წავიდა თუ გაუშვეს- პოლიტიკური სპექტრი სამთავრობო ცვლილებას აფასებს. ევროპული საქართველოს განცხადებით, ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან იმ კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ გამოააშკარავა.
პარტიის წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის განმარტებით, ალავიძეს სამინისტროში კორუფციული სისტემა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ჰქონდა აწყობილი.
„სიმართლე არის ერთი, მინისტრი მოხსნეს თანამდებობიდან იმ კორუფციული გარიგებების გამო, რომლის თაობაზეც„ევროპული საქართველო და ასევე, მედიის დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა. ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჭაობს. კორუფციული ფაქტები უკავშირდებოდა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს. ჩვენ ვიხილეთ სქემა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სეთურიძის და ალავიძის ფულის კეთების ნოუჰაუ. სეთურიძე და ალავიძე ახერხებდნენ იმას, რომ კერძო კომპანიები ჯერ იგებდნენ ტენდერებს გზების მშენებლობაზე და შემდგომ ამ კერძო კომპანიებში სამუშაოდ გადადიოდნენ სეთურიძის მოადგილეები, ეს სხვა არაფერია თუ არა ე.წ. ატკატის მიღების გზა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დღესვე ევროპულმა საქართველომ გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული მასალები სუსს მიაწოდა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პოსტი განცხადების საფუძელზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.
ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.