ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ.

ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენისთანავე, გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. ნია იმნაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულია გიორგი მალანია და საქმე არსებითად იხილება სასამართლოში. ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულია ანი ნასყიდაშვილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ – სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს.რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

ვიქტორ ორბანი – პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს

პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ორბანი უნგრეთის პარლამენტის მიერ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა.უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისმა პარტია „ფიდესმა“ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი შეიმუშავა, ახლა კი მადიარის „ტისამ“ ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა.„პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის” წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პარტია „ტისამ“ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი გადაწერა. შესწორება LGBTQ ორგანიზაციების უფლებების გაფართოებას და უნგრეთის ბავშვთა დაცვის წესების შესუსტებას ეხება. „ფიდესის“ მთავრობამ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი წარადგინა. „ტისამ“ ახლა ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა. მშობლების გვერდის ავლით, ისინი უნგრეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გენდერული პროპაგანდის დაბრუნებას უშვებენ.გარდა ამისა, „ტისას“ ნაბიჯი ღრმად არადემოკრატიულია. 2022 წლის ბავშვთა დაცვის რეფერენდუმში 3.5 მილიონმა უნგრელმა უარი თქვა გენდერულ პროპაგანდაზე. „ტისას“ მთავრობა ახლა მათ ნებას უგულებელყოფს“,- წერს ორბანი.ცნობისთვის, 13 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტმა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მისცა ხმა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა. კანონპროექტს მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, 51 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ კონტენტში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების „გამოსახვის“ ან „პროპაგანდის“ აკრძალვის ნაცვლად, ახალი კანონი 18 წლამდე ასაკის პირებს იმ მასალისგან დაიცავს, რომელმაც შეიძლება, „სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური ან მორალური განვითარება“.უნგრეთში 2021 წელს ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ დიდი უმრავლესობით მიიღო „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერიზმის წარმოჩენას ან პოპულარიზაციას“ კრძალავდა. 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რუსეთში მისი ჩასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, ის რუსეთში იმყოფება.„MS NOW-მა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ჩავედი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებთან შეხვედრების გასამართად. იგივე მედიასაშუალება მუდმივად ავრცელებს სიცრუეს FBI-ისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამერიკელი ხალხის დაცვის მიმართულებით მიღწეული ისტორიული წარმატებების შესახებ.შედეგები თავად მეტყველებს: ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 53 969-ზე მეტი პირი. ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა;ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების მაჩვენებელი თითქმის 20%-ით შემცირდა;დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი 31 016-ზე მეტი პირი და კრიმინალური დაჯგუფებების წევრი. ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა;დაკავებულია FBI-ის მიერ ძებნილ, ყველაზე საშიშ ათ დამნაშავეს შორის მყოფი 10 გაქცეული პირი. ეს წინა ოთხი წლის მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია;აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია დანაშაულის მსხვერპლი 11 081-ზე მეტი ბავშვი. ეს მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა;ამოღებულია 3 258 კილოგრამზე მეტი ფენტანილი. ეს მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა. ამ რაოდენობის ფენტანილი საკმარისია 247 მილიონზე მეტი ამერიკელის მოსაკლავად.ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს FBI-ის თანამშრომლებისა და ჩვენი ყველა პარტნიორის – შტატების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ტომობრივი ხელისუფლებების სამართალდამცავი სტრუქტურების დაუღალავი შრომის შედეგია.მათ ბოდიში უნდა მოუხადონ FBI-ს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ქალებსა და კაცებს, ამერიკელ ხალხს“, – წერს კეშ პატელი სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი – პოლიტიკური ძალები უფროსკლასელ მომიტინგეებს იყენებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალები საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ უფროსკლასელებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მისმა პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა გაავრცელა.ბრეჟონის თქმით, მთავრობის სხდომაზე მაკრონმა „ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდებს საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზები აქვთ, თუმცა აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და პროტესტს ქუჩის არეულობად აქცევენ“.პრესსპიკერის განმარტებით, მაკრონმა მოსწავლეთა აქციებზე საპასუხოდ, მთავრობას რამდენიმე კვირის განმავლობაში „კონკრეტული ზომების“ მომზადება დაავალა.საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში 161 500 ადამიანი მონაწილეობდა. აქციების ორგანიზატორი პროფკავშირები კი ამბობენ, რომ მიტინგებს 480 ათასი მოქალაქე შეუერთდა.პარიზსა და ლიონში საპროტესტო მსვლელობების დროს ძალადობის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.13 ოქტომბერს საპროტესტო აქციებს შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგიც შეუერთდა.

ჯორჯია მელონი – ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა

ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, –  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მელონის განცხადებით, კაპიტულაცია მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია უცვლელია – კიევის მხარდაჭერა, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება იტალიის მთავრობის მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება.„ვიცი, ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს – როგორც ამ დარბაზში, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივს ვცემ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს და მესმის კიდეც მათი, რადგან ამ დარბაზში ომი არავის სურს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. განსხვავება იმაშია, როგორ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან, აგრესორს თუ შეუძლია მოწინააღმდეგეს დანებება მოსთხოვოს, მაშინ მოლაპარაკებები რაღაში გვჭირდება? თუმცა დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ ვისაუბრებდით ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა ტიპის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რომელსაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცნობდა. პირადად მე ის წლები არ მენატრება. არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი მენატრება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვით და რომლის მისაღწევაზეც ვმუშაობთ – მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით გარკვეული ფასის გადახდის მიუხედავად – სამართლიანი მშვიდობაა. მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპასა და ჩვენს ინტერესებს. ამიტომ, მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – კიევის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა ჩვენი მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება“, – აღნიშნა მელონიმ.

ბოლო სიახლეები