სამშაბათი, ივლისი 8, 2025

მოყვარულმა ასტრონომმა აფეთქებული ვარსკვლავის უიშვიათესი ფოტო შემთხვევით გადაიღო

კოსმოსისთვის გადაღებულ ყოველ ფოტოზე რაღაც ახლის დანახვა ყოველთვის შეიძლება- ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ამის შესამჩნევად სულაც არ არის აუცილებელი, მეცნიერი იყოთ.

პირველად ისტორიაში, მოყვარული ასტრონომის მიერ გადაღებულ ფოტოზე აფეთქებული ვარსკვლავი, ანუ სუპერნოვა მოხვდა. ფოტოგრაფი ამ დროს თავის ახალ კამერას ტესტავდა.

არგენტინის ქალაქ როსარიოში მცხოვრები ვიქტორ ბუსო პირველი ადამიანია, რომელმაც აფეთქებული ვარსკვლავის შოკური გასკდომის წინა და შემდეგი ოპტიკური (ხილული) სინათლე გადაიღო.

ეს გახლავთ წერტილი, როცა ვარსკვლავი ფეთქდება — მნათობის ბირთვიდან წამოსული ზებგერითი შოკური ტალღა არღვევს ვარსკვლავის ზედაპირს, რაც იქ არსებული გაზის ძალიან სწრაფ გაცხელებას და აკაშკაშებას იწვევს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის სუპერნოვადან წამოსული სინათლის პირველი ამოფრქვევა.

ამ მოვლენის გადაღება უკიდურესად რთულია, რადგან სუპერნოვას აფეთქების ზუსტი დროის პროგნოზირება შეუძლებელია და შოკური რღვევაც ძალიან ცოტა ხანს გრძელდება.
ამ ფენომენზე ასტრონომები უკვე წლებია ნადირობენ.

„ეს კოსმოსური ლატარიის მოგების მსგავსია“, — ამბობს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ალექს ფილიპენკო, რომლის ჯგუფიც ამ სუპერნოვას აფეთქების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იკვლევდა.

არგენტინელ ვიქტორ ბუსოს აშკარად გაუმართლა.

2016 წლის 20 სექტემბერს, იგი 40-სანტიმეტრიან ტელესკოპზე მიმაგრებულ თავის ახალ კამერას ტესტავდა.

ამისათვის, კამერა ჩვენგან 80 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მოქანდაკის თანავარსკვლავედში მდებარე სპირალურ გალაქტიკა NGC 613-ისკენ მიმართა, რომელიც მშვენიერი სამიზნე იყო, რადგან მდებარეობდა ზუსტად მის თავზე.

დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში, გალაქტიკას ის ფოტოებს 20-წამიანი დაყოვნებით უღებდა. პირველი 20 წუთის განმავლობაში გადაღებული ყველა ფოტო ერთნაირი იყო.
მაგრამ ამის შემდეგ, ბუსომ რაღაც შენიშნა — გალაქტიკის ერთ-ერთი სპირალური მკლავის დაბოლოებასთან, კაშკაშა წერტილი გამოჩნდა.

ასტრონომების ხელში ფოტო საკმაოდ გვიან აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ ბუსოს რაღაც განსაცვიფრებელი ჰქონდა გადაღებული.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი აღმოჩენის შანსი 10 ან 100 მილიონში ერთია.

„ბუსოს მონაცემები განსაკუთრებულია. ეს გახლავთ მოყვარულ და პროფესიონალ ასტრონომთა პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი“, — ამბობს ფილიპენკო.

სუპერნოვაზე დაკვირვებებისათვის მკვლევართა ჯგუფმა ჰავაიზე მდებარე ლიკისა და კეკის ობსერვატორიებს მიმართა. დაკვირვებები ბუსოს აღმოჩენიდან 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა. სუპერნოვას SN 2016gkg უწოდეს.

როგორც სპექტრული მონაცემებიდან გაირკვა, ის IIb-ტიპის სუპერნოვაა — მასიური ვარსკვლავი, რომელსაც აფეთქებამდე უკვე დაკარგული აქვს საკუთარი მასის უდიდესი ნაწილი.

ჯგუფის გათვლებით, თავდაპირველად, SN 2016gkg-ის მასა ჩვენი მზის მასას 20-ჯერ აღემატებოდა, მაგრან თანდათან დაკარგა სამი-მეოთხედი, რომელიც სავარაუდოდ, კომპანიონმა ვარსკვლავმა წაართვა.

სუპერნოვად აფეთქების მომენტში, მისი მასა მზისაც მხოლოდ 5-ჯერ აღემატებოდა.

ხანგრძლივი ვიზუალური მონაცემები ასტრონომებს დაეხმარება, მეტი ინფორმაცია შეაგროვონ ვარსკვლავის უშუალოდ აფეთქებისწინა სტრუქტურისა და თავად აფეთქების შესახებ.

„პროფესიონალი ასტრონომები ამ მოვლენას დიდი ხანი ამაოდ ვეძებდით. ვარსკვლავების აფეთქების საწყის მომენტებზე დაკვირვება გვაძლევს ინფორმაციას, რომლის მიღებაც სხვა გზით შეუძლებელია“, — აღნიშნავს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ალექს ფილიპენკო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად, მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერსდეს ყველა დეტალით.„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე, სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უაზრობაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ესაუბრება უკრაინაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპმა აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.„მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. ახლა ამის თქმა შემიძლია, რადგან ის კლავს ძალიან ბევრ ჯარისკაცს, თავის ჯარისკაცებსაც და სხვებსაც. ახლა ეს რიცხვი კვირაში 7 000-მდეა და მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე. სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უაზრობაა“, – განაცხადა ტრამპმა.რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება.„დიახ, მე განვიხილავ. ვხედავ, რომ სენატი იღებს და დაამტკიცებს ძალიან, ძალიან მკაცრ სანქციებს. ეს არის არჩევითი კანონპროექტი და მე ამას ძალიან მკაცრად ვუყურებ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს უგზავნის.„ჩვენ გვსურს თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რადგან პუტინი არ ექცევა ადამიანებს სწორად. ამიტომ, ჩვენ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს ვუგზავნით და მე ეს დავამტკიცე“, – განაცხადა ტრამპმა.

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა, დაიხურა მარსელის აეროპორტი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა.„ბიბისის“ ცნობით, ცეცხლი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება ქალაქის შემოგარენს მიუახლოვდა.მანამდე, ხანძრის გამო დახურეს მარსელის აეროპორტი.ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასშტაბური ხანძრების გამო, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მძვინვარებს, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.საფრანგეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ხაზებთან ახლოს გაჩენილი ხანძრების გამო მარსელიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა მატარებელმა შეიძლება ოთხი საათი დაიგვიანოს.მარსელის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.ადგილობრივებმა ფრანგულ მედიას უთხრეს, რომ მოქალაქეების ნაწილი ქალაქის დატოვებას ცდილობს და ამიტომ, გზებზე დიდი საცობებია.ფრანგული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარსელის ჩრდილოეთ ნაწილში მთებში ძლიერი ხანძარია.ფრანგული მედიის ცნობით, მარსელსა და ახლომდებარე რეგიონებში 19 მაისის შემდეგ არ უწვიმია.

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათვისუფლეს

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.მანამდე, სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა.„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში.  სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე  სტუმრად იმყოფებოდა ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი დაასახელა

ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო მებრძოლად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი დაასახელა.ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა შერეული ორთაბრძოლების 13 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოს გამოვლენა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ღონისძიებად UFC 317 დასახელდა, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.„მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ ლიდერობა გაინაწილეს, თუმცა მცირე უპირატესობა მერაბ დვალიშვილს მივანიჭეთ. ორივე ქართველია და ერთმანეთისთვის ახლო მეგობრები არიან.მერაბ დვალიშვილმა გასულ ექვს თვეში თავისი ტიტული ორჯერ დაიცვა, მაშინ, როცა ილია თოფურიამ ერთი შეხვედრა ჩაატარა. დვალიშვილმა იანვარში, UFC 311-ზე, უმარ ნურმაგომედოვს პროფესიული კარიერის განმავლობაში პირველი მარცხი გაუფორმა — რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა.ამ წარმატებას მოჰყვა მისი დამაჯერებელი გამარჯვება შონ ო’მალისთან შეხვედრაში, რომელიც ივნისში, UFC 316-ის ფარგლებში შედგა. ამ შედეგებით დვალიშვილი ESPN-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზე გადავიდა.ამჟამად ქართველი ტიტულის მორიგი დაცვის თარიღს ელოდება — მისი მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. თოფურიას კი, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა არ მოუწევს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დეკემბერში კვლავ ამავე დებატს დავუბრუნდებით — ვინ იქნება წლის საუკეთესო მებრძოლი“, – წერს გამოცემა.

ბოლო სიახლეები