სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და გამოვთქვით მზადყოფნა, კიდევ უფრო განვავითაროთ ისინი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად ბევრს აკეთებს.
„ჩვენ ვისაუბრეთ სომხეთში ინსტიტუციურ რეფორმებზე და ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მიერ გაწეული დიდი ხნის მხარდაჭერის გაგრძელებაზე, კერძოდ, სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მათი შესაძლებლობების განვითარების მიზნით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მე ასევე ხაზი გავუსვი სომხეთისთვის გაწეულ მხარდაჭერას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამის შესაძლებლობების განვითარებისთვის. ორივემ ხაზი გავუსვით, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და გამოვთქვით მზადყოფნა, კიდევ უფრო განვავითაროთ ისინი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, აშშ და სომხეთი არაერთ სფეროში აღრმავებენ თანამშრომლობას, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციური ტექნოლოგიები.
„ტრამპის გზის ფარგლებში, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალიზაციის პროცესში მიმდინარე დიალოგის ლოგიკურ ეტაპს, მათ შორის გიუმრი-ყარსის რკინიგზის გახსნას. ჩვენ ასევე ერთობლივად დავაფიქსირეთ მნიშვნელოვანი მიღწევები ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ 8 აგვისტოს სომხეთსა და აშშ-ს შორის ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ხელმოწერილი მემორანდუმის წყალობით, განხორციელდება Firebird-ის მიერ სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ქარხნისა და მონაცემთა ცენტრის მშენებლობის მეგაპროექტი. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-ს მიერ წარმოებული მაღალი სიმძლავრის ჩიპების შემდეგი პარტიის ექსპორტის ნებართვების გაცემა სომხეთში დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის მაღალტექნოლოგიურ სექტორში მჭიდრო და გამჭვირვალე თანამშრომლობა კიდევ უფრო განავითარებს და გააძლიერებს სომხურ და ამერიკულ კომპანიებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

