ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

“მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას”

მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის ცოდვებთან და ბოროტებასთან ერთად, ვერ ხედავს საკუთარ თავში მეორე, ნათელ მხარეს.

„დღეს არის ხსენება ეკლესიის დიდი წმინდა მამის, იოანე კიბისაღმწერლისა. იგი ამბობდა, რომ სინანულის ღვაწლს აჩრდილივით თან ახლავს ორი საშიში თანამგზავრი – მოწყინება და სასოწარკვეთილება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს მხოლოდ ცოდვასა და ბოროტებას. როგორც საპყრობილეში, ასე იკეტება ამ განწყობაში, ამ ხედვასა და ამ განწყობის ტყვეობაში ექცევა.

სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის ცოდვებთან და ბოროტებასთან ერთად, ვერ ხედავს საკუთარ თავში მეორე, ნათელ მხარეს, რაც არის ხატება და მსგავსება ღვთისა. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს სახიფათოა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის სულში პარალიზებას ახდენს იმ დიდი შემოქმედებითი და ნათელი ძალისა, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანის ბუნებას საოცარი ნიჭის სახით.

ურწმუნო ადამიანებისგან ხშირად გვსმენია, რომ არა მარტო ჩვენი სინანული, არამედ მთელი ქრისტიანული ცხოვრება გამსჭვალულია ამ მოწყინებით, სევდითა და სასოწარკვეთილებით. ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ სულ თავს იმდაბლებთ და ყველგან ხედავთ მხოლოდ ცოდვას, ბოროტებას. განა შეიძლება ასე ცხოვრებაო? მაგრამ ეს არის დიდი ცილისწამება ქრისტიანობის მისამართით, ვინაიდან ჩვენ არ ვხედავთ მხოლოდ ბოროტებას, ეს დიდი ტყუილია! მართალია, წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ,,სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას”, ანუ ეს ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული; და იგივე მოციქული ამბობს, რომ ,,ნუ შეიყვარებთ ამასოფელს, ნურც ამასოფლიურ რასმე”, მაგრამ ეს არ ეხება იმას, რაც ღვთის არის ამ სამყაროში, ვინაიდან სამყაროა ღვთისა.

ამქვეყნად ბევრი რამ არის ღვთისა, ბევრია სიკეთე და ბევრია სინათლე. სწორედ ამ სინათლეზე ქადაგებს ქრისტიანული სარწმუნოება. სინანულის ღვაწლი ყველაზე უკეთ ხსნის ჩვენში ამ სინათლის ძალას. რა არის ეს სინათლის ძალა? ეს არის ქრისტეს აღდგომის სინათლე. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ სიხარულს და ვიცით, რომ ჩვენი ცოდვების ხედვა, მათთან ბრძოლა, ეს არის გზა სიხარულისკენ, რადგან მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას.

დიდმარხვაშიც, ძვირფასო ძმებო და დებო, დედაეკლესია სწორედ ამ სიხარულზე გვასწავლის. თქვენში ჩადებულია ხატება ღვთისა, – გვეუბნებოდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ კვირას. დიდი მარხვის მეორე კვირას ჩვენ გვესმოდა წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომ ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა, მესამე კვირას (გასულ კვირას), ტაძრის შუაგულში გამობრძანებული იყო წმინდა ჯვარი, როგორც საღვთო სიყვარულის დიდი ნიშანი. აი, რა გვაძლიერებს და რა გვიცავს, რა ნიშანს ვატარებთ ჩვენს სხეულზე. და აი, დღესაც, მარხვის მეოთხე კვირასაც, უფალი მოგვიწოდებს, რომ ვირწმუნოთ ღმერთის, გვწამდეს ადამიანის და გვწამდეს იმ სიკეთის, რომელიც ყოველ ადამიანში, ჩვენშია ჩადებული; რაც არის, როგორც მოგახსენეთ, ღმერთისგან გამომავალი მარადიული ნათელი, რომელიც სინანულის გზაზე უნდა გაიხსნას ჩვენში.

დღეს ღირსი იოანე კიბისაღმწერლის მაგალითით, შემდეგ კვირას კი ღირსი მარიამ ეგვიპტელის მაგალითით ეკლესია გვაჩვენებს, თუ რა სულიერ სიმაღლეზე აჰყავს ამ სინათლის ძალას ადამიანი და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მთელი გულით ვუპასუხოთ ამ მოწოდებას, ვუერთგულოთ ღმერთის, ადამიანისა და სიკეთის ისეთ რწმენას, რომელიც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – პიტერ ანდრეოლის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება შეძლოს, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება მიტაცებულია

პიტერ ანდრეოლის ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, პიტერ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა.„შეთანხმება აზერბაიჯან-სომხეთს შორის და სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი პროექტის განხორციელება უნდა გულისხმობდეს საქართველოს თანამონაწილეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ამ უდიდეს შესაძლებლობას და პოტენციალს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კარგავს, რადგან ის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერების პირობებში, საქართველოში აძლიერებს ისეთი რეჟიმების გავლენებს, როგორებიც არის კომუნისტური რუსეთი, კომუნისტური ჩინეთი და ტერორისტული ირანი, რომელთანაც, იცით, რომ აშშ ღია ომშია. ამაზე ჩვენი ამერიკელი მეგობრები ინფორმირებულები არიან, მათ შორის ისინი, ვინც ახლა საქართველოში იმყოფებიან. თავად დირექტორ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში, ბუნებრივია, ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხვდება ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამითაც თავისთავად უნდა შეუქმნას ყველას სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვთ მათ ამ ვიზიტის დროს, რომ, რეალურად, ეს ვიზიტი არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება. თუმცა ეს ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების  ინტერესებს, არამედ ჩვენს ქვეყანაში ირანის, ჩინეთისა და რუსული გავლენების გაძლიერებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება.

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ახალი, საერთო წესების შემოღებას, რომლებიც კორუფციის პრევენციისა და წინააღმდეგობის სამართლებრივი ჩარჩოს ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ. კანონი 581 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ 21 დეპუტატი წავიდა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა.კანონის თანახმად, კორუფციად მიიჩნევა: ქრთამი, საჯარო თანხების მითვისება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, გავლენებით ვაჭრობა, კორუფციასთან დაკავშირებული უკანონო გამდიდრება და ა.შ. კანონი ასევე უზრუნველყოფს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმალური სასჯელი არ იყოს ძალიან რბილი. წევრ ქვეყნებს კი შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ სასჯელი.წევრ ქვეყნებს დაეკისრათ მოვალეობა, ყოველწლიურად მიიღონ და განაახლონ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიები, პროცესში ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება, შეაფასონ რისკები, უზრუნველყონ ნდობითი მექანიზმები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევისთვის, გამჭვირვალე გახადონ პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება და სხვა მსგავსი ღონისძიებები.ასევე, ახალი წესების თანახმად, უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროპულ ორგანოებსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„„ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“ (გამოცხ. 14:13). ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის უფლისმიერ მიძინების შესახებ.ჩვენს გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიის საყვარელ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მრევლს, რომლებიც გლოვობთ ამ საყვარელი მწყემსის დაკარგვას. მხურვალე ვედრებას აღვავლენთ მისი სულის განსასვენებლად, რათა მან ჰპოვოს „ერთგული და გონიერი განმგებლის“ (ლუკა 12:42) კუთვნილი ჯილდო.იყოს ხსენება მისი საუკუნო. ლოცვითა და აღდგომილი უფლისმიერი სიყვარულით“, – ნათქვამია 19 მარტით დათარიღებულ სამძიმარში.

კახა კალაძე – შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სამი პოლონელი დეპუტატის მოთხოვნას, საქართველოში სამი ტელეკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, აღნიშნული დეპუტატების მოთხოვნაც არგუმენტებს მოკლებულია და მათ პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.„შეტევები, მუქარები გრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ შანტაჟს. მაგალითად, ბრიტანეთმა გამოსცა დასანქცირების ბრძანება კონკრეტულ ტელევიზიებთან მიმართებით, მაგრამ არანაირი არგუმენტები არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, აქ უკვე ორმაგი სტანდარტი შემოდის. მათ უნდათ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს. ეს დემოკრატიისგან შორსაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.როგორც ცნობილია, ტანკერზე იერიში განხორციელდა უპილოტო ნავით. ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის სატრანსპორტო მინისტრი ურალოღლუ.თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ტანკერი, თუმცა ბორტზე მყოფი 27 მეზღვაური არ დაშავებულა.უკრაინის დაზვერვის ცნობით, ALTURA თურქული კომპანიის, Pergamon Shipping-ის გემია და სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გადასაზიდად გამოყენებულ რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნება.

ბოლო სიახლეები