სამშაბათი, მაისი 20, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება – ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის

“პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალ პაპთან, ლეო მე-14-სთან შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენ გვქონდა უშუალო საუბარი, მივულოცე, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, პატრიარქის მოლოცვა გადავეცი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი მისი საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება, ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. დღეს ჩვენ ბრძოლა გვიწევს ჩვენი იდენტობისთვის, ღირსებისთვის, სარწმუნოებისთვის და ეს ის თემებია, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის, ადამიანის ღირსება, ყველასთვის მნიშვნელოვანია. პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება,” – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი მამაცაშვილი “ნაცმოძრაობის” რეჟიმზე: 2003 წლის 23 ნოემბრის მერე დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ან ვიღაცა ცოლ-შვილის წინაშე არ დაემცირებინათ, ან მეზობლების წინაშე არ...

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები."მე არ ვამბობ, რომ ის რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა ჭიპია დედამიწის და რაღაცა ახალი აღმოჩენაა და ყველაზე უარესია თუკი რამე მსოფლიო ისტორიაში მომხდარა, მაგრამ სათქმელად ადვილია, იცი რა ამაზე უარესებიც გვინახავს. კი ამაზე უარესი მინახავს მე პირადად 2007 წლის 20 მაისს, როდესაც 5 წუთით გამომცემლობიდან ფეხით გავიქეცი შანიძის ქუჩის კუთხეში, სადაც 5 წუთის გარდაცვლილი, მიწაზე ეგდო აკადემიკოსი გურამ შარაძე, როდესაც დღევანდელ დღეს გურამ შარაძე მოკლეს, დახვრიტეს, სწორედ იმიტომ, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო "მამული, ენა, სარწმუნოება". დიახ ამაზე უარესი იყო, რაც თუნდაც გიორგი აბდალაძემ მოყვა და ირაკლი გედენიძემ მოყვა. ამაზე უარესები იყო, რაც თუნდაც სულხან მოლაშვილის მამამ მოყვა. მე ცოცხალი ვარ და მაპატიეთ თუ, მარკ ტვენის სიტყვებით ვიტყვი "მომიტევეთ, რომ ზედმეტი აღმოჩნდა ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ", ცოცხალი ვარ, კი და ჩემზე უარესები ხდებოდა და ბექაზე უარესები ხდებოდა. 2003 წლის 23 ნოემბრის მერე დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ან ვიღაცა ოჯახიდან არ გამოეგდოთ, ცოლ-შვილის წინაშე არ დაემცირებინათ, მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ, არ მოეკლათ. ციხეში რა ნაკლები ხდებოდა? კი მადლობა სააკაშვილს და მერაბიშვილს, ციხეში არ ჩამსვეს და შორიდან მივლიდნენ მეც და ჩემს მეგობრებსაც. ამ ჩემი განწყობით პასუხს ვცემ ყველამ იმ არამკითხეს, რომელიც თუნდაც გაიფიქრებს, რომ ამაზე უარესებიც ხდებოდა. რა თქმა უნდა ამაზე უარესებიც ხდებოდა და ეს არის სწორედ ამ ქვეყნის უბედურება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები და ნამდვილად ამაზე უარესები ხდებოდა“, - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

გაერო-ში აცხადებენ, რომ მომდევნო 48 საათში ღაზაში შესაძლოა, 14 000 ბავშვი დაიღუპოს, თუ ჰუმანიტარული დახმარება მათთან ვერ მიაღწევს

გაერო-ს ინფორმაციით, მომდევნო 48 საათში ღაზაში შესაძლოა, 14 000 ბავშვი დაიღუპოს, თუ ჰუმანიტარული დახმარება მათთან ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ტომ ფლეტჩერმა განაცხადა.ფლეტჩერი იმედოვნებს, რომ დღეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 100 სატვირთო ავტომობილი შევა.„მსურს, მომდევნო 48 საათში, სულ მცირე 14 000 ბავშვი გადავარჩინო. ჩვენ გვჭირდება, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად შეედინებოდეს“, – თქვა ფლეტჩერმა.​მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების ეს რაოდენობა, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებათ შემაძრწუნებელია.„ბიბისიმ“ გაერო-ს წარმომადგენელს ჰკითხა, როგორ შეძლეს იმის დადგენა, თუ რამდენი ბავშვი შეიძლება, დაიღუპოს მომდევნო 48 საათში, რაზეც მან უპასუხა, რომ ადგილზე ძლიერი გუნდი ჰყავთ.„ჩვენ ხელს შეგვიშლიან და მოგვიწევს მაღალი რისკის ქვეშ მუშაობა, მაგრამ ვერ ვხედავ იმაზე უკეთესს იდეას, ვიდრე ბავშვებისთვის საკვების მიწოდებაა“, – განაცხადა ფლეტჩერმა.

ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე-ცხადი გახდა, რომ ეს ღამე დაძაბული იქნებოდა. მე და გიორგი მამაცაშვილი იმდენად მშვიდობიანად მივდიოდით, ვერც წარმოგვედგინა, რომ ჩვენს...

„ამბავი გავრცელდა, რომ კოლმეურნეობის მოედნის მხრიდან ამოდიოდნენ სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები. მე პირადად ჩავედი კოლმეურნეობის მოედანზე და საკუთარი თვალით ვნახე ავტობუსების კოლონა, რომელიც მოდიოდა და ბანაკდებოდა მიმდებარე ტერიტორიებზე. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს ღამე იქნებოდა დაძაბული“- განაცხადა ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენებზე საუბრობს.როგორც ბექა სივსივაძე იხსენებს, სპეცრაზმს გიორგი მამაცაშვილმა გამაფრთხილებლად უთხრა „ჟურნალისტები ვართო“ და პრეს ბარათი ასწია, რა დროსაც ერთ-ერთი პირველი რეზინის ტყვია გიორგის კიდურებში მოხვდა. მისი თქმით, დაახლოებით 40-მდე ტყვია მოგვხვდა მას და გიორგის.ასევე, იხსენებს, როგორც ჩაარტყეს ხელკეტი სპეცრაზმელებმა, რა დროსაც გაითიშა და როდესაც თვალი გაახილა წყლის გუბეში ჰქონდა თავი ჩარგული და ხელები პლასტმასის ხელბორკილით შეკრული.„აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. გახდა თუ არა 12 საათი, ისეთი პროცესები განვითარდა, რაც მხოლოდ საშინელებათა ფილმში შესაძლოა ნახოს ადამიანმა. პარლამენტის ორივე მხრიდან ჩამომავალმა სპეცრაზმმა გახსნა ცეცხლი. ეს იყო წყლის ჭავლი, ყუმბარები, რომელიც ეცემოდა სცენას და ცხადი გახდა, რომ ეს პროცესი ძალიან დაიძაბებოდა. რაც მე ვნახე, კინოთეატრ რუსთაველთან ჩასასვლელი ჩაკეტილი იყო, სპეცრაზმელები იდგნენ. თავდაპირველად, მე და გიორგიმ ვცადეთ, რომ ამოვსულიყავით თავისუფლების მეტროსთან, კანცელარიისკენ ამომავალ კიბეებზე, მაგრამ იქაც სპეცრაზმელები იყვნენ. ამის შემდეგ მე და გიორგი წავედით თავისუფლების მოედნისკენ და გადავაწყდით, რომ ქვემოთა მხრიდან სპეცრაზმელების დიდი ტალღა ამოდიოდა. მე და გიორგი იმდენად მშვიდობიანად მივდიოდით, ვერც წარმოგვედგინა, რომ რაიმე ექსცესი შესაძლოა ჩვენს მიმართ განხორციელებულიყო. იმდენად მივუახლოვდით სპეცრაზმს, რომ დაახლოებით 2 მეტრის მანძილი იყო ჩვენს შორის და გამაფრთხილებლად გიორგიმ მაინც შესძახა, რომ ბიჭებო, ჟურნალისტები ვართო და პრეს ბარათი ასწია. მათ ხელში მომარჯვებული ჰქონდათ შესაბამისი იარაღი, როგორც გაირკვა რეზინის ტყვიებს ისროდნენ. პირველი ტყვია გიორგის მოხვდა ქვემო კიდურებში, რა დროსაც სიმწრისგან დაბლა დაიხარა. მეც და გიორგისაც დაახლოებით 40-ზე მეტი რეზინის ტყვია გვქონდა მოხვედრილი. ვეცადეთ, სირბილით წამოვსულიყავით თავისუფლების მეტროსკენ. მეტრო გადაკეტილი ჰქონდა პატრულის თანამშრომლებს. ვცდილობდით მათთვის აგვეხსნა, რომ „ვართ ჟურნალისტები და თუ შესაძლებელია ჩვენთვის გამონახეთ ადგილი, რომ გავჩერდეთ“, სწორედ ამ დროს ისინი წამოგვეწივნენ, ვინც ტყვიებით უკვე გადაგვცხრილეს და მე თავში ჩამარტყეს ხელკეტი, რა დროსაც გავითიშე. არ მახსოვს, რამდენი წუთით ვიყავი გონებადაკარგული. როდესაც თვალი გავახილე წყლის გუბეში მქონდა თავი ჩარგული და ხელები მქონდა პლასტმასის ხელბორკილით შეკრული“-განაცხადა ბექა სივსივაძემ.

ვახტანგ ხუზმიაშვილი – გაზეთ „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო, პასუხად გახსნეს ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით

ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ომეგას“ ოფისებში ჩატარებული ჩხრეკისა და ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.„გენერალურ პროკურატურაში ტარდება ბრიფინგი. მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ „ომეგას“ ოფისებში, მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიაში“ აღმოჩენილია სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები, თუმცა კონკრეტული ვიდეომასალა არავის წარმოუდგენია. ამ კომპანიებში ჩხრეკის საფუძველი გახდა მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგას“ ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“, ჩუბინაშვილის 41 ნომერი ამ ჩხრეკაში არსად იყო მითითებული, რაც ნიშნავდა, რომ ფორმალური სახეც არ დაიცვეს, ისე შემოვარდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“. პრაქტიკულად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დარჩენილი არ იყო. შევარდნაძის ხელისუფლება წავიდა, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი იყო, მხარდაჭერასაც ვერ ვიღებდით. ოპოზიცია არ იყო ქვეყანაში, რევოლუციურ ეიფორიაში იყო საზოგადოება და სულ რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. რამდენიმე საათში „იბერიის“ შენობიდან გავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა „ომეგას“ ყველა ოფისში შეიყვანეს შინაგანის ჯარები“, – თქვა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.ხუზმიაშვილმა ასევე გაიხსენა მოვლენები, როცა გაზეთ „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც გაზეთის ნომერი იყო დაბეჭდილი.„დაახლოებით ათ დღეში გაზეთ „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი და ითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო. პასუხი იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთ „ახალი ეპოქის“ თანამშრომლების მისამართით. წინ გადიოდა გაზის მილი და ერთ-ერთი ტყვია იმას მოხვდა. იქ რომ ადამიანი მდგარიყო, თავისუფლად შეიძლებოდა, ტყვია მოხვედროდა“, – განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

ნიკა მელია – დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?

26 მაისი ისტორიული მნიშვნელობის დღეა, რომელსაც ამჟამინდელმა ვითარებამ ახალი და დამატებითი ფუნქცია შესძინა, ჩვენ კი დაგვაკისრა ვალდებულება, ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რადგანაც ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას განვითარებული მსოფლიოსკენ კვლავაც არყევს რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.მელიას თქმით, პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა.„დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა. დადგა დრო, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის. კერძოდ, რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მკაფიოდ. ჩემი პასუხი მათ, ვინც ამ ეტაპზეც, ჯერაც, ამ კითხვაზე პასუხს არ ან ვერ სცემს, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველას გვეყოფა კეთილგონიერება, კეთილსინდისიერებაც და პოლიტიკური ალღოც, ჩემი პასუხი ყველა ასეთ სუბიექტს: მე არასდროს მითქვამს უარი არჩევნებზე, არჩევნები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა და არა, უბრალოდ, თუნდაც ძალიან ცუდი ხარისხით ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ კითხვას პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში, ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე. ეს ბრძოლა მიმდინარეობს, პროტესტი ურყევია, ქვეყანას 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ახლა ეს ხალხი გვთხოვს, სულ მცირე, გვეკითხება, რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით?“ – განაცხადა მელიამ.ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოების კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, რადგან ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს.„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 26 მაისი არ დაემსგავსება 31 მარტს. ძალიან მჯერა, რომ არათავსებადია ერთმანეთთან, იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე უკვე ოთხი თვით ადრე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. აქა-იქ ისმის კითხვა, რა არის ბოიკოტის შემდეგ გეგმა. პასუხი არის, რომ არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით რეჟიმთან პოლიტიკური ართანამშრომლობა არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაძლიერება, გაფართოება არის გეგმა. საზოგადოება, სულ მცირე, იმსახურებს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან ყოველგვარი თავდასხმის გარეშე მკაფიო პასუხს, თუნდაც, გულწრფელად ვთქვათ, დიახაც, გვინდა შესვლა ამ ტიპის არარსებულ არჩევნებში, მაგრამ ესეც პასუხია. ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. 26 მაისს ყველას ვთხოვდი, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეკრება არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული“, – განაცხადა მელიამ.

ბოლო სიახლეები