რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ? იმ დღეს, 4 ოქტომბერს, ათონელის მოედანზე? – ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ, სპეცრაზმელ იოსებ როსტიაშვილს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე იკითხება.
როგორც ზოდელავამ აღნიშნა, სპეცრაზმელი დეტალურად ჰყვება იმ პროცესების შესახებ, რაც ზოგადად, აქციის თანმდევია, თუმცა არ აღწერს ისეთ სურათს, რაც დაადასტურებდა, რომ 4 ოქტომბერს განსაკუთრებული შეტევა მოხდა.
„სხვა დროსაც მიგიღიათ მონაწილეობა აქციების თანმდევ პროცესებში, როგორც უფლებამოსილ პირს. საქართველოს მოქალაქე ხართ და ასევე გინახავთ სხვა აქციები, თვალი მიგიდევნებიათ მაინც. თქვენ, თქვენი საქმიანი გამოცდილების ფარგლებში მონაწილეობდით აქციებში, მიგიღიათ მონაწილეობა აქციებში, გინახავთ ბევრი აქცია, ბევრი შეხლა-შემოხლა და ხართ ამ აქციის, ათონელის მოედანთან მიმდინარე აქციის თვითმხილველი. თქვენს პასუხებში იყო თვითმხილველის პოზიცია, როგორც გდდ-ის თანამშრომლის და ადამიანის, რომელმაც დაინახა პროცესი როგორც აქცია, შეხლა-შემოხლა და აქციის თანმდევი პროცესი. რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ? იმ დღეს, 4 ოქტომბერს ათონელის მოედანზე? მაგალითები მოვიყვანოთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არავის გაუტყორცნია ხომ 4 ოქტომბერს? თქვენ ეს არ გინახავთ იმიტომ, რომ აღწერეთ კარგად, ხატოვნად ქვის ტყორცნის მომენტები, შეხლა-შემოხლა, ეს ვითარება რაც ზოგადად დამახასიათებელია აქციისთვის საქართველოში და კვაზი დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, სადაც დემოკრატია ხეიბრის დონეზეც არსებობს, რაიმე ასეთი ხომ არ შეგიმჩნევიათ? ხომ არ იყო განსაკუთრებული მომენტი? ინვენტარი, ორგანიზებული ჯგუფები? იარაღი გავიგეთ, რომ არ იყო და ვერ იქნებოდა.
როგორც პროკურორმა, მეც ასე აღვიქვი, რომ თქვით, ეს იყო ჩვეულებრივი აქცია თავისი შეხლა-შემოხლებით“,- განაცხადა ზოდელავამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

