ორშაბათი, ივნისი 9, 2025

ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა უთხრეს არ გაისროლოო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა

2003–2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, “ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” დამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგუაძემ ისაუბრა.

ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს ყინწვისში დაკავების მომენტში მეგის ქარდავასთან შეხვედრის მომენტს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.

გოგუაძის თქმით, დაკავების მომენტში დიდ გაურკვევლობაში იყო მეგის ქარდავაც და სპეცრაზმიც, რამდენადაც ყინწვისში მყოფი ადამიანების ლიკვიდაცია სურდათ და დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა.

“ყველანი დაგვყარეს იატაკზე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ან ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, კითხულობდა გოგუაძე რომელიაო, მე ვუთხარი მე ვარ- მეთქი. ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე, ამწია და მიკროავტობუსში შემაგდო. სადაც მითხრა პირდაპირ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა “აი ამ მარშუტკაში დაგტოვებო”. ავტომატი მოშვერილი აქვს მეგის ქარდავას, ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს, მეორით მუხლზე უდევს ავტომატი. იღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს – წინ მიზის და დავამთავროო, ეს მესმის საუბარი. შემდეგ ყურმილს უთიშავს ის და ეტყობა უთხრა გადმოგირეკავ მოიცაო, აი ეხლა წყდება შენი ბედიო, მე მეუბნება. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გამწარდა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქედან უთხრეს არ გაისროლოო, ჩავიდა დაბლა და მერე ნელ-ნელა ყველა ბიჭი გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში, დიდი გაურკვევლობა იყო, იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება როგორც ასეთი მაგათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა, იმიტომ, რომ არ იცოდნენ რა ექნათ ჩვენთვის, ყველა სადღაც რეკავდა, რა ვქნათ, აქ გვყავს, ეს გვესმოდა ჩვენ”, -განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება, რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება – მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება.რუტეს თქმით, რუსეთი  სამ თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც NATO მთელი წლის განმავლობაში.„რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან. ისინი აფართოებენ შეიარაღებული ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს, უფრო სწრაფად აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ჩვენ ყველა აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალ თაობას შეუძლია, იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის დედაქალაქებთან დისტანცია რამდენიმე წუთის საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი – არის მხოლოდ NATO“, – განაცხადა რუტემ.

გიორგი ბაჩიაშვილი -როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი?

ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით ჩამოიყვანეს საქართველოში.„ბიძინა ივანიშვილმა როდესაც ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სახელმწიფო სამსახურში, მომთხოვა, დამეწყო ანტიდასავლური და ანტიქართული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე შათირიშვილი აქვეყნებს. ანუ, ზუსტად მანდ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენ შორის შემდეგ გაიზარდა. ამ უარის შემდეგ გავხდი მიუღებელი, შესაბამისად, ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელსაც გავდიოდი წინა ორი წლის განმავლობაში. ერთადერთ გზად დამიტოვა საკუთარი ბედის ხელში აღება, ამაში არის მთელი უბედურება. თუმცა ესეც არ ეყო. შემდეგ მიმართა კრიმინალურ მეთოდს, მოტაცებას. იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, მეთოდს, რომლითაც კალაძეს ძმა მოსტაცეს ზუსტად იმავე მიზნით, ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარაწამოფარებული, უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს. ალბათ თქვენთვის გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ, სუს-ი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ, როგორ ვიპოვო სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც, ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ორი წელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო მე და ჩემ ოჯახს? ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში. როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო და ერთს სხვა სამართალს უწყობთ, მეორეს – სხვას? მალე ალბათ ორი კონსტიტუცია იქნება მიღებული ჩვენთვის. ზოგიერთები ტელევიზიით ამბობენ, რომ რა კარგია, ხომ ხედავთ წამება არ არისო. აბა, ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? ჰკითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს, სინდისის პატიმრების მშობლებს, მათ ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბადრი ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ამაზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ მიღებული არ აქვთ.მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან.„ჯერ ვერ ვიტყვით , რადგან შესაბამისი ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ამაზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. რა თქმა უნდა, ის პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ, მოითხოვს ყურადღებას, რადგან ცხადია, რომ მთავარი საკითხები, სამწუხაროდ, რჩება პოლიტიკური განხილვების მიღმა, - ეს არის ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, უამრავი ახალგაზრდის გადინება ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური დებატები, ყურადღების მიღმა ტოვებენ იმ საკითხებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან აწუხებს,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Louis Vuitton -ის ახალ საზაფხულო კატალოგშია

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი  Louis Vuitton -ის ახალ საზაფხულო კატალოგშია.ნახეთ უახლესი ფოტოები:

კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ფაქტს, რაც, მერების თქმით, ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჯუზეპე სალას გულთბილი მასპინძლობისთვის და იგი საქართველოს დედაქალაქში მიიწვია.„მადლობას გიხდით მეგობრული და გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოს და იტალიას თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, მჭიდროა ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის. იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება თბილისისა და მილანის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რისთვისაც პირადად მე, როგორც თბილისის მერი, ძალისხმევას არ დავიშურებ. ათი წელი გავატარე მილანში და მინდა, ის დიდი გამოცდილება, რომელიც მილანს, როგორც ევროპის წამყვან ქალაქს აქვს, თბილისმაც გაიზიაროს. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს თბილისში. არაერთი პროექტი განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით და წინ საკმაოდ ამბიციური გეგმები გაგვაჩნია. ვისარგებლებ შემთხვევით და გიწვევთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში, რომელიც ვფიქრობ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ცნობით, მილანის მერმა მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და გამოხატა სრული მზაობა ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.„მზად ვარ, ხელი შევუწყო მილანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, მინდა, შემოგთავაზოთ ჩართულობა NC40 cities-ში – მსოფლიოს მასშტაბით არსებული ქალაქების ქსელში, რომელიც კლიმატის ცვლილებას ებრძვის. ეს არის, როგორც პოლიტიკური, ისე ტექნიკური ქსელი, ზუსტად მერების ჩართულობისთვის. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მილანში. ამდენად, საკონსულოს გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის მთელი რიგი საკითხების გადაჭრის კუთხით, ისე ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ჯუზეპე სალამ.მილანის მერიაში გამართულ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.

ბოლო სიახლეები