ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

ნიკა გილაური – დასასანქცირებელთა სიაში ჩემი ძმის მოხვედრა მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა „კაგებეშნიკური“ ხელწერა

დასასანქცირებელთა სიაში ჩემი ძმის მოხვედრა მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა „კაგებეშნიკური“ ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გილაური წერს, რომ პირადი არხებით აშშ-ის კონგრესსა და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და დარწმუნებულია, რომ შეცდომა მალე გასწორდება.

„„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ჩემი ძმაც არის მოხსენიებული, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, სანამ „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას. გუშინ დაიდო ეს განცხადება, სადაც ძალიან კარგად არის განმარტებული, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო (რომელიც სრულად ევროპელი და ამერიკელი დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება) უცხადებს სრულ ნდობას ირაკლი გილაურს და „არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა, შესაძლოა, განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას“.

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავიანთი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრებს, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არმონაწილეობის წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე – თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ. კაგებეშნიკური ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა – თუ ვერ აჩერებ პროცესს, რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს, მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები, სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც „სასარგებლო იდიოტების“ გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა „არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს“, და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.

„საქართველოს კაპიტალის“ განცხადებაში ასევე წერია შემდეგი: „დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად“.

მინდა, აქვე დავამატო, რომ მეც ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ის კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი, ვისზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი, აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია – შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზის გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს““, – წერს ნიკა გილაური.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს

სომხეთის რესპუბლიკის მიერ გატარებული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა თავის მთავარ ეტაპს აღწევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რეგიონის მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე. „ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე. ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და სტაბილურობის გარანტია. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. სომხეთის რესპუბლიკამ წარადგინა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების ყველა არსებულ საკითხზე. სომხეთმა შემოიტანა არა მხოლოდ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციების პროვოცირების ყველა მცდელობა მოკლებულია ლეგიტიმაციას და საფუძველს, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ესკალაციის მცდელობები წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან უფრო პრაგმატულია, ვიდრე ოდესმე, აქცენტი კონკრეტულ საკითხებზე ემოციური შეფუთვის გარეშე. ჩვენ მოწოდებული ვართ, განვავითაროთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან გამყარდა და განვითარდა. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, რაც დაფიქსირდა ასევე ბრიუსელში. სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენმა ურთიერთობამ ინდოეთთან ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ვითარდება და ღრმავდება. ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ეს პოზიციონირება ქმნის მყარ საფუძველს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მარადიულობის დღის წესრიგის წარმატებით შესრულებისთვის, რომელიც განხორციელდება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომავალ ეტაპებზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ვლადიმერ ბოჟაძე – ბათუმში რაც მოხდა, პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის დაპირისპირება, კონფლიქტი, ძალადობა, რომელიც მიუღებელია

პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბათუმში გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რაც ბათუმში მოხდა, დაპირისპირება იყო. „ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიასთან მიმართებაშიც დაველოდოთ გამოძიებას. ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება ორივე საქმეზე დაწყებულია. პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა. გუშინ რაც „შერატონში“ მოხდა, დაპირისპირება იყო. ეს იყო ძალადობა, რომელიც არის მიუღებელი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. „მოვისმინე ზვიად ქორიძის განცხადება, გახარიას პოსტი გავრცელდა, რამდენიმე წუთის წინ და ვიცი მთავარი, რომ დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ძალადობა მიუღებელია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა აუცილებლად უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც არ უნდა ვიყოთ. მედიის წარმომადგენელი ვიქნებით, მოქალაქე ვიქნებით, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა. ჩემს თანაგუნდელებთან არ მისაუბრია. მეც გამოძიების შედეგებს ველოდები. მოვისმინე ზვიად ქორიძის პოზიცია და დამოკიდებულება, ზვიად ქორიძემ თავად მოჰყვა და თქვა, რომ ფეხებს ურტყამდა მაგიდასო. უფლება არ მაქვს ზვიად ქორიძის სიტყვებში ეჭვი შევიტანო, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველა ერთად გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე. ი. ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი...

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარია და და ზვიად ქორიძეზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მათ: "მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესე იგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო? )))) მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!"- წერს ალეკო ელისაშვილი  სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე  და ჟურნალისტ  ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს  და  მოუწოდებს  საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ  პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ  ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე  თავდასხმა  არ გახდეს წახალისებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე – დაღუპულია 4 ადამიანი

თბილისი - ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა ავტომობილებს დაეცა. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავდა.შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.

ბოლო სიახლეები