მგონი, ღიმილის მომგვრელია, რა მიზეზით მოხდა დასანქცირება, არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე რომ ამას სერიოზულად შეხედოს, არ ვიცი, რას შევადარო ის, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ განწყობებს აზიანებდნენ და ამის მიხედვით იქ იქმნებოდა ქაოსი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდოდათ, ამ საკითხს დიდი რეზონანსი ჰქონოდა, მაგრამ საზოგადოება ძალიან მშვიდად შეხვდა.
ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, რეაგირება უნდა იყოს სამართლებრივად დასაბუთებული.
„ერთია, რომ ამას ღიმილით ვხვდებით, მაგრამ, მეორეა, ჩვენ ხომ ვიცით, რატომ აკეთებენ ამას. ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომ ეს ტელევიზიები რადგან საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. თუმცა, „იმედის“ ნაბიჯი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარია, ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მათი შეფასებები. ყველა ვხედავთ, როგორ მუშაობს ჩვენთან მედიასივრცე. „იმედი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, „პოსტივიც“ იკრებს თავის რეიტინგებს და სხვა ტელევიზიებიც. იმ მიზეზით, რომ ასანქცირებ სხვა ქვეყნის მთავრობა საქართველოში მოქმედ მედიაკომპანიებს, ეს არის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ. ჩვენი საზოგადოება იმდენად ინფორმირებულია, არ უკვირს, თუმცა, რეაგირება, პასუხის გაცემა აუცილებელია. ჩვენ ვიცით, რატომ კეთდება ეს, მთავარია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რატომ კეთდება, მომზადებულია ამ ინფორმაციისთვის, ამდაგვარი ნაბიჯებისთვის. იგივე იყო „ბიბისის“ ფილმიც, იგივე დანიშნულება ჰქონდა, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ეს პროცესი მიმდინარეობს, არ უნდა გაგვიკვირდეს.

