პოლიტიკის სრულყოფასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში.შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებს, მათ შორის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მიღებას, ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს. ასევე, აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში – ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა და საყოველთაო ჯანდაცვის „მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარეობა.მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავების მიმართულებით“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები