ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სამი 12-სართულიანი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მოწყობილია გარე ინფრასტრუქტურა, სკვერი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სადაც სრულად გარემონტებულ ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო აგრძელებს დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას და მათთვის ბინების გადაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში მშენებლობები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს თბილისში, ბორჯომში, რუსთავსა და ზუგდიდში.
ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს, მინისტრთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე გაეცნო.
კომპლექსის მშენებლობა და კეთილმოწყობა კომპანია „ანაგმა“ განახორციელა
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.