ორშაბათი, მარტი 9, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს ხორციელდებოდა ნეგატიური პროცესი, ალბათ დიდი დრო დასჭირდება, რომ ეს გაიწმინდოს, ისე აღდგეს ურთიერთობები, როგორც ჩვენს ორ ქვეყანას შეეფერება

აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა, რომ ჩვენ ღია ვართ, გულწრფელები ვართ, რასაც მანამდე ვიძახდით, ახლაც იმავეს ვიმეორებთ. ჩვენი ქვეყანა ამითაც ვართ გამორჩეული, რომ არ ვართ სხვისი პოზიციების და სხვისი მოლოდინის რეჟიმში, ვინ რას იზამს და ამის მიხედვით ვიყოთ მოტივირებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი გამოწვევები, ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური საკითხები, რაზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ამას აფასებენ სწორედაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოში პოლიტიკური ამინდის შეცვლას ცდილობდა.

„ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს ურთიერთობები სწორედ ამ დიდი ნეგატივის გამო იყო აბსოლუტურად შეცვლილი და დაზიანებული. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება მათი მხრიდან, თორემ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, რაც გვქონდა დამოკიდებულება და ვგრძნობდით კიდეც, რომ ეს არ არის ის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შენი კეთილის მსურველია. ვსაუბრობ წინა ადმინისტრაციაზე, რომელიც ასე უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში, ასე უხეშად ცდილობდა აქ პოლიტიკური ამინდის შეცვლას. ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალმა ადმინისტრაციამ გააუქმა – USAID და NED, რომლებიც პირდაპირ ავნებდნენ, სოროსის ფონდი, რომლისთვისაც პირდაპირ ბრძოლა აქვს გამოცხადებული აშშ-ს პრეზიდენტს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც პირდაპირ მტრობდნენ ჩვენს ხელისუფლებას და ქვეყანას. ამაში ხომ თანხვედრაა, ამას ხომ ვერავინ მოიგონებს. ესენი გადაკეთდნენ ახლა, ეს რადიკალური ფრთა, როგორც აუქნევენ დროშას და ხელს, ისე მოქმედებენ – მაშინ ტრამპი იყო მათი მოწინააღმდეგე და თურმე რუსეთის კაცი, დღეს ტრამპი არის მათი მაშველი და ა.შ. ჩვენ ხომ ასე არ ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იმ ნეგატივის გაანალიზებას და გაწმენდას, რომელიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ დატოვა, დრო სჭირდება, რათა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები.

„მთავარია, გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ, უბრალოდ, როცა ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიყავით ამ საპასუხო რეჟიმში, რაღაცა გვითხრეს და რატომ არ ვაკეთებთ და ა.შ. და ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი, ეს პირიქით იყო, მათ დიდი ნეგატივი დახვდათ, წმენდენ ახლა მთელ ამ ნეგატივს, რომ ჩვენი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ეს პასუხია, რომ მთელ ნეგატიურ პროცესს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ხორციელდებოდა წინა ადმინისტრაციის დროს, თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ალბათ დეტალებში ჩასვლას, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ჩვენი ურთიერთობები, როგორც შეეფერება ორ ქვეყანას, ისე აღდგეს, დაიწყოს ნორმალური ურთიერთობები. დანარჩენი ამის შემდეგია, ვთქვათ, სად შეიძლება თანხვედრა, სად შეიძლება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესის გათვალისწინება და ა.შ. ამ პროცესში ჩვენ საკმაოდ ღია, საკმაოდ მყარად ვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პიტერ სიიარტო – რატომ გადაჰქონდათ უნგრეთის გავლით ნაღდი ფული, რაში დახარჯეს, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული...

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის ტერიტორიაზე „ოსჩადბანკის“ თანამშრომლების მიერ გადატანილი თანხა შესაძლოა, „უკრაინულ სამხედრო მაფიას“ ეკუთვნოდეს.მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, თუ რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და ასევე, რაში დახარჯეს ეს ფული.უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინულ მხარეს სავარაუდოდ არ შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კვლავ გაბრაზდა იმის გამო, რომ უნგრეთში უკრაინული ნაღდი ფულის ტვირთი დავაკავეთ, რომელსაც უკრაინელი დაზვერვის თანამშრომლები ესკორტირებდნენ. თუმცა, არ უნდა გავბრაზდეთ; საბოლოოდ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვებს: რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული? რაში დახარჯეს ეს ფული და ვის ინტერესებში შედიოდა ის? რამდენი დაიხარჯა უნგრეთში და ვის ინტერესებში? უკრაინელებს უკვე სამი დღეა, არ შეუძლიათ ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომ იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული ომის მაფიის ფული იყოს…“, – წერს სიიარტო.ცნობისთვის, უკრაინამ უნგრეთს ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს გადაჰქონდათ ვალუტა და ოქრო. უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ხორციელდებოდა უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით. გავრცელებული ცნობით, ავტომანქანაში იყო 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.

“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე

მომღერალ ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ ტრაგედია დატრიალდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დედა, მუსიკოსი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ანრიმ დედის გარდაცვალების შესახებ პირველად “იმედის კვირაში” ისაუბრა.“ორთვენახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ და უცებ ყველაფერი მოტრიალდა უკუღმა. წავიდა ჩვენგან. ვერ ვიღებ ამ მოცემულობას, არ იყოს რუსიკო ჩვენს გვერდით წარმოუდგენელია.სახლში არის აბსოლიტური სიცარიელე. ხანდახან ვფიქრობ რატო გახდა ასეთი პოპულარობა ჩვენი დედა-შვილობა. ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ფორმა და არ იყო სიყალბე. ეს იყო ქალი რომელიც არასდროს გვზღუდავდა, ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენში ადამიანი აღეზარდა.როცა კონკურსებზე მიწევდა წასვლა, წავიდოდა ისესხებდა პროცენტიან ვალებს მე რომ თვითმფრინავის ბილეთები მეყიდა და მან გააკეთა ყველაფერი ჩემთვის” - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.მუსიკოსმა სიუჟეტში გულახდილად ისაუბრა მის განცდებზე და განაცხადა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ინსტრუმენტთან დაჯდომაც არ შეეძლო.ამის მიუხედავად მან შეძლო და დედის დღეს კონცერტი გამართა, რომელიც დედის რუსუდან ჩხაიძის ხსოვნას მიუძღვნა.

მედიის ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა.მათივე ცნობით, ვიზიტი ისრაელსა და აშშ-ს შორის უთანხმოების ფონზე დაიგეგმა, რადგან გუშინ ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით მოკავშირეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.ამერიკელმა უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გეგმების შესახებ, მაგრამ არ მიუთითა, რომ დარტყმები ასეთი მასშტაბური იქნებოდა.„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეა იყო“, – თქვა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროები ძირითადად სიმბოლურ დარტყმას ელოდნენ და გაკვირვებულები იყვნენ ოპერაციის მასშტაბებით.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა – „ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს, რომ ირანელ კოლეგას მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, ირანის ლიდერთან საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას.„ვესაუბრე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს. ვუთხარი მას, რომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია საფრანგეთის მოქალაქეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის უსაფრთხოება და საფრანგეთში დაბრუნება, რომლებიც ამჟამად საფრანგეთის საელჩოში იმყოფებიან.ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ირანმა ასევე უნდა უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის გაუქმებით.და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებასთან, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მის ყველა საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ამჟამინდელი კრიზისის სათავე გახდა. დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე, ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების მოსაგვარებლად, ესკალაციის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს ემანუელ მაკრონი.

თბილისში, ბინაში 84 წლის ექიმის ჩონჩხი მხოლოდ შვილის მძიმე სენით გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს – მანამდე კი, ქალის საპენსიო ბარათიდან ყოველთვიურად იხსნებოდა პენსიის თანხა

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინაში, თითქმის ორი წლის განმავლობაში უცნაურ საიდუმლოს ინახავდა. 80 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. ვერც მეზობლებმა და ვერც ნათესავებმა გაარკვიეს, თუ სად გაქრა ხანდაზმული ქალბატონი - პროფესიით ექიმი, ნანული ნატროშვილი.გაუჩინარებული ქალის ერთადერთი ვაჟი, ირაკლი თევზაძე მეზობლების ნაწილს არწმუნებდა, რომ დედა კარგად არის და ის ერთ-ერთ რეგიონში ნათესავთან იმყოფებოდა. მეორე ნაწილს კი სხვა ვერსიაც მოუყვა - თითქოს, შეუძლოდ მყოფი დედა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარა.საიდუმლოს ფარდა გასულ კვირას აეხადა - მას შემდეგ, რაც ირაკლი თევზაძე, მძიმე დიაგნოზით, კლინიკაში მოხვდა და მოგვიანებით, პალიატიურ განყოფილებაში გარდაიცვალა. მანამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უახლოეს ნათესავს სახლის გასაღები გადასცა. ბინის დასალაგებლად მისულ ნათესავებს კი ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. საწოლში მათ ორი წლის წინ გაუჩინარებული ნანული ნატროშვილის ცხედარი ნახეს. ზეწრებში გახვეული გვამი თითქმის სრულად ჩონჩხურ მდგომარეობაში იყო. გაირკვა, რომ შვილი დედის გარდაცვალებას თითქმის ორი წლის განმავლობაში მალავდა. "კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, ხანდაზმული ქალის საპენსიო ბარათიდან, გარდაცვალების მიუხედავად, თანხა ყოველთვიურად იხსნებოდა. ეს გარემოება ხსნის, თუ რატომ ცხოვრობდა 50 წლამდე მამაკაცი მთელი ორი წლის განმავლობაში ქალის ცხედართან ერთად და რატომ დამალა მან პენსიონერი დედის გარდაცვალება.კარს მიღმა, ქალის ცხედართან ერთად, სიმართლე ორი წლის განმავლობაში იმალებოდა. ახლა ყველაფერს ნათელი ექსპერტიზის დასკვნამ უნდა მოჰფინოს. სწორედ ექსპერტებმა უნდა უპასუხონ კითხვას - ხანდაზმული ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ძალადობრივი ქმედების შედეგად.დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე "კურიერი P.S-თან" ამბობს, რომ ორი წლის შემდეგ, ხანდაზმული ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ცნობილია, რომ თავად მამაკაცი პალიატიურ განყოფილებაში მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს კითხვა — შეეძლო თუ არა დაავადების პროვოცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვამის დაშლის შედეგად გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებს.სახლი, რომელიც თითქმის ორი წელი უცნაურ საიდუმლოს ინახავდა, ახლა დალუქულია. გარდაცვლილი ქალის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადგინდება, თუ რა გახდა 84 წლის ნანული ნატროშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

ბოლო სიახლეები