სამშაბათი, მარტი 24, 2026

მიხეილ ქარელი – სააკაშვილმა ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დავიჭირე, გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება, ჯერ ორთაჭალის ციხეში მცემეს, შემდეგ კი წყლით სავსე ოთახში ოთხი დღით დამტოვეს

მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში იმდენად ხიბლში შევიდა, არანაირი განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეეძლო, იმდენად აღიზიანებდა, რომ მდგომარეობიდან გამოდიოდა, ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მიმდინარე სხდომაზე 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა განაცხადა.

მიხეილ ქარელმა გაიხსენა, რომ იმ დროს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა კი ის დაიბარა, დახია განცხადება და თქვა, რომ თუ კიდევ გაბედავდა მსგავსი რამის დაწერას, „თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა“.

„ადამიანისთვის სულაც არ არის საჭირო უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი. მართლაც ფსიქიკურად ავადმყოფია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაშინ  თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. დამიბარა, დახია განცხადება, გაგიჟებულმა მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და, თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ოქრუაშივილისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვხდებოდით ციხეში. მისი ქმედება ჩემთვის უკვე მიუღებელი იყო, ამის თმენის ვალდებულებაც, ფაქტობრივად, აღარ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რა ელოდა ჩემს ოჯახს, ჩემს საახლობლოს“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დაიჭირა.

„ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დავიჭირე, საპროტესტო მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ, მერე, ბეტონის რაღაც ოთახი იყო წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ოთხი დღის განმავლობაში. ითხოვდნენ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამას რომ ვერ იღებდნენ, უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ ოქრუაშვილიც დააპატიმრეს, გახსოვთ მისი ჩვენებაც. მერე, ჩემგან რომ ვერ მიიღო ის, რაც სურდა, მთელი ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე, მოხუც მშობლებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა. ცალკე თემაა, სამართლებრივად ეს როგორ შეფუთა, ისევე, როგორც ჩემი დედმამიშვილების – სამსახურიდან ყველა გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ თითქოს მე დავასაქმე. არადა, იმ დროს მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემმა დებმა, დედამ მუშაობა დაიწყეს. იყო ყოველდღიური გაგზავნები, რომ სახლიდან აძევებდნენ ჩემს მშობლებს და, ფაქტობრივად, ეს ვერ მოახერხეს, რადგან სოფელი, სამეზობლო უპირისპირდებოდა. საბოლოოდ კი, ამ ომის დროს, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ, ჩვენი სახლი დაწვეს და გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი იყო, დღესაც საშიშად მიმაჩნია“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დანიის გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნები ომისთვის ჯერ სრულად არ არიან მზად – „ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, გვჭირდება, რომ მოწინააღმდეგეზე უკეთ ვიყოთ...

დანიის გენერალური შტაბის უფროსი მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდი მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები ჯერ სრულად არ არიან მზად ომისთვის. ამის შესახებ მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდმა პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე განაცხადა.ჰილდგაარდმა გააფრთხილა ქვეყნები, რომ რუსეთმა შესაძლოა, შეუტიოს ნატო-ს ტერიტორიას ამ ათწლეულის ბოლომდე.„ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, გადავიდეთ ანალიზიდან მოქმედებაზე. ჩვენ არ გვჭირდება სრულყოფილი მზადყოფნა, გვჭირდება, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებული, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე“, – განაცხადა მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდმა.დანიის გენერალური შტაბის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში თუ სურთ, 2030 წლამდე თავდაცვის უნარი ჰქონდეთ, ამისთვის ახლავე უნდა დაიწყონ სამზადისი.„მაღალი ინტენსივობის ომი, სცენარი კი არა რეალობაა. დაკარგულ დროს ვერაფერი ანაცვლებს, გასული დრო სამუდამოდ არის დაკარგული“, – აღნიშნა დანიის გენერალური შტაბის უფროსმა.

მედია – რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუსეთში „დოჟდის“ ჟურნალისტს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია ავრცელებს.კერძოდ, მოსკოვის ტაგანის საოლქო სასამართლომ “დოჟდის” ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა “ომის ფეიკების” გავრცელებისთვის.აღნიშნულია, რომ რუსეთში ეს პირველი ცნობილი საქმეა, როდესაც ბრალდება ეფუძნება არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კრიტიკას, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.ცნობისთვის, კიჩიგინამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ე.წ. სთორიზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დაწერა:“დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. შვიდიდან რვა აგვისტომდე, ღამე რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ ქვეყანაში და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”.თავად კიჩიგინას თქმით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესახებ პოსტი უბრალოდ საბაბი იყო და მას რეალურად ე.წ. “ბაიმაკსკის საქმის” გაშუქებისთვის დევნიან.

ისრაელის მედია – აბას არაღჩიმ სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ისრაელის მედია მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.Ynet-ის ინფორმაციით, უიტკოფისა და არაღჩის საუბარი 19 მარტს გაიმართა.ამასთან, ისრაელი ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი კონტაქტების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.გამოცემის წყაროს თქმით, არაღჩისთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-ისთვის ეჩვენებინა, როგორ არის მოწყობილი ძალაუფლება ირანში და ამერიკელებს სცოდნოდათ, რომ თავად არაღჩიც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია.საუბრის დროს არაღჩიმ განაცხადა, რომ ხამენეი მზად არის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის, თუმცა მხოლოდ თეირანის პირობების შესრულების შემთხვევაში.Ynet-ი აღნიშნავს, რომ საუბარია დაახლოებით ისეთსავე პირობებზე, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ჟენევაში ომამდე გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა.კერძოდ, ირანი მზად არის, განიხილოს გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა, თუმცა არ არის მზად, სრულად თქვას უარი ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკურ რაკეტებზე.ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებზე 23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. მან მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა. ამის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა პენტაგონს დაავალა, ხუთი დღით გადაედო ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები.ირანი უარყოფს, რომ აშშ-თან რაიმე მოლაპარაკებებს მართავდა.გამოცემა „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლების როლს თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი ასრულებდნენ. ორი დღის განმავლობაში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალ-ცალკე გამართეს შეხვედრები როგორც ამერიკულ, ისე ირანულ მხარესთან.

უკრაინული მედია – რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი აცხადებს, რომ რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს.უკრაინული მედიის თქმით, მოსკოვის ეს გეგმა თუ განხორციელდება, მაშინ ეს რუსეთის დრონების მართვის დიაპაზონს მნიშვნელოვნად გაზრდის.უკრაინელი ომის ექსპერტი და ყოფილი მაიორი ალექსეი გეტმანი აცხადებს, რომ თანამგზავრული კომუნიკაციის გარეშე ოპერატორს არ შეუძლია დრონის ეფექტურად მართვა დიდ მანძილზე და თუ რუსეთი ასეთ ანტენებს ბელარუსში განათავსებს, ის დრონების მართვის ზონას მნიშვნელოვნად გაზრდის.ექსპერტის თქმით, ბელარუსში ასეთი სისტემების განთავსება კიევისა და სასაზღვრო რეგიონებისთვის დამატებით რისკებს ქმნის, რადგან ეს რუსული ძალებისთვის დრონების დამიზნებას ამარტივებს.უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში დრონების მართვის, სულ მცირე, ოთხ შორ მანძილზე მოქმედი სადგურის განთავსებას განიხილავს.

გია ვოლსკი – სამძიმარზე ელჩების მოსვლამ, შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა

დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუსს უწოდებდნენ იმის გამო, რომ ისეთ დაპირისპირებაში არ შედის, რომელიც ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ეს ტრენდია, რომელსაც ევროპელი ლიდერები ვერ დაუპირისპირდნენ და გაურკვევლობაშიც ჩავარდნენ.„ევროპელი ელჩები დაკრძალვის დღეს იყვნენ და სამძიმარიც გამოხატეს. მახინჯი ტრენდი ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოსდა პრორუსულია. ეკლესია კი, რომელიც მას მხარს უჭერს, შერაცხული იყო პრორუსულ რაღაც სტრუქტურად. ის დამოკიდებულებაც აქედან გამომდინარეობს, რაც ვიხილეთ. ელჩებს მადლობა, რომ ქართულ ეკლესიას და პატრიარქს პატივი მიაგეს, მაგრამ განცხადებების არგაკეთება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუბიოს მხრიდან გავიგეთ, იმის გამოხატულებაა, რომ პოლიტიკური რაკურსით განიხილავენ ეკლესიას და ყურადღებას არ აქცევენ რეალური დამოკიდებულების გამოხატულებას, რისი დემონსტრირებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახდინა. გარკვეული ტრენდი შექმნეს და ამას საზოგადოების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. ამ გაურკვევლობამ პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა და ეცადნენ, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა ამ პოლიტიკური ტრენდით გადაეფარათ. მათი დუმილი არანაირ მხარდაჭერას და სიმპათიას არ გამოხატავდა, რაც საქართველოს თავს დაატყდა. ეს ყველაფერი სამწუხაროა, მაგრამ სამძიმარზე მათი ელჩების მოსვლამ, შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები