დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
„ამას ვიხვეწებით ორწელიწადნახევარია, რომ იურიდიულად, სამართლებრივად განვიხილოთ პუნქტობრივად კანონი. აქ ხომ კანონზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ შეფასებაზე, ან პოლიტიკურ განცხადებაზე. ამ შემთხვევაში უნდა დასხდნენ ეს ექსპერტები, იურისტები, სამართალმცოდნეები და პუნქტობრივად განიხილონ კანონი, ეს არ არის რაღაც რთული საქმე. ეს ძალიან მარტივი ამოცანაა და მაქსიმუმ, 48 საათში ეს კანონი შეიძლება, განხილული იქნას ექსპერტების მხრიდან. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ არ უნდათ წაგებულ თამაშში შემოსვლა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არანაირ ევროპულ ნორმას არ ეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საჯაროობა და წელიწადში ერთხელ ანგარიშგება სახელმწიფოსთან, ეწინააღმდეგებოდეს რამე ევროპულ ფასეულობას, ან ნორმას”, – განაცხადა სამხარაძემ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ რამდენიმე ორგანიზაციას შეექმნა ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდა, ან შეზღუდვის საფრთხეები გაჩნდა, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ეს არის ტყუილი.
„ეს ტყუილია. გადავხედოთ, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და მათ დაფინანსება კანონის გამო კი არ შეეზღუდათ, მათ დაფინანსება ძირითადად, შეეზღუდათ იმის გამო, რომ უმთავრესი დონორი ორგანიზაცია USAID-ი, რომელიც იყო ყველაზე დიდი დონორი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, უბრალოდ დაიხურა, აღარ არსებობს. „გამჭვირვალობის კანონის“ გამო არც ერთი ორგანიზაცია არ დახურულა და არც მომავალში არ დაიხურება. იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მოითხოვს ერთადერთ რამეს, ეს არის წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

