პარასკევი, დეკემბერი 19, 2025

ნიკოლ ფაშინიანი – იმედია, საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდება, თუ არ მოგვარდება, ლოგიკურად, ბიზნესმენები ალტერნატიულ გზებს იპოვიან

იმედია, რომ საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდება, თუ ასე არ მოხდება, მაშინ სომხეთი და აზერბაიჯანი საქონლის ტრანზიტისთვის ალტერნატიულ გზას იპოვიან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული კითხვები ტარიფებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი მოგვარდება.

„თუ საკითხი არ მოგვარდება, ლოგიკურად, ბიზნესმენები იპოვიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

1-ლი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.აღნიშნული კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ბრიტანეთის მთავრობა – საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას

საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია, რომლის თარგმანსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.განცხადების თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი ენერგოუსაფრთხოების დაცვას რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით.„უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გაერთიანებულმა სამეფომ, 24 სახელმწიფოსთან ერთად, ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნას. ამ ახალი ხელშეკრულებთ უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, რათა საზარელი დანაშაულების ჩადენისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხელშეკრულება იმედისმომცემია ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, რომლებიც აგრესიის შედეგად დაზარალდნენ. ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.ასევე, მიმდინარე კვირას გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა განცხადება გააკეთეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების მთავარი სამიზნე რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად.გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას.ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავდა რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს. თუმცა,რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობკომპანიების დასანქცირებით,ჩვენ ვუახლოვდებით დარჩენილ 17%-ს.მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. “ჩრდილოვანი ფლოტი” არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას.ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგოუსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგო პარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი – ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსის მიამიტობა ან მავნებლობა, შეაგულიანო ქვეყანა,...

არა მხოლოდ ბორის ჯონსონმა, არამედ თავად ზელენსკიმაც განაცხადა გუშინ, რომ მას ბაიდენის დროსაც მკაფიოდ ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, რომ ნატო-ს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს, უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას.„უკრაინა ნატო-ში ვერც გაწევრიანდებოდა. ეს არის მთავარი, როდესაც არა მხოლოდ ბორის ჯონსონმა, არამედ თავად ზელენსკიმაც განაცხადა გუშინ, რომ მას ბაიდენის დროსაც მკაფიოდ ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, რომ ნატო-ს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს, უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას. სინამდვილეში ეს ითქვა ბორის ჯონსონის პირით. ომს, რომელსაც უკრაინა ოთხი წელია, აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი, ამ ომის ბოლოს, მხოლოდ ბოლოში ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის ნატო-ში მიღებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, ყოველ წელს ისმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები.„ჩვენ გვესმოდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, წლიდან წლამდე, ყოველ წელს გვესმოდა ღია კარი და რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები. ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გახდება, გახდება, გახდება წევრი. ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. ამას ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა, შეიძლება, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა. მეორე – ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, ძალიან რომ უყვართ ხოლმე ევროპიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ და ევროპელებსაც, რომ აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, უკვე სარკმელზეა, შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ.საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ომი რომ დაიწყო, არც ერთი ნატო-ელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში. ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ასე აშკარად ვხედავთ და ეს არის სწორედ სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რა, სინამდვილეში, ამაში ახალი არაფერი არ არის. ჩვენ, ქართველებს გვშველის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ვინაიდან სინამდვილეში არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო მოწყობილი ყოველთვის სამყაროს პოლიტიკა, უბრალოდ გარკვეული პერიოდი ძალიან კარგად ფუთავდნენ, გვაწვდიდნენ ლამაზად იმ წარმოსახვით რეალობას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას ბერგენის უნივერსიტეტში, ჰოლბერგის დებატების დროს განაცხადა: „მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს“.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან პირდაპირ ჰკითხა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბაიდენს, შეეძლო თუ არა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ „არა, თქვენ ნატო-ში არ იქნებით“.

გიორგი გაბუნია კაია კალასზე: ქალბატონი ამხანაგი ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა. წითელ იმპერიას გავეყარეთ სისხლის ფასად, ლურჯ იმპერიას გვინდა შევეყაროთ და იგივე...

"ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა", - ასე ეხმიანება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.გაბუნიას შეფასებით, საქართველო სისხლის ფასად გაეყარა წითელ იმპერიას, ლურჯ იმპერიასთან შეყრის მსურველი ქვეყანა კი ხედავს, რომ აქაც იმავე რეალობის წინაშე დგას, ვინაიდან, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება."ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა... ჩვენი საქმე ასეა: წითელ იმპერიას გავეყარეთ სისხლის ფასად და ახლა ლურჯ იმპერიას გვინდა შევეყაროთ და ვხედავთ რომ აქაც იგივე რეალობის წინაშე ვართ! დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება, არამედ მხოლოდ დამონებული, უსიტყვო მორჩილებით და ჩვენი ხალხის მიერ გაღებული სისხლის და ღვაწლის უგულვებელყოფით..." - წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე მისვლას აპირებს.„შვიდთვიანი იზოლაციის შემდეგ, როცა ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზორიდან გაქვს მიღებული, არ მგონია, მაინცდამაინც სწორი იყოს, ახლა მოვყვე, რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე, მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე, რამდენიმე დღე დამჭირდება აზრზე მოსასვლელად. რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა, სხვებს დაველაპარაკო და შემდეგ ვიტყვი, ჩემი აზრით რა იქნება სწორი.ახალ ბრალს რაც შეეხება, გზავნილი არ არის მარტო ჩემზე, არამედ ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც და ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტახანი გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ ხელახლა, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩუმდეთ, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ. არავინ არ არის ამის გამკეთებელი. არც მე ვაპირებ და არც არავინ დააპირებს, რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მგონია, რომ კარგად ვიცნობ. მე არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა შვიდი წლით ან 15 წლით, ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. მუდმივად განცდის ქვეშ რომ იყო, ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ დროს ჩაგსვან ციხეში. ჩვენი ამოცანაა, რომ მაგრად ვიყოთ. ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, ეფექტურად გამოვიყენოთ. დღეს საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასვლას. რაღაც შეხვედრები უკვე დაგეგმილი მაქვს, ოპოზიციურ სპექტრთანაც, პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს.ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიაც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს გზა ისეთი რთული, რაც გამოვიარეთ ამ ქვეყანამ, ხალხმა ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში. გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა. ბოლოს ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ეს ქვეყანა ვერ გარუსდება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა და გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა. 22 მაისს ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ბოლო სიახლეები