ორშაბათი, მარტი 23, 2026

მსოფლიო პატრიარქი – გამხნევდით, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია

ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით ილია მეორის რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.

ბართლომეოს პირველის თქმით, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, რომ მკვდარი ცოცხალია, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ.

„ვინახავთ კეთილ მოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს სასიამოვნო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას, მართლმადიდებელ მწყემსმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელთაც ჩვენ სათანადო წესით პერიოდულად ვიწვევდით, განსაკუთრებით კი 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა. ისევე როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები, მისი უღრმესი პატივისცემა  მსოფლიოს საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი, მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული სრულად იქნა დაფასებული.  მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არცთუ შორს მიმდინარე მრავალი ცრემლის მომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა, ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება, ჩვენი ფრიად საყვარელი, პატივცემული ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე.

გამხნევდით, ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ, იგი ცოცხლობს იქ, სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილონნი და ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ესე იგი, ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის საპატივცემულოდ თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად,  მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასიათას მოწამესთან ერთად. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. და გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენ შორის იყო და აქვს მას კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე, თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას, გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხნიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე, ქრისტე აღდგა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.

მისივე განცხადებით, ილია მეორე ღმერთმა ღირსყო, გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში.

„ღმერთმა ილია მეორე ღირსი გახადა, რომ 1990 წლის 4 მარტს ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქის, დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსგან, წმინდა კანონებიდან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიეღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. ასევე, იმავე თვისა და წლის 30 რიცხვში ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში მწყემსმთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს თანაბრად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩვენ მიერ, როგორ იმჟამად ქალკედონიის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა, ხელმოწერით დავადასტურე ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი. ასევე, ილია მეორე ღმერთმა ღირსყო, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვა-მღელვარებების გარეშე და საძირკვლიდან აღედგინა იგი, სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება; ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი ურთიერთობები და დიალოგები; განხეთქილებისთვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა; შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნული ცხოვრების ჯგუფებს შორის ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომლებშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა. ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოვლისმპყრობელი უფლის სულით. ზაქარია წინასწარმეტყველი, მეოთხე თავის მეექვსე მუხლი, რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას კრძალულებით, თავმდაბალი სულითა და მადლიერებით. ამის გამო ღირსეულად, დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი, კეთილი მწყემსი, რომელიც თავგანწირვით იღვწოდა თავისი სამწყსოსთვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე, როგორც მცირედით მცირედ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან. ღირსია მუშაკი, რომ მას პატივი მიეგოს“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე ნიკოლოზი:მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ...

"მე ისევ იმ სიტყვებს დავუბრუნდები - "მე ბოლო პატრიარქი ვარო", რომ თქვა, რა შეიძლებოდა ეგულისხმა - ისევ სახარებიდან უნდა გითხრათ: როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა და ამაღლდა ზეცად, სახარებიდან როგორც ვიცით, შემდეგ როცა მოციქულები იკრიბებოდნენ, ერთ ადგილს სუფრაზე ერთ ადგილს ტოვებდნენ, თეფშს დებდნენ და მაცხოვარი ნამდვილად იქ იყო. შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება რომ იყო, ღვთისმშობლისთვისაც ტოვებდნენ ერთ თეფშს.მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ მას, მათ შორის სინოდის სხდომაზე. უნდა იგულისხმებოდეს, რომ მას პატრიარქი ესწრება. დანარჩენი, ვინ წარმართავს ამას, ვფიქრობ, ჩვენი ძმური სიყვარულით, ერთმანეთს შევთავაზებთ ამას და ჩვენი ძმური სიყვარულით მხარს დავუჭერთ. ასე მგონია, რომ ჩვენ ყველანი ვეცდებით, ასე ვხედავ ამას მე დღეს, რომ ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ეკლესიის ცხოვრებას ისე, რომ პატრიარქი იგულისხმებოდეს. გაუჭირდება თუ ამპარტავნებით მოინდომებს. წარმოუდგენელია. თუ თავმდაბალი იქნება ეს ადამიანი, ვისაც ჩვენ გამოვარჩევთჩვენ მიგვაჩვია პატრიარქმა, ბოლო წლებია ის ფაქტობრივად ყველაფერს იგებდა, ვეკითხებოდით და მისი ერთი კი და ერთი არა წყვეტდა ყველაფერს. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ეკლესია, ასეთი ერთსულოვანი წმინდა სინოდი. ჩვენ ბევრჯერ ცხარე კამათი გვქონია, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთხმად. ასეთი ერთსულოვანი თუ იქნება წმინდა სინოდი, მაშინ... მე მჯერა, რომ იქნება" -თქვა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბრისას.

ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს

სიონის საპატრიარქო ტაძარი, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უწმინდესის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგონ მას.სიონში მოქალაქეების ნაკადი ამ დროისთვისაც არ წყდება.საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს დაკრძალეს.უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.

ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს-ღმერთო მაღალო!!! ხვალ დილიდან ახალ ცხოვრებას იწყებს ჩემი პატარა სამშობლო

,,ღმერთო მაღალო!!! ხვალ დილიდან ახალ ცხოვრებას იწყებს ჩემი პატარა სამშობლო. გთხოვ შეგვეწიო, მოგვცე ძალა შევიცვალოთ, ცოტათი მაინც დავემსგავსოთ იმ ქვეყანას როგორზეც ჩვენი საყვარელი პატრიარქი ოცნებობდა. მოგვეცი ძალა, წესიერი, თავდადებული შრომისთვის, ეთმანეთის სიყვარულისთვის, დანდობისთვის და გაძლიერებისთვის. მოგვეცი ძალა სიყვარულის, ერთმანეთის უსაშველოდ შეყვარებისთვის. გვაკმარე ტკივილი და სიხარული მოგვეცი ქართველებს. ამინ!''-წერს ზურა შევარდნაძე.

ნუნუკა თამაზაშვილი: დიდი გულისტკივილით, სიყვარულითა და მადლიერებით ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ პატრიარქს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს სამგლივიარო პროცესიას სამების ტაძარში უფროს ვაჟთან, ნიკოლოზ ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო დაპოსტი გამოაქვეყნა.”გვიყვარხარ პატრიარქო❤️🥹 დიდი გულისტკივილით, სიყვარულითა და მადლიერებით ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ პატრიარქს❤️🥹” – წერს თამაზაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილი – დღეს ყველამ დაინახა შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება, ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ...

დღეს აქ, ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი აღორძინების, ერის სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლოა, საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის უკვდავი სულის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ილია II-მ ასწავლა ქართველებს, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.„დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“. თქვენო უწმინდესობავ, თქვენმა მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა. სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოების მადლს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო და კვლავ არის ერის გამაერთიანებელი.„განუზომელია თქვენი ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. თქვენ დაგვაბრუნეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნეთ, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა. თქვენ იყავით და კვალავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა. „პატრიარქის საქართველო“ – ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში. თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება – სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს. თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები