ნავთობის კრიზისი: არის თუ არა მსოფლიო უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე 1973 წელს იყო?
ირანზე ისრაელ-აშშ-ის პირველი თავდასხმებიდან ათი დღის შემდეგ, ნავთობის ფასები ოდნავ დასტაბილურდა. არადა, სამხედრო ოპერაციის პირველ დღეებში, მან ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გამო ფასების ხელახალი მკვეთრი ზრდის რისკი კვლავ არსებობს, ვითარება 1973 წლის ნავთობის შოკისგან მაინც ძალიან განსხვავდება. სააგენტო „ფრანს პრესი“ განმარტავს, თუ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება.
ბლოკადა ემბარგოს წინააღმდეგ
ამჟამინდელი კრიზისის მექანიზმი 1973 წლის დროინდელი მოვლენებისგან რადიკალურად განსხვავდება. მაშინ შოკს პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა – იომ-ქიფურის ომის დროს, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) წევრი არაბული ქვეყნების ემბარგო პრო-ისრაელური დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო მიმართული. 2026 წლის შოკი კი უფრო ლოჯისტიკურია და განპირობებულია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის სამხედრო ბლოკადით, რომელიც საკვანძო სატრანზიტო წერტილია – ეს სრუტე გლობალური ნავთობპროდუქტების დაახლოებით 20-მა პროცენტმა უნდა გაიაროს. დღეს ნავთობის მწარმოებლები რესურსის მიწოდებაზე კი არ ამბობენ უარს, არამედ მათი პროდუქცია ფიზიკურადაა დაბლოკილი. „საუდის არაბეთს, ერაყს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითს აქვთ შესაძლებლობა, ბაზრის სტაბილიზაციისთვის მიწოდება გაზარდონ, მაგრამ მათ ხელს უშლის ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი ჰორმუზზეა დამოკიდებული“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ ფრანგული ანალიტიკური ცენტრის, IRIS-ის ენერგეტიკის ექსპერტმა, ფრანსის პერენმა.
ეს შეფერხება ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნედლი ნავთობის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების ნაკლებობის შედეგია. ენერგეტიკის სფეროს კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ს ანალიტიკოსი, ჟორჟე ლეონი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის ამ გიგანტებმა, ადგილობრივი საცავების სიმძლავრის ნაკლებობის გამო, ნავთობის წარმოების შემცირება უკვე დაიწყეს. „მიმდინარე კრიზისი შესაძლოა დიდ ენერგეტიკულ კრიზისად იქცეს, თუ ის დროში გახანგრძლივდა“, – განუცხადა მან „ფრანს პრესს“. ექსპერტების აზრით, სწორედ ეს ბუნებრივი განსხვავება – მიზანმიმართული დიპლომატიური განხეთქილების ნაცვლად, ფიზიკური ბარიერის არსებობა – პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ფასების ისეთ მკვეთრ ნახტომს, როგორიც 1973 წელს მოხდა, როდესაც სამ თვეში ფასები ოთხჯერ გაიზარდა.
საარჩევნო წნეხი აშშ-ში
ირანის მუქარა, რომ სანამ ომი გრძელდება, აშშ-ისა და ისრაელის მოკავშირეებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტს დაბლოკავს, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების შენარჩუნებას ისახავს მიზნად, რაც ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ზეწოლას ზრდის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნებისმიერ ფასად შეეცდება, თავიდან აიცილოს ნავთობის ფასების ხანგრძლივი ზრდა, რაც, შესაძლოა, ამ არჩევნებში მისი აქილევსის ქუსლი გახდეს. ორშაბათს, ტრამპმა ფასების ზრდა იმის მტკიცების ხარჯზე შეაჩერა, რომ ომი შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე დასრულდეს. მას შემდეგ, რაც ინდოეთს რუსული ნავთობის დროებით იმპორტის ნება მისცა, მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ზოგიერთ სანქციას გააუქმებს.
სტრატეგიული მარაგები
ნავთობის პირველი დიდი შოკისგან განსხვავებით, რისთვისაც დასავლეთის ქვეყნები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებს ახლა უკვე შეუძლიათ უზარმაზარ სტრატეგიულ მარაგებს დაეყრდნონ, რომლებიც სამი თვის იმპორტის ეკვივალენტურია. ამ უსაფრთხოების ქსელს მართავს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) – ინსტიტუტი, რომელიც 1973 წლის კრიზისის შემდეგ სწორედ მსგავსი საგანგებო სიტუაციების დარეგულირებისთვის შეიქმნა. ირანული ბლოკადის კომპენსირების მიზნით, აგრეთვე ფასებით სპეკულაციის შესაჩერებლად და მიწოდების დეფიციტის შესავსებად, IEA-მ, შესაძლოა, მალე ბაზარზე ამ მარაგების ნაწილი გამოიტანოს. „ეს არის დამცავი სარქველი, რომელიც ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება“, – გვაფრთხილებს პერენი.
„მწვანე ენერგიაზე“ გადასვლის შიში
ძალთა ბალანსიც რადიკალურად შეიცვალა. მაშინ, როცა 1973 წელს ოპეკმა ქაოსით ისარგებლა და ნავთობზე რეკორდული ფასები დააწესა, დღეს ექსპორტიორი ქვეყნები შიშობენ, რომ ფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი, შესაძლოა, „მწვანე ენერგიაზე“ გადასვლის ყველაზე ძლიერ არგუმენტად იქცეს. გამოწვევა მით უფრო რთულია, რადგან ნავთობზე დამოკიდებულება მსოფლიოში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. „ჩვენ ჯერ კიდევ გვიჭირს ნავთობის, როგორც მეფის, ჩანაცვლება“, – განაცხადა პერენმა და გაიხსენა ამ პროდუქტის შეუცვლელი როლი ტრანსპორტის სფეროსა და ნავთობქიმიაში. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ენერგეტიკულ მიქსში ნედლი ნავთობის წილი შემცირდა, საერთო მოხმარება მაინც რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს.
„თუ კონფლიქტი კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება, ადვილად შეიძლება, ფასები 140 დოლარამდე გაიზარდოს, რაც გლობალურ ეკონომიკას შეასუსტებს“, – ვარაუდობს ჟორჟე ლეონი.

