ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზეინეპ ილდიზი – ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე ქართული დელეგაციის გარეშე, მოგიწოდებთ, გადახედოთ ამ საკითხს, უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია

ქართული საზოგადოების გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა მათი გადაწყვეტის გზების ძიებაში, მართლაც წარმოადგენს იმ რეზოლუციის საფუძველს, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ. ამის მიღწევის გასაღები ნამდვილი დიალოგი და თანამშრომლობაა, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ზეინეპ ილდიზმა ასამბლეის სესიაზე განაცხადა.ზეინეპ ილდიზის თქმით, მიაჩნია, რომ დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის გაძლიერება იქნება გასაღები ასამბლეაზე მიმდინარე დებატებში კონსტრუქციული და სასარგებლო შედეგების მისაღწევად.„ამ მხრივ, მსურს, გამოვხატო ჩემი შეშფოთება და სინანული საქართველოზე წინა რეზოლუციის მიდგომისა და იმ დისკუსიების გამო, რომლებიც სანქციების მუქარაზე იყო ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, აუცილებელია კონსტრუქციული კრიტიკისადმი ღიაობა, იძულების მსგავსი მეთოდების გამოყენება შესაძლოა, უკუპროდუქტიული იყოს, რადგან ამ მიდგომას არ მიუღწევია დასახული მიზნებისთვის. ამ მომენტში, ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას და დავხურავთ კარს დიალოგისთვის, რომელიც არის ერთადერთი გზა საერთო ენის გამოსაძებნად და პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენ ვაწყდებით რისკს, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა კოლეგას, გადახედოს ამ საკითხს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის, გაგების და თანამშრომლობის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია და კონფრონტაცია. შესაბამისად, მე არ დავუჭერ მხარს ამ ანგარიშს“, – განაცხადა ზეინეპ ილდიზმა.

დავით მათიკაშვილი – უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეწყვიტა, ამ საკითხზე ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული

უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეწყვიტა, ამ საკითხზე ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მათიკაშვილის თქმით, საქართველოს ევროპის საბჭოში დელეგაცია აღარ ჰყავს და ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ წერილიც გაუგზავნა ევროსაბჭოს პრეზიდენტს.„პასეს საკითხზე აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული. ამ ფორუმზე ჩვენს ქვეყანას როცა მოსთხოვეს მილიონ ორასი ათასი ადამიანის ნების, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების იგნორირება, ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, ახალი არჩევნების დანიშვნა, ჩვენი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენლებისგან იყო მკაფიო პასუხი, რომ ჩვენ აღარ ვაგრძელებთ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას. ჩვენ აღარ გვყავს შესაბამისი დელეგაცია პასეში და ამაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტს კონკრეტული წერილიც მიწერა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასე რომ, დღეს კიდევ რატომ სურთ საუბარი უკვე განვლილ თემაზე, ამაზეა პასუხი გასაცემი. პასუხი ძალიან მარტივია – ამ ერთ მუჭა ადამიანებს, რომლებსაც მოაკლდებათ საწვავი, რათა ფსევდოპროტესტით შეიარაღებულნი გავიდნენ ქუჩაში, იმ წუთშივე არის მცდელობა, პოლიტიკური საწვავი დაუმატონ. სწორედ ამას, მაშველ რგოლს ემსახურება ის რაღაც სცენების დადგმა და სპექტაკლები, რომლებიც უკვე განვლილ თემას შეეხება და აქტუალობა დღეს აღარ აქვს. ამ უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეწყვიტა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ასამბლეის 89 წევრმა, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა.რეზოლუციის სახელწოდებაა – საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუციის შემდგომი ქმედებები „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების არსებითი საფუძვლით გასაჩივრებაზე“.დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.რეზოლუციის სრული ტექსტი ასეთია:„საპარლამენტო ასამბლეა გვახსენებს თავის რეზოლუციას 2585 (2025) „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების გასაჩივრება, არსებითი საფუძვლით“, რომელშიც გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლისა და ღრმა სოციალური კრიზისის გამო, რაც ბადებს კითხვებს ქვეყნის მზაობაზე, დაიცვას ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები და შეასრულოს გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები. ამ კონტექსტში, ასამბლეა ასევე ითვალისწინებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშს ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტში გამართულ აზრთა გაცვლას, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტისა (CPT) და „ვენეციის კომისიის“ მონაწილეობით, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ 2025 წლის მარტის სესიაზე მიღებულ ანგარიშს „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში“.ასამბლეა ღრმად წუხს, რომ ასამბლეის მიერ საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი ყველა წევრი გავიდა დელეგაციიდან და უარი თქვა დიალოგზე, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის წარმოდგენილი საქართველოს დელეგაცია. ასამბლეის აზრით, უფლებამოსილებადამტკიცებული დელეგაციის მონაწილეობა მის სამუშაოსა და მონიტორინგის პროცედურებში არის არა არჩევანი, არამედ – ვალდებულება.ასამბლეამ განსაზღვრა რამდენიმე ძირითადი სფერო, რომლებშიც მოელოდა მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესს ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას და საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ხელახალი განხილვისას 2025 წლის აპრილის სესიაზე. ის სინანულს გამოთქვამს, რომ ეს გადაუდებელი რეკომენდაციები დღემდე არ არის შესრულებული და ქვეყანაში ვითარების გაუარესება გრძელდება.რაც შეეხება მის მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორის, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა სასწრაფოდ გამოასწორონ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს აღნიშნული ნაკლოვანებები და ხარვეზები და შექმნან ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ნამდვილად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებას მომდევნო თვეების განმავლობაში, ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამ მხრივ, ასამბლეა:გამოთქვამს სინანულს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებმაც, ვენეციის კომისიის თანახმად, შეიძლება, გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი გამყარება, არ უწყობს ხელს პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებას და ძირს უთხრის თანაბარი ხმის უფლების პრინციპს. ამ დასკვნის შესაბამისად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და უზრუნველყოს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა განახორციელოს მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა ორგანომ მკაფიო სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით;შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში უახლესი ცვლილებებით, რომლებიც ამცირებს უმრავლესობას, რომელიც საჭიროა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისთვის და აუქმებს სამართლებრივ მოთხოვნებს, დანიშვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რითაც კიდევ უფრო ძირს უთხრის საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას;მხედველობაში იღებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ 2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ასკვნის, რომ მრავალი ნაკლოვანება და გამოწვევაა, რომლებიც გავლენას ახდენს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში და, ფაქტობრივად, ვითარების გამწვავების რისკია. ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისთვის პირობები.შეშფოთებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით, არსებითად შეზღუდოს დამკვირვებელთა უფლებები არჩევნების დღეს და მათი უნარი ეფექტურად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს ცესკო-ს, გააუქმოს ეს შეზღუდვები, რადგან ისინი გავლენას ახდენენ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და საზოგადოების ნდობაზე.ასამბლეა შეშფოთებულია, რომ შურისძიების მიზნით, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ დაკავებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება დაუბრკოლებლად გრძელდება. ის აღნიშნავს, რომ სასამართლოები განაგრძობენ, წინასწარი პატიმრობების გახანგრძლივებას საეჭვო სამართლებრივი საფუძვლით, რაც ხაზს უსვამს, რომ ნარჩუნდება წინა რეზოლუციებში უკვე გამოთქმული შეშფოთება. ამ კონტექსტში, ის შეშფოთებულია რამდენიმე ქართული სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებითა და მათი აქტივების გაყინვით, რომლებიც იურიდიული დახმარების, ჯარიმებისა და შემოსავლის დაკარგვის ხარჯებს ფარავდნენ იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებული ან გათავისუფლებული იყვნენ დემონსტრაციებთან დაკავშირებით. ასამბლეა კვლავ მოუწოდებს ყველა დაკავებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და რეკომენდაციას უწევს, რომ CPT-მა მოინახულოს მათი დაკავების ადგილები.მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეა აღნიშნავს დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან სისასტიკის შემთხვევების შემცირებაზე, იგი კვლავ შეშფოთებულია, რომ ეს დარღვევები დღემდე ეფექტურად არ გამოძიებულა, რაც იწვევს დაუსჯელობის ატმოსფეროს. ამ კონტექსტში, ის ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობებით, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებულთა დიდი ნაწილი, დაკავებისას და პატიმრობის დროს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ობიექტი გახდა. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიოს ყველა ასეთი შეტყობინება, გამჭვირვალე და ეფექტური გზით. ასამბლეა გმობს ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც პოლიციის ოფიცრებმა დემონსტრაციაზე დაკავების შემდეგ ძალით გააშიშვლეს დროებითი დაკავების იზოლატორში.გამოწვევები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ასპექტში გრძელდება. ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო დროს მიღებული ცვლილებების გამო, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებზე. ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებზე ვენეციის კომისია, თავის გადაუდებელ დასკვნაში, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტმა მოითხოვა, მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მიღებულია ზედმეტად ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე, და სავარაუდოდ, მათ ექნებათ შემაკავებელი ეფექტი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და მიიღოს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ და კანონის უზენაესობის სტანდარტებს.სამწუხაროდ, მედიაგარემო გაუარესებას განაგრძობს. ასამბლეა აღნიშნავს, რომ პრესის თავისუფლების 2024 წლის მსოფლიო ინდექსის მიხედვით, საქართველო 77-ე ადგილიდან 103-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიშმა ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების სწრაფ გაუარესებას მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში. ამ კონტექსტში, ასამბლეა შეშფოთებულია მედიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც უკრძალავს მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინმედიას, პირდაპირი ან არაპირდაპირი უცხოური დაფინანსების მიღებას (გარდა კომერციული რეკლამის, პროდუქტის განთავსებისა და მსგავსი საქმიანობისა) და მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შინაარსის რეგულირების უფლებამოსილებებს, რომლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ფართოდ არის ეჭვქვეშ დაყენებული.ასამბლეა შეშფოთებულია დაშინებისა და შურისძიების შესახებ მიმდინარე ცნობებზე, მათ შორის მრავალრიცხოვან გათავისუფლებებზე, იმ საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ქვეყანაში არსებულ სოციალურ კრიზისზე ხელისუფლების რეაგირების მიმართ. ის გმობს ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ასუსტებს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დაცვას და საჯარო რეესტრის მიერ, გასულ წელს დაფუძნებული „საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციაზე მრავალჯერ უარის თქმას.ასამბლეა მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ შუალედური რეზოლუციის მიღებას, საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ETS №5) ფარგლებში. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ ეს კანონი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის მიღებით. ეს კანონი ემსახურება იმავე მიზნებს, რასაც სადავო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შეუსრულებლობისთვის და მძიმე გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოში. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასმ სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეშფოთება და რეკომენდაციები, რომელიც გამოთქმული იქნება ამ კანონთან დაკავშირებით მის მოსალოდნელ დასკვნაში. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია იმ კანონმდებლობის მიღებით, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობასა და კონსულტაციას, კანონშემოქმედებით  და სახელმწიფოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნისას, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების, პროკურატურის საბჭოსა და მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნის პროცესში. ასამბლეა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა აუცილებელია კანონმდებლობის საზოგადოებრივი მიღებისთვის, განსაკუთრებით დე ფაქტო ერთპარტიული პარლამენტის კონტექსტში, და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გააუქმოს ეს კანონმდებლობა.ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ფართო უფლებამოსილებებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების საქმიანობის შესასწავლად 2003-2012 წლებში“, რომელიც შემდგომში გაფართოვდა და მოიცავს პერიოდს, 2013 წლიდან დღემდე. ის შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაა დაყენებული იმ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებისა, ასევე სხვა პიროვნებების მიმართ, მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებს, რომლებმაც ამ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი თქვეს.ამ კონტექსტში ასამბლეა განსაკუთრებით ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის გაცხადებული განზრახვით, აკრძალოს „კოლექტიური ენმ“ და კანონმდებლობის შემოღებით, რომელიც კრძალავს ნებისმიერ მემკვიდრეს ან დაკავშირებულ პარტიებს. შესაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ასამბლეაში ქართული დელეგაციის ყოფილი წევრები დაკითხვაზე არიან მიყვანილი და შესაძლოა, დევნა სამართლებრივი დაემუქროთ 1633 (2008 წ.) რეზოლუციის „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების“ მხარდაჭერის გამო. საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ფაქტობრივი აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს წესდებით გათვალისწინებული საქართველოს წევრობის ვალდებულებების უხეში დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ძალაში შესული, ასეთი ქმედების მუქარაც კი უკვე აღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას ქვეყანაში და ხელს უშლის მიმდინარე კრიზისის მოგვარებას.ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამჟამად ასამბლეაში არ არის წარმოდგენილი საქართველოს დელეგაცია. რეზოლუციაში 2585 (2025) მოცემული პირობების დადასტურებით, ასამბლეა მიიჩნევს, რომ პროგრესის არარსებობა, ასამბლეის რეკომენდაციებისა და შეშფოთების აღმოსაფხვრელად, როგორც ეს ასახულია რეზოლუციაში 2585 (2025) და რეზოლუციაში 2561 (2024) „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“ და საქართველოში დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლა ზოგადად ხელს ვერ შეუწყობს ახალი ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას, თუ ისინი წარმოდგენილი იქნებიან ასამბლეის მომავალ სესიაზე.ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ასამბლეის მიერ რეზოლუციებში 2438 (2022) „საქართველოს მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების პატივისცემა“, 2561 (2024) და 2585 (2025), გამოთქმული შეშფოთება და რეკომენდაციები, რათა დაძლიოს ქვეყანაში არსებული კრიზისი და განაახლოს სრული თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და მის ასამბლეასთან“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები

მონიტორინგის კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში იქამდე, ვიდრე არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არ ჩაინიშნება ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.„მონიტორინგის კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა რეზოლუციაზე, ჩვენი მოლოდინები გამართლდა. ეს რეზოლუცია გაიმეორებს იმ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო იანვრის სესიაზე, სადაც მოითხოვა ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ეს დასახა პირობად, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში. აქედან გამომდინარე, კომისარი წულუკიანი და ივანიშვილის სხვა უსახელო პაიკები აქ თეორიულადაც კი დაბრუნდებიან მხოლოდ ოპოზიციის რანგში, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ციცინო შავაძე – დღემდე გრძელდება მუქარები, მადანაშაულებენ, რომ დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი, მინდა, ქვეყანამ კი არა, მსოფლიომ გაიგოს, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა

2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლის, ციცინო შავაძის განცხადებით, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ დღემდე მუქარები გრძელდება.ციცინო შავაძის თქმით, გაჩერებას არ აპირებს, ვიდრე დასჯილი არ იქნებიან მკვლელობის დამკვეთებიც.„მუქარები გრძელდება დღემდე. ყველაფერზე წამსვლელი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბოლომდე იყვნენ დამკვეთები დასჯილი. მე არ ვიცოდი მკვლელების სახელი, პირდაპირ ვამბობ, მე არ ვიცოდი მკვლელების, არცერთის სახელი, გვარი, საიდან უნდა მეთქვა? მადანაშაულებენ, რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი. უბრალოდ, ვერ ხვდებიან, რომ ყველამ აღიარა, ისინი იყვნენ ადგილზე, განახორციელეს დაჭერა, გაისროლეს და დამნაშავე მე ვყოფილვარ. მე არავის სახელი და გვარი არ დამისახელებია. არავის არ ვიცნობდი. ერთ-ერთმა მკვლელმა, რომას მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, იყიდა ბინა ჩემ გვერდით კორპუსში და დასახლდა. წარმოგიდგენიათ თქვენ, რა დანაშაულს ჩადიოდნენ? მინდა, ქვეყანამ კი არა, მსოფლიომ გაიგოს, რას წარმოადგენდა მაშინდელი მთავრობა. მინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მოდგმა არ არსებობდეს არსად. ყველას მოვუწოდებ, ჩვენ დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს, აღარ გვაქვს არც ოჯახი, არც ბედნიერება და არც მომავალი და კარგად იფიქრონ, გააკეთონ ყველაფერი სამართლიანად, არ შეიძლება, ამ ხალხს ენდო. გაჩერებას არ ვაპირებ, ერთადერთი თხოვნა მაქვს, ვიღაცამ ხომ დაუკვეთა ეს, კი, დაიჭირეს მკვლელები, ყველამ აღიარა, რომ იყვნენ ადგილზე, ესე იგი, ჩაიდინეს ჯგუფურად მკვლელობა. მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში, ვიღაცამ ხომ გასცა ბრძანება, გაეკეთებინა ეს კუდ-ის თანამშრომლებს, ისე ხომ ვერ ჩაიდენდნენ, თუ არ ექნებოდათ ბრძანება. ისიც გავიგე, რომ ბიჭების აყვანა როდესაც მოხდა. მეორე დღეს საქართველო დატოვა მერაბიშვილმა. რას უკავშირდება ეს, არ ვიცი. თუ ვინმემ რამე იცით ამ თემასთან დაკავშირებით, რისთვის დაიგეგმა ეს? თხოვნა მაქვს, დასჯილი იქნეს დამკვეთები. არის მუქარა, რომ ეს საქმე ასე არ დარჩება, რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ბიჭები, მსჯავრდებულების ახლობლების ოჯახის წევრები წერენ ფეისბუქგვერდებზე და ყველგან“, – განაცხადა ციცინო შავაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“.ამასთან, კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მუქარებს თვალს მიადევნებენ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით.„სტრასბურგმა თქვა, რომ როინ შავაძე მოკლულია სახელმწიფოს ხელით და იქვე დაადგინა, რომ ეს საქმე სათანადოდ გამოძიებული არ არის. ამის შემდეგ გააქტიურდა გამოძიება და დასჯილები არიან ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. შესაბამისად, მათ, მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერ მუქარას ჩვენ თვალს მივადევნებთ და მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ქალბატონმა ციცინომ ამდენი ბრძოლის შედეგად მოიპოვა მშვიდად ყოფნის და მშვიდად გლოვის უფლება, მის მიმართ მუქარა უნდა შეწყდეს. ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და თქვენ გთხოვთ, რომ კონფიდენციალურად მოგვაწოდოთ იმ პირების კონკრეტული გვარები და სახელები, ვინც თქვენ მიმართ მუქარას ან შევიწროებას გაბედავს“, – მიმართა თეა წულუკიანმა ციცინო შავაძეს.

ბოლო სიახლეები